(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: უკრაინის ოპოზიციას სააკაშვილის ქვეყანაში ჩასვლა არ აწყობდა!

უკრაინული ოპოზიციისგან მოვისმინე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა უკრაინაში თავად ოპოზიციურ ძალებს არ აწყობდათ“, – ამის შესახებ მოძრაობა „თეთრების“ ლიდერმა „რეპორტიორის“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილისპერსონა ნონ-გრატად გამოცხადება უკრაინულ ოპოზიციას არც კი გაუპროტესტებია. შაშიაშვილმა უკრაინაში ყოფნის დროს, ოპოზიციის ლიდერებთან პირად საუბრებზეც გააკეთა განცხადება.
„დაახლოებით 10 დღის განმვალობაში ვაკვირდებოდი პროცესებს უკრაინაში. ქვეყანაში უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე იქ წარმოუდგენიათ. მე ვნახე იქ ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, რომლებიც პირად საუბარში ამბობდნენ – ხალხო ჩამოდით და ნახეთ, რა მოგვცა ჩვენ ევროკავშირმაო. ისინი უკრაინას ეუბნებიან – წადით უკრაინული გზით. ჩვენ გვეუბნებოდნენ, წადით თქვენი გზით, ნუ ეძებთ გადარჩენის გზებს ნურც ნატოში და ნურც ევროკავშირშიო. მშიშარა ხელისუფალნიმიდიან ვიღაცასთან მიკედლების გზით. იანუკოვიჩის მიმართ სიმპათიით განწობილი არ ვარ. მე მგონია, რომ ის ხალხი იქ კორუფციის გამო დგას. პირად საუბრებში ამბობენ, რომ ჩვენ არავინ გვინდა, რომ უკრაინა ძლიერი ქვეყანაა, ჩვენ მარტო უნდა ვიყოთ. მათ არ მოსწონთ იანუკოვიჩის მართვის სისტემა და მართლებიც არიან“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
მოძრაობა „თეთრების“ ლიდერის განცხადებით, უკრაინას და საქართველოს საკუთარი გზა აქვთ ასარჩევი.
„როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს ღუპავს ფული, რომელიც შემოდის გარედან. ორივე ქვეყნისთვის მიუღებელი უნდა იყოს, როგორც რუსეთის, ასევე ევროკავშირის შეთავაზებები. მე შევხვდი ოპოზიციის ლიდერებს და ვუთხარი – მე ვარ 26 მაისის მონაწილე, არ გამოვალ ტრიბუნით, მაგრამ გეტყვით რომ მონები ხარ, იმართებით და თქვენთვის პოლიტიკური ფული არის უბედურება მეთქი“, – აღნიშნა შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიციის ლიდერები იმის გამო, რომ არცერთმა მათგანმა არ შეახსენა სააკაშვილს 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევა.



