(reportiori.ge) რეზო ჩხეიძე პრეზიდენტსა და პარლამენტს ინიციატივით მიმართავს

 news_13132

კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე უხუცესთა საბჭოს სახელით, საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის სახელზე  2013 წლის 16 დეკემბერს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. 

„რეპორტიორის“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნული წერილის დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ჩხეიძის ინიციატივა პატიმრების შეწყალებას ეხება:  „იმ პირთა შორის, რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, ჯერ კიდევ უამრავი ქალბატონი, ბავშვი და ასაკოვანი ადამიანია. ჩემი პოზიცია და გნებავთ, ჩემი ხვეწნა მუდარაა თქვენდამი და ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშაული, გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან“აღნიშნულია პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში. კინორეჟისორის ინიციატივაა ამნისტიის დროს მოზარდთა ასაკი გაიზარდოს 18 წლამდე, ქალის შემცირდეს 60 წლამდე, ხოლო მამაკაცის 65 წლამდე. „დიდი სიამოვნებით დავამატებდი წინა ხელისუფლების მიერ ყველა რეპრესირებულს, განსაკუთრებით, მეწარმეებს, რომლებსაც ქონება წაართვეს“, – ნათქვამია წერილში.  „ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მოსახლეობის რაოდენობით. ამ დროს წაართვა კიდევ მოსახლეობას ის ნაწილი, რომელიც ახალგაზრდობას ეკუთვნის, ანდა მეორე ასაკის ადამიანები, რომლებიც დამუხტულია ცხოვრების დიდი გამოცდილებით, გაუმართლებელია. ეს წერილი შეიძლება კიდევ უფრო ჰუმანური ყოფილიყო, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ არ დაგვეთანხმებოდნენ. ამაზე კი აუცილებელია დაგვეთანხმონ“, – განაცხადა რეზო ჩხეიძემ. კინორეჟისორის ინიციატივას ეთანხმება პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი  და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ვითარებაა იმ კუთხით შექმნილი, რომ ხელისუფლება ნაკლებად ფიქრობს ხალხზე, სამაგიეროდ, აქცენტი აქვს გადატანილი საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შაშიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პატიმრებთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას ხელისუფლება ანგარიშს გაუწევს და გაითვალისწინებს.  „დიდი ხანია, საქართველოში სკამისთვის ბრძოლას ეწირება ხალხი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ემსახურება ხალხს, ხალხი ემსახურება მას. დიდი სურვილი მაქვს ბატონმა ღარიბაშვილმა ეს ვექტორი შეცვალოს და ემსახუროს ხალხს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფოს დიდი თანხები უჯდება ციხეებში ამ ასაკის პატიმრების შენახვა და მათზე უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე პენსიონერზე. პროფესორმა ჯონი ჯანელიძემ, რომელიც „რეპორტიორში“ გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო, რეზო ჩხეიძის წერილს დიდი სიყვარულით, უდიდესი სიბრძნით ნაკარნახევი ნააზრევი უწოდა.  „ამ წერილმა სამეცნიერო პედაგოგიურ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება ამაზე რეაგირებას გააკეთებდა, მაგრამ ჯერ ჩამი-ჩუმი არ ისმის. ეს არის უაღრესად დიდი ჰუმანური და გასათვალისწინებელი აქტი“, – განაცხადა ჯონი ჯანელიძემ.  რეზო ჩხეიძის ინიციატივას გამოეხმაურა ექიმი-ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სამედიცინო საზოგადოება უერთდება კინორეჟისოროს სურვილებს, რათა გათავისუფლდეს ციხეებიდან 16 წლამდე ბავშვები და საპენსიო ასაკში მყოფი ქალები. ექიმმა ამის მიზეზებიც დაასახელა.  „ჩვენი ციხეები არა არის ისეთი კომფორტული დაწესებულება, სადაც ადამიანები კარგად გრძნობენ თავს ჯანმრთელობის კუთხით. მათი კვება არაკონდიცირებულია, დაბალი ხარისხის საკვები პროდუქტებია, ახლობლებს ძალინ ძვირი უჯდებათ მათი რჩენა. მე როგორც ენდოკრინოლოგმა, მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან ციხეებში, მათ აქვთ ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ დაემართოთ ენდოკრინული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ისინი ავადდებიან ინფექციური დაავადებებით, რისი მატარებლებიც შემდეგ ხდებიან. ასაკში მყოფ ადამიანებს კი ემართბათ დეპრესია, ნერვული სისტემის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, იმუნიტეტი უქვეითდებათ“, – განაცხადა ყურაშვილმა და აღნიშნა, რომ როცა საუბარია ევროპულ განვითარებაზე, ხელისუფლებამ ამ კუთხითაც უნდა გაითვალიწინოს უცხოეთის მაგალითები. რეზო ჩხეიძემ წერილი პრეზიდენტს და პარლამენტს გასული წლის 16 დეკემბერს გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, იგი აღნიშნული წინადადების მიწოდებას ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად აპირებდა, თუმცა ეს მწერლის გარდაცვალების გამო შეუძლებელი გახდა.
Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *