(geonews.ge) ერთი ცენტრიდან მართვის გამო, ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ემსგავსება – თემურ შაშიაშვილი

temiri სამართლიანობის დადგენა კვდომის პროცესშია. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება. ხალხი იმედგაცრუებულია, მოლოდინი არ გამართლდა, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილი „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარიგებას გამორიცხავს, თუმცა თვლის, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საერთო ცენტრიდან იმართება, რომელიც ქვეყნის გარეთაა და სწორედ ერთი ცენტრიდან მართვის გამო, ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ემსგავსება.

„თეთრების“ ლიდერის აზრით, საქართველოს უბედურებაა ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლება, ქვეყნის გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი. რომლებიც დღეს ქართულ პოლიტიკურ თუ საინფორმაციო სივრცეში დომინირებენ.

„საქართველოში არც ერთი საქმე არ მივა ბოლომდე, რაც არ აწყობს იმ გარე ძალებს, რომლებიც რეალურად ქვეყანას მართავენ. ყველაზე დიდი შეტევა დღეს ქართულ ცნობიერებაზეა, რელიგიაზეა. აკნინებენ ოდითგან გამორჩეულ ქართულ განათლების სისტემას. უფრო მეტიც, გარედან მართვადმა და ფინანსირებადმა ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მომართულმა საინფორმაციო საშუალებებმა და ჟურნალისტებმა ხალხი დეპრესიაში ჩააგდეს, მომავლის რწმენას უკარგავენ“, – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.

„ჩვენ, „თეთრები“ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ შევიდეთ იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებში, რომლებიც უცხოელთა ინიციატივით და უცხოელთა ფინანსებით იქმნება. ჩვენ ვემიჯნებით იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებს, რომლებიც ფიქრობენ არჩევნებზე, როგორც სკამების, ანუ თანამდებობების მოპოვების საშუალებაზე და არ ებრძვიან მთავარს – ქვეყნის გარედან მმართველ პოლიტიკურ ცენტრებს. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით, დღეს უკვე საქართველოში უამრავი ადამიანი ფიქრობს განახლებულ ეროვნულ მოძრაობაზე, ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *