(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მივმართავ – თქვენ ანგრევთ საქართველოს!

„მზად ვარ ფინანსთა მინისტრთან და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან დავჯდე და ვუთხრა მათ, თქვენ ანგრევთ საქართველოს, როცა ფიქრობთ, რომ ბიუჯეტი შეასრულოთ. არ შეიძლება დღეს იმ ბიუჯეტის შესრულება, რომელი ბიუჯეტიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო ბანდიტური ბიუჯეტი, ეს იყო წაგლეჯილი ბიუჯეტი და მოსახლეობიდან ამოღებული ფული. თუ თქვენ ამ გზით მიდიხართ და ამ ბიუჯეტს შეასრულებთ, თქვენ ემსგავსებით მათ. სწორია, რომ დღეს საქართველოში ბიუჯეტი არ შესრულდეს; სწორია, რომ არ გაიზარდოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი და ხალხი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს იყო ქვეყნის არასწორი ეკონომიკურ-ფინანსური მართვა სააკაშვილის დროს და ნუ გვეშინია იმის თქმა, რომ ბიუჯეტი არ შესრულდა. პირიქით, ბიუჯეტის არ შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ ცვლით კურსს და თქვენ მიდიხართ სწორი გზით“, – განაცხადა შაშიაშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პესკონფერენციაზე.
მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი გაუმართლებლად მიიჩნევს სახელმწიფოსა და მეწარმეს შორის არსებულ დღეს არსებულ ურთიერთობას. შაშიაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ბიუჯეტი შესრულდეს, მეწარმის დატერორება ან პირიქით, „ფეხქვეშ გაგება“ არასწორი მიდგომაა.
„დღეს, რასაც ისინი უკეთებენ მეწარმეებს, არის უბედურების გზა. ეგებიან ფეხქვეშ, ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე მოაზროვნეები, ახალი ეკონომიკის მცოდნე მეწარმეები მოვიდნენ. მეწარმეებს ეხვეწებიან, ოღონდ ბიუჯეტი შეგვასრულებინეთო. თუ არადა სხვა ხერხებით ცდილობენ მიზნის მიღწევას. ხმამაღლა ვამბობ, თუ მომავალზე ვფიქრობთ, მასწავლებელს უნდა ვეგებოდეთ ფეხქვეშ, ანუ განათლება უნდა იყოს პირველი და მეწარმეც უნდა გვყავდეს ხელისგულზე. რისკიანი მეწარმე ვერ იქნება ჩვენნაირ ქვეყანაში. ინგრევა ქვეყანა იმის გამო, რომ ვიღაც ამბობს, ბიუჯეტი უნდა შევასრულო, რადაც არ უნდა დამიჯდესო“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა შესრულდეს სწორი საფინანსო ეკონომიკური პრინციპებიდან გამომდინარე.




