მერაბ ჯიბლაძე: “ღია საახალწლო წერილი საქართველოს პრეზიდენტს”

447ღრმადპატივცემულო ბატონო გიორგი,
გულწრფელად გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს საქართველოს ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვყვანის უაღრესად რთულ და უმნიშვნელოვანეს საქმეში.
თქვენთვის კარგადაა ცნობილი ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი განათლების სისტემა, მეცნიერება და კულტურა აღმოჩნდა. წინა ხელისუფლებამ გააუქმა საშუალო სკოლა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. ბატონ შაშკინის განცხადება: `ჩვენ ვაფინანსებთ არა უნივერსიტეტს, არამედ სტუდენტს~, დღესაც მოქმედებს და განათლების აღორძინებაზე საუბარი უკვე ზედმეტია.
სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო ისევ აგრძელებს უმაღლესი სასწავლებლების `ვაოჩერებით~ დაფინანსებას და ამით `შაშკინის გზას~ მისდევს, რაც განათლების სრული განადგურების მიზეზი გახდება.
უმაღლეს სასწავლებლებში ფასიანი სწავლების შემოღება მთავარი მიზეზია განათლების დონის დაცემისა. როდესაც უნივერსიტეტი სტუდენტების `კმაყოფაზეა~, ის მას ისე `უფრთხილდება~, რომ უსწავლელობასაც აპატიებს და გაუნათლებობასაც. ერთადერთი, რასაც უნივერსიტეტი სტუდენტს ვერ პატიობს, ეს სწავლის ფულის გადაუხდელობაა. ამ პირობებში შეუძლებელია ახალგაზრდების რაიმე პროფესიულ დონეზე მომზადებაზე საუბარი.
მე ძალზე კმაყოფილი ვიყავი თქვენთან შეხვედრით წარმავალი წლის დასაწყისში თქვენი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს და თქვენი დაპირებით, რომ სექტემბრიდან შეიცვლებოდა უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დაფინანსების წესი, მოწესრიგდებოდა და გაიზრდებოდა `გრანტული~ დაფინანსება და დიდი ყურადღებით განიხილებოდა სახელმძღვანელოების ხარისხის ამაღლების პრობლემა. შეხვედრის დროს მე გადმოგეცით ფიზიკის სახელმძღვანელოები საშუალო სკოლებისთვის (და არა დაწყებითი განათლების სკოლებისთვის, რომლებიც დღეს გვაქვს `საჯარო სკოლების~ სახით).
თქვენი საქართველოს პრეზიდებტად არჩევის შემდეგ, როგორც ჩანს, სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას ამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან, რაშიც განათლება და მეცნიერება ჩავარდა, გამოსვლის არავითარი სურვილი არ აღმოაჩნდა.
დიდი იმედი მაქვს თქვენი განათლებულობის და განათლების სამინისტროზე დიდი გავლენით, რომ სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას უკუაგდებს და საქართველოს ეროვნული აკადემიის ფუნქციონირების გაზრდაზე იფიქრებს. ამის გარეშე შეუძლებელია საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის პრობლემის გადაწყვეტა, განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში.
მართალია, თქვენი მინისტრობის პერიოდში გარკვეული განათლების სისტემის გაუმჯობესების საკითხებში მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყო, მაგრამ თქვენი წასვლის შემდეგ ეს ძვრები აღარ შეინიშნება. პირიქით, განათლების სამინისტროს სურს დააარსოს სამეცნიერო ცენტრები, სადაც თანამშრომლების 70% უცხოელები უნდა იყოს, ხოლო 65 წლის ზევით ყველა მეცნიერი სამუშაოდან უნდა განთავისუფლდეს. ეს ნამდვილად უდიდესი კატასტროფა იქნება, რადგან ჯერ-ჯერობით სამეცნიერო პოტენციალის უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია თავმოყრილი, ხოლო იმისი იმედი, რონ ამ განვითარებად ქვეყანაში ვინმე, თუნდაც ერთი ნორმალური მეცნიერი იკადრებს ჩამოსვლას, სრულიად წარმოუდგენელია. აქ ჩამოვა ის უბადრუკი `ახალგაზრდა მეცნიერი~, რომელიც თავის ქვეყანაში უმუშევარი დარჩა.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არსებული კანონით პრაქტიკულად გაუქმებულია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და არ არსებობს საშუალო სკოლა. საშუალო სკოლა შეცვალა `საჯარო სკოლამ~ უბადრუკი სასწავლო პროგრამებით და დაუშვებლად დაბალი დონის სახელმძღვანელოებით, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი განათლების დონეს შეესაბამება, მაქსიმუმ 8-კლასიანი განათლებით. სამწუხაროდ, 8-წლიანი სუსტი სასწავლო პროგრამა 12 წლამდეა გადაჭიმული. ამ პროგრამის `დაძლევის~ შემდეგ ახალგაზრდას უფლება არა აქვს უცხოეთის ნორმალური დონის უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა, თუ მან იქ, თუნდაც იმ უნივერსიტეტთან არსებული დამატებით საშუალო სკოლის რომელიმე კოლეჯი არ დაამთავრა.
თავად ამერიკული ორგანიზაცია ღთI-ის განცხადებით, მათ საქართველოში და კამბოჯაში ჩაატარეს განათლების `წარმატებული რეფორმა~ და ვხედავთ, რომ ჩვენი განათლების სისტემაც სწრაფად დავიდა აფრიკის განვითარებადი ქვეყნების განათლების დონეზე.
მართალია, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას არ გვაძლევს, რომ ყველა `საჯარო სკოლა~ კვლავ `საშუალო სკოლა~ გახდეს (ეს არც არის საჭირო), მაგრამ აუცილებელია, რომ დიდ ქალაქებში და რაიონულ ცენტრებში აღსდგეს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო საშუალო სკოლა შესაბამისი სასწავლო პროგრამებით და სახელმძღვანელოებით. რაიონულ ცენტრებში საშუალო სკოლას შესაძლოა ინტერნატის ფორმაც მიეცეს. სწორედ ამ სკოლებში უნდა მოიყაროს თავი ნიჭიერმა ახალგაზრდობამ, სადაც სწავლება იქნება მკაცრი წესებით, მაღალი დონის ყოველწლიური გამოცდებით და მოსწავლეების განთესვით აკადემიური წარმატებების მიხედვით. ამის პარალელურად უნდა შეიქმნასა სხვადასხვა მიმართულების `სახელობო~ სასწავლებლები, სადაც 8-წლიანი `საჯარო სკოლის~ კურსდამთავრებულნი სწავლას გააგრძელებენ 3-4 წლიანი სასწავლო პროგრამებით და გარკვეულ პროფესიას მიიღებენ.
ჩვენ უნდა შევძლოთ სახელმწიფო საშუალო სკოლებში ნიჭიერი ბავშვების მოზიდვა, რათა მივცეთ მათ უცხოეთის მაღალი დონის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. საუბედუროდ, ჩვენს უნივერსიტეტებში მეცნიერს ვეღარ აღვზრდით.
დღეს სრულყოფილი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელიც აღარ არსებობს, რადგან ყველა უნივერსიტეტის დაფინანსება სტუდენტების გადასახადებით ხდება (მათ შორის სახელმწიფო ვაოჩერების გზით, რომელიც მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 4 %-ს შეადგენს). ეს დაფინანსებაც იმდენად მწირია (30-60 მილიონი ლარის ფარგლებში), რომ მაღალი დონის სპეციალისტების აღზრდა შეუძლებელია (საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების ბიუჯეტი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება).
დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას არ იძლევა, რომ ყველა არსებულ უნივერსიტეტს შესაბამისი სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდეს, მაგრამ უნდა გამოიყოს 3-4 უნივერსიტეტი მაინც, რომელიც მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავა. სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსება არ უნდა იყოს დამოკიდებული სტუდენტთა რაოდენობაზე. სტუდენტი არ იხდის გადასახადს, იღებს სტიპენდიას, მაგრამ აკადემიური წარუმატებლობის შემთხვევაში სტოვებს სახელმწიფო სასწავლებელს და ფასიან სასწავლებელში გადადის.
სახელმწიფომ სრულად უნდა დააფინანსოს მხოლოდ ის უნივერსიტეტები და სპეციალობები, რომლებიც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებების, საინჟინრო-ტექნოლოგიური, სამედიცინო და ხელოვნების დარგებში ქვეყნისათვის საჭირო უმაღლესი დონის სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფს. ამდენად, უნდა აღსდგეს ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და ხელოვნების სახელმწიფო აკადემია (კონსერვატორია, სამხატვრო, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტები). დასაშვებია ამ დარგის ფასიანი უნივერსიტეტების არსებობაც, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა განხორციელდეს უმაღალესი დონის სასწავლო პროგრამები მკაცრი სასესიო და სახელმწიფო გამოცდებით, რათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომები მხოლოდ ღირსეულმა, ნიჭიერმა კურსდამთავრებულმა მიიღოს. ფასიანი სექტორის ამ უნივერსიტეტებშიც უნდა დაიშვას ნაკლებად ნიჭიერი სტუდენტებისათვის გამარტივებული სასწავლო პროგრამებით.
ჩვენთან არსებობდა ნიჭიერ მუსიკოსთა ათწლედები და სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების არსებობას. სწორედ ამ ნიჭიერმა ბავშვებმა გაუთქვეს სახელი ჩვენს კონსერვატორიას. დღეს ეს მუსიკოსები მთელს მსოფლიოშია განფენილი და მათი წარმატებებითაც დიდად ვამაყოფთ. თუმცა, ამჟამინდელ საქართველოში მათი დაბრუნება აზრს კარგავს. ასევე უაზროა ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების აქ დაბრუნება, რადგან მათ აქ ნორმალური სამუშაო და ფინანსური პირობები არ დახვდება.
ასევე აზრს კარგავს უცხოეთში მოღვაწე 150-მდე საუკეთესაო ქართველი მეცნიერის დაბრუნება საქართველოში აქ არსებული სამუშაო პირობების გამო.
შეუძლებელია მეცნიერების (განსაკუთრებით ფუნდამენტური მეცნიერების) განვითარება სრული სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე. სამეცნიერო გრანტების გაცემის სისტემამ ვერ გაამართლა, რადგან საზღვარგარეთ გადის ისეთი ღირებული ინფორმაციაც, რომელთა გასვლა დღევანდელი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში დაუშვებელია. თანაც, ასეთი პროექტები ძალზე იშვიათად ფინანსდება, თუმცა საზღვარგარეთის ფირმები მათ თავიანთ სასარგებლოდ წარმატებით იყენებს. უნდა შევიცნოთ, რომ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი დღითიდღე მცირდება, რადგან ნიჭიერი ახალგაზრდებით სამეცნიერო დაწესებულებების შევსება აღარ ხდება, ხოლო ნიჭიერი ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ აქ არსებულ სამუშაო პირობებზეა დამოკიდებული.
დღეს ჩვენი განათლების სისტემა განიცდის მაღალი დონის მასწავლებლებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობას. მართალია, მაღალი დონის მასწავლებელთა ნაკლებობას ევროპისა და ამერიკის მრავალი ქვეყანა განიცდის, მაგრამ ისინი ამ ნაკლს ნაწილობრივ მაღალი დონის სახელმძღვანელოებით ავსებენ. ჩვენთან კი, არა მარტო უმაღლესი სკოლა, არამედ საჯარო სკოლაც კი არაა უზრუნველყოფილი საშუალო დონის სახელმძღვანელოებით. ამიტომ, სტუდენტობა ძირითადად კონსპექტის ამარა რჩება.
სამწუხაროდ, დღეს სტუდენტთა მისაღები კონტიგენტი ფორმირდება არა აბიტურიენტის ცოდნის დონით, არამედ სასწავლებელში მისაღები სტუდენტების რაოდენობით. სასწავლებელში მისაღები კონტიგენტის რაოდენობა აბითურიენტის ცოდნის დონეზე უნდა გადიოდეს. დღეს უნივერსიტეტები აბითურიენტების ძებნაშია, რადგან საკუთარ ფინანსურ გადარჩენაზე ფიქრობს. ამასთანავე, საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობის დონე იმდენად დაბალია, რომ საქართველოში უნივერსიტეტების არსებობას საერთოდ კითხვის ქვეშ დგება. ამრიგად, დღეს სკოლის უპირველესი ამოცანა სასწავლო პროცესის დახვეწა და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაა. სწორედ ამიტომ უნდა დაარსდეს მაღალი დონის სახელმწიფო უმაღლესი და საშუალო სკოლები.
ძალზე დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი მაღალი დონის სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების შესაქმნელად. ამ მძიმე ამოცანის შეასრულება უნდა შესძლოს ჩვენმა სამეცნიერო საზოგადოებამ, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ერის ერთ დროს მაღალი ინტელექტუალური დონე და ქართული ნიჭი.

პროფესორი მერაბ ჯიბლაძე
ფიზიკა-მათემსტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი,
ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი.

30 დეკემბერი 2013 წელი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *