(geonews.ge)თეთრები რუსთავი 2-ს პრეზიდენტის, პრემიერისა და პატრიარქის მიმართვების დაბლოკვაში ადანაშაულებს

პარტია თეთრების გენერალური მდივანი ზურაბ ხასია რუსთავი-2 ს მიერ პრეზიდენტის, პრემიერისა და პატრიარქის მიმართვების დაბლოკვაზე განცხადებას ავრცელებს:

 

“1 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ნაცმოძრაობა ვერა და ვერ ეგუება იმ აზრს, რომ ხელისუფლებაში აღარაა და ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა. რუსთავი 2-ის მესვეურებმა, რომლებმაც ხალხისათვის ერთ დროს საყვარელი და პოპულარული ტელეარხი ნაცმოძრაობის რუპორად გადააქციეს, საახალწლო ღამესაც ვერ დაფარეს საქართველოს მოსახლეობისადმი და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისადმი ბოღმა და დაბლოკეს პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვა. და რაც გაცილებით აღმაშფოთებლად მიგვაჩნია საქართველოს სულიერი მამის – პატრიარქის საახალწლო მიმართვა ქვეყნის მოსახლეობისადმი, რომელშიც მან დალოცა თავისი სულიერი შვილები

ვის, თუ არა ქვეყნის და რწმენის მოძულეს, სულიერად დაბრმავებულს შეეძლო აზრად მოსვლოდა ქვეყნის სულიერი მამის, ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს, ქართველთათვის სათაყვანებელი პატრიარქის მიმართვის დაბლოკვა და ამის გამართლება თითქოსდა კომუნისტური გადმონაშთის მიუღებლობით. იქნებ ვინმემ განგვიმარტოს, როდის მერე იქცა სულიერი მოძღვრის მიერ საკუთარი მრევლის დალოცვა კომუნისტურ გადმონაშთად.

ამ საახალწლო გამოხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობა, განსაკუთრებული ძალისხმევით უპირისპირდება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც ქვეყნის მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს. საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ამ ბრძოლაში კი მის ერთგულ საყრდენად დღესაც რჩება ტელეკომპანია რუსთავი-2“, – ნათქვამია პარტია „თეთრების“ გენერალური მდივნის, ზურაბ ხასიას განცხადებაში.

პარტიის გენერალური მდივანი საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ დააფინანსებენ და რეკლამებს ნუ განათავსებენ იმ ტელევიზიაში, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ქვეყნის ისტორიას, რწმენას და საკუთარ ხალხის დემოკრატიულ არჩევანს.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *