(reportiori.ge)კოალიცია „ერთსულოვნება“: ხელისუფლების ზედმეტმა სიდინჯემ შესაძლოა კარგი შედეგი არ მოიტანოს!

კოალიცია „ერთსულოვნებამ” სულ ცოტა ისეთი პროტესტის გამოიხატვა მოახდინა, რომელმაც მსოფილო საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველოში უმსგავსობას არ ეგუებიან”, – ამის შესახებ, დღეს, „რეპორტიორში”, კოალიციის შექმნის ერთი წლის თავთან დაკავშირებით, გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს.
კოალიცია „ერთსულოვნების” თავმჯდომარე, მიხეილ ანდღულაძე, მამა ელიზბარი (დიაკონიძე),„ერთსულოვნების” საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს ქორეოგრაფთა საზოგადოების თავმჯდომარე ომარ მხეიძე, კოალიციის გამგეობის წევრი, ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირის „ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” თავმჯდომარე გელა სალუაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი ალექსი კობაიძე, პოლიტიკური პარტია „თეთრების” წევრი ზურაბ ხასია, ორგანიზაცია„ყოველთა ქართველთა სახალხო დარბაზის” წარმოამდგენელი ავთანდილ იოსელიანი, ასოცოაცია„სავანეს” პრეზიდენტი ხაჩატურ ვართანიანცი, „პატრიოტთა ალიანსის” გამგეობის წევრი, ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, კოალიცია „ერთსულოვნების” გამგეობის წევრი გიმრი ბაწელაშვილი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც მათივე თქმით, კოალიცია „ერთსულოვნების” ჩამოყალიბებით ხალხის კონსოლიდირება მოახდინეს და მათ ახალი სტიმული და სივრცე აჩვენეს.
„ერთსულოვნების” თავმჯდომარის, მიხეილ ანდღულაძის შეფასებით, კოალიციის წევრები მიესალმებიან ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ დინჯ ნაბიჯებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ზედმეტმა სიდინჯემ შესაძლოა კარგი შედეგი არ მოიტანოს.
კოალიციის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზეც ისაუბრეს. მათი თქმით, იმ შემთხევვაში, თუ ხალხს არ მიეცემა ალტერნატიული პირადობის მოწმობებით მონაწილეობის მიღების საშუალება, საზოგადოების მხრიდან დასწრება 3-ჯერ უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ამ დრომდე იყო.
კოალიცია „ერთსულოვნების” წევრები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.
„ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავთ თხოვნით, მოახდინოს საკანონმდებლო ინიცირების უზრუნველყოფა და შესაბამისი ცვლილებებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ელექტორატს მისცენ საშუალება ალტერნატიული პირადობის მოწმობის საშუალებითაც მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა მიხეილ ანდღულაძემ.



