(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილმა შესაძლოა ქუთაისის მერად იყაროს კენჭი

 

რატომ სთხოვა ყოფილმა გუბერნატორმა ივანიშვილს 3 თვით ქუთაისში წასვლა

 

405035_407179106017478_146782848_nვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ბევრი უცნაური მოვლენა ვიხილეთ. განსაკუთრებული უცნაურობანი სავარდო და სამაისო ქუთაისში შეინიშნება. აქ ქალაქის მერს ადგილზე ვერ აჩერებენ. ქუთათურებს აღარც კი ახსოვთ, 2003 წლის შემდეგ ქალაქმა რამდენი მერი გამოიცვალა. აქაურობას ვერც პარლამენტის გადატანამ უშველა. მიმდინარე წელს ქუთაისელები თავად აირჩევენ ქალაქის თავს. მერობის კანდიდატები ჯერ არც ერთ პარტიას არ დაუსახელებია. გავრცელებული ინფორმაციით, მერის პოსტზე შესაძლოა კენჭი თემურ შაშიაშვილმა იყაროს. `თეთრბის~ ლიდერი წლების მანძილზე სწორედ ქუთაისის მერი იყო.

აპირებს თუ არა ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას, რა დაუბარა ბიძინა ივანიშვილს, რას უწუნებს ახალ ხელისუფლებას, როგორ გადავიდა ქართული ეკონომიკა რუსეთის ხელ¬ში, ამ თემებზე თემურ შაშიაშვილი `ახალ თაობას~ ესაუბრება.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ქუთაისის მერის პოსტზე აპირებთ კენჭისყრას. მართალია ეს ინფორმაცია?

_ ქუთაისიდან ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ქალაქის მერის პოსტზე ვიყარო კენჭი.

_ ვინ არიან ეს ადამიანები?

_ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მათ შორის ისეთებმაც მომმართეს, რომლებიც თავის დროზე მიპირისპირდებოდნენ და ჩემთან პრეტენზიები ჰქონდათ. განვლილმა წლებმა მათ დაანახა, რომ მე ქალაქის ერთგული ვიყავი და საქმეს ვაკეთებდი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის არაფერი არ გაკეთებულა. იცით რამდენი ასეული მილიონი იყო გამოყოფილი ქუთაისისთვის? ამ ფულით უამრავი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. ეს ფული სადღაც გაქრა. მერე გამოდიან ნაციონალები და გვიმტკიცებენ, კორუფცია მოვსპეთო. სამწუხაროა, რომ ქალაქს არც ეს ხელისუფლება აქცევს ყურადღებას. მათ არ აინტერესებთ იმის გარკვევა, თუ რეალურად ვის ხელშია ქალაქი. ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე ჩემი წინადადება რომ მიეღო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

_ რა წინადადებაზე საუბრობთ, ბატონო თემურ?

_ მას სამთავრობო კომისიის შექმნა შევთავაზე, ისიც დავუბარე, რომ მზად ვიყავი 2 თვით წავსულიყავი ქუთაისში. დავდე პირობა, რომ 2 თვეში გავარკვევდი, ვინ რა წილში ზის და ვინ შეჭამა ქუთაისი. ისიც ვთქვი, რომ ეს თუ გაკეთდებოდა, მე არც ერთ არჩევნებში არ მივიღებდი მონაწილეობას, მათ შორის, არც მერის და არც იმერეთის გუბერნატორის. მინდოდა, მთელი საქართველოსთვის მეჩვენებინა, რომ სააკაშვილის პერიოდში საქართველოში კორუფციის აპოგეა იყო. ამ წლების მანძილზე საქართველოში მილიარდობით ფული შემოვიდა. ამ ფულს მარტო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ინაწილებდნენ. ისინიც წილში იყვნენ, ვინც ამ ფულს აგზავნიდა. შესაბამისად, არავის არ აინტერესებს, რა გაკეთდა ამერიკიდან და ევროპიდან შემოსული ფულით. ამიტომაც დაარქვეს ალბათ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა. საქართველოს რომ არაფრად აგდებდნენ, გასაგებია, მაგრამ დემოკრატიას რატომ მიაყენეს შეურაცხყოფა? ნეტა იმ ხალხის თავში ჩამახედა, ვინც სააკაშვილს შუქურად თვლის.

_ ივანიშვილისთვის შეთავაზებულ წინადადებას დავუბრუნდეთ, რა პასუხი მიიღეთ მისგან?

_ არავითარი პასუხი არ მიმიღია. ეს ძალიან სამწუხაროა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ჩემი მოსაზრება არ გაიზიარა. მას და მთელ საქართველოს შეეძლოთ იმის გარკვევა, ვინ დაეპატრონა ქუთაისს და მთელს იმერეთს.

_ ქუთაისის მერის არჩევნებში თუ მიიღებთ მონაწილეობას? ზემოთ ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი გაგვეცით.

_ უკვე გითხარით, რომ ბევრმა ადამიანმა მომმართა ამ წინადადებით. დიდი მადლობა მათ ნდობისთვის. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ზოგიერთისგან განსხვავებით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უცბად არ ვიღებ. ამ საკითხზე, ვფიქრობ, ჯერ მოსახლეობას უნდა დაველაპარაკო. უნდა დაველაპარაკო იმ ხალხს, ვინც თავის დროზე ჩემი მოწინააღმდეგე იყო. ყველაზე მეტად მათი აზრი მაინტერესებს. გავიგებ ხალხის აზრს და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. ის კი ვიცი, რომ ქუთაისს პოლიტიკოსი მერი არაფერში გამოადგება. ამ ქალაქის მერი ტექნოკრატი, საქმის გამკეთებელი უნდა იყოს. სწორედ ტექნოკრატები უნდა ჩაუდგნენ ქალაქებს და რაიონებს სათავეში. არ იქნება კარგი თუ არჩევნებში პარტიული ფიგურები გაიმარჯვებენ. ვიღაცები თვითმმართველობის არჩევნებზე დიდ იმედებს ამყარებენ. მე ასე არ ვფიქრობ. საქართველოს გადარჩენა თვითმმართველობის არჩევნებში არ არის. საქართველოს გადარჩენა რიგგარეშე არჩევნებშია. თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად უნდა ჩატარდეს. დღეს ქვეყანაში სისტემური კრიზისია. ბოლო 10 წელმა საქართველო დააქცია და გაანადგურა. დღეს საქართველო იმართება ფულიანებით და უფულოებით. უფულოების მოსყიდვა ადვილია, ფულიანს კი ადვილად დააჯდები თავზე. ეს უკანასკნელი არ მოგისმენს, ხვალ ისიც უფულო გახდება. 1996 წლიდან მოყოლებული ვაცხადებ, რომ დაწერილია საქართველოს დაუძლურების პროგრამა.

_ რა მოხდა ასეთი 1996 წელს?

_ 1996 წელს დავით იაკობიძე ფინანსთა მინისტრობიდან წავიდა. მოქალაქეთა კავშირმა მინისტრებად პარტიული ფიგურების დანიშვნა დაიწყო. მაშინდელიდან მოყოლებული ვამტკიცებ, რომ საზღვარგარეთ დაწერეს საქართველოს დაუძლურების და დაქცევის პროგრამა, რაც ქვეყნის იოლად მართვისთვის სჭირდებოდა. იმ პერიოდში მიმდინარეობდა ასამდე ადამიანის გამდიდრება. ეს ხალხი იმიტომ გაამდიდრეს, რომ მორჩილებასა და მონობაში ჰყოლოდათ. დამშეული ხალხის მოსყიდვა კი, როგორც გითხარით, ძალიან იოლია. იმ დონეზე მიიყვანეს ხალხი, რომ თავის საარჩევნო ხმას 10 და 20 ლარად ყიდიან. არჩევნებს მაშინ აქვს ქვეყანაში აზრი, როცა იქ საშუალო ფენა ძლიერია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის სათავეში მოსული ძალები ერთი ცენტრიდან იმართებიან. საიდანაც მოქკავშირი იმართე¬ბო¬და, იქიდანვე მართავდნენ ნაცმოძრაობას. `ქართული ოცნებაც~ ამ ცენტრიდან იმართება. ამიტომაც არიან, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან დაემსგავსნენ. საქართველოს გზა არც რუსეთია და არც ამერიკა. საქართველოს გზა არის ქართული გზა. როგორ უნდა ვიპოვოთ ეს გზა, როცა ჭკვიან ხალხს არაფერს არ ეკითხებიან. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პარლა-მენტში კანონები არ იწერება. კანონებს წერენ მეცნიერები. განხილვით კი საკანონმდებლო ორგანო განიხილავს. ჩვენან კი უცოდინარი ხალხი წერს კანონებს. მერე გვიკვირს, რატომ არის ასე ცუდად ჩვენი საქმე. სანამ ნიჭს გასაქანი არ მიეცემა, არაფერი არ გამოვა. დღეს თანამდებობებზე ხალხს პირადი ერთგულების ნიშნით არჩეენ. ასეთმა შერჩევამ დაღუპა საქართველო. `ქართული ოცნებაც~ ამ გზას დაადგა. გაოცებული ვარ გამგებლებით და მერებით. სულ პოლიციის ყოფილი უფროსები დაუნიშნიათ ამ თანამდებობებზე. ეს ძალიან ცუდია.

_ ცუდი რატომ არის?

_ პოლიციას და სამართალდამცავებს დიდ პატივს ვცემ. ოღონდ არაფრით არ შეიძლება მერებად და გამგებლებად პოლიციის ყოფილი უფროსების დანიშვნა. საქართველოში ჯერ არ ყოფილა შს მინისტრი, რომელსაც პირველკაცობის ამბიცია არ გაუჩნდა. ამ მხრივ ღარიბაშვილი გამონაკლისია, იმიტომ, რომ ის პოლიციელი არ ყო-ფილა. უბრალოდ, შს მინისტრის პოსტზე მუშაობდა. ყველა მის წინამორბედს კი ეს ამბიცია ჰქონდა. შევარდნაძეც კი შს მინისტრობიდან მოვიდა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში. კახა თარგამაძე იყო და მასაც ჰქონდა ეს ამბიცია.

_ ნარჩემაშვილს ნამდვილად არ ჰქონია ასეთი ამბიციები.

_ ამბიციების გაჩენამდე არ აცალეს. 2 წელიწადში მოუწია წასვლა. ბარამიძეს, ოქრუაშვილს, მერაბიშვილს სერიოზული ამბიციები ჰქონდათ პირველკაცობაზე. იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი მახინა სამინისტროა შექმნილი, იქ კარგად არ წავა საქმე. როგორც ზევით გითხარით, ქალაქების და მერების გამგებლებად სულ ყოფილი პოლიციელები არიან. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყოფილი პოლიციელები ბიზნესს მხარს არ დაუჭერენ. ისინი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. სადაც ყველაფერს ეჭვის თვალით უყ რებენ, იქ რის ი არ იქნება, სადაც რისკი არ არის, იქ ბიზნესი ვერ ვითარდება. პოლიციის უფროსები ბიზნესის თავისუფლებას ვერ შექმნიან. ამიტომაც სჭირდება ქვეყანას სისტემური ცვლილებები. როცა სისტემური კრიზისი იქმნება, იქ სისტემური რეფორმაა საჭირო. ხელისუფლებაში მოსული ძალები სულ ტრაბახობენ იმით, რომ თავის წინამორბედი დაამარცხეს. ამით ამაყობენ და სისტემას იგივეს ტოვებენ. მართვის სტილი თუ არ შეიცვალა, ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს ქვეყანა პოლიტიკოსებმა დავაქციეთ. ბო¬დიშის მოხდის ნაცვლად, ხალხს ქვეყანა წავართვით. სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ქვეყნის გარედან, ამერიკიდან არ რუსეთიდან იმართება. მიმაჩნია, რომ ორივე ქვეანასთან კარგად უნდა ვიყოთ, მაგრამ არც მოსკოვის მონად უნდა იქცე და არც ვაშინგტონის. ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ვურჩიე, პოლიტიკოსების ნაცვლად პროფესიონალებს დაყრდნობოდა. მან პოლიტიკოსები არჩია. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ამას ნანობს. უკვე მიხვდებოდა, რომ პოლიტიკოსები ისე ჭრიან და ისე კერავენ, როგორც თავად სურთ. ჩვენ გვყავს ისეთი პოლიტიკოსები, რომლებმაც ყველა ხელისუფლებასთან გამონახეს საერთო ენა. წინა ხელისუფლებებზე კი ამბობენ, შევცდითო. ამდენჯერ თუ შეცდით, მაშინ რა¬ღა გინდათ პოლიტიკაში? აი, ასეთი ხალხის ხელშია დღეს საქართველო. ჩვენს გამოცდილებაზე, ეტყობა, ვერც სხვები სწავლობენ.

_ ვინ გყავთ მხედველობაში?

_ უკრაინა. იქ მოხდა იგივე, რაც 2003 წელს საქართველოში. არავინ მითხრას, რომ ვარდების რევოლუცია საქართველოს გამარჯვება იყო. მეცნიერების მიერ დაწერილი დასკვნის თანახმად, მოქალაქეთა კავშირის გაგრძელებამ ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყო. პირდაპირ ვიტყვი, ვარდების რევოლუციით მოგებული ერთადერთი ქვეყანა დარჩა. ამ ქვეყანას რუსეთი ჰქვია.

_ მაშინ ისიც ვთქვათ, რა მოიგო რუსეთმა?

_ აფხაზეთი და სამაჩაბლო. დღეს ორივე მათგანი რუსეთის ხელშია. ქართული ბიზნესი და ეკონომიკა რუსეთის ხელშია. კაგებეს გენერალ გენერალოვის ხელის ბიჭი კობა ნაყოფია დაეპატრონა მთელ ქართულ ოქროს. მის უკან რუსები დგანან. ნაყოფიამ თავის საქმიანობა საქართველოში სააკაშვილის დროს დაიწყო. იმათთანაც კარგად იყო და ახალ ხელისუფლებასთანაც კარგად არის. მარტო ეგ კი არა, ასევეა ბეჟუაშვილი, სამადაშვილი, ოქრიაშვილი…. თანაც ესენი ხომ ბიზნესმენები არ არიან. ესენი არიან მეჯღანუაშვილები. 21-ე საუკუნის მეწარმეები სხვანაირები არიან. ამათ მარტო ხალხის გაღლეტვა იციან. ვარდების რევოლუციის წყალობით რუსეთმა თავისი არმია გააძლიერა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსები დარწმუნდნენ, რომ მათი არმია კატასტროფულ დღეში იყო.

_ კატასტროფულ დღეში მყოფმა არმიამ ძალიან ცუდი დღე გვაყარა მაშინ….

_ ჩვენ რაც დაგვრმართა, დაგვმართა, მაგრამ თავადაც ცუდ დღეში იყვნენ. ამის შემდეგ რუსებმა შეიარაღებული ძალების რეფორმა დაიწყეს. დღეს რუსული არმია ათჯერ უფრო ძლიერი და მობილურია, ვიდრე ეს 2008 წელს იყო. ჩვენი წყალობით, რუსეთი ამ ჯარით მსოფლიოს აზანზარებს. გავა ცოტა ხანი და უკრაინელებიც დარწმუნდებიან, რომ იანუკოვიჩის გა¬დაგდებით რუსეთმა იხეირა მხოლოდ. ჩვენთან ქვეყნის სათავეში რუსეთის ლან¬ძღვით მოვიდნენ და მერე ყველაფერი რუსეთს გადააბარეს. ასე იქნება უკრაინაშიც. ძალიან მწყდება გული ამ ქვეყანაზე და ისიც ვიცი, რას წარმოადგენენ რევოლუციაში გამარჯვებულები. კლიჩკოს პირადად ვიცნობ და მასთან მისაუბრია. არ მინდა, რომ ეს ქვეყანაც იგივე დღეში ჩავარდეს, რა დღეშიც ჩვენი ქვეყანა ჩავარდა. აქ, სამწუხაროდ, ისევ ის პოლიტიკოსები მოსწონთ, რომლებიც რუსეთს ლანძღავენ. რითიც ისევ რუსეთის საქმეს აკეთებენ. საქვეყნო საქმეები კი ჯერ არ კეთდება. ის ხალხი, ვინც თანამდებობებზეა და საქმე უნდა აკეთონ, გამოცდილები არ არიან. მაშინ როცა, მათი ხელისშემშლელები საერთაშორისო დონის ოსტატები და გროსმაისტერები არიან. ნაციონალებმა ლაპარაკიც კარგად იციან და ქვეყნის ნგრევაც. სკამის გულისთვის ყველაფერზე წავლენ და ყველას დაელაპარაკებიან. რაც მთა-არია, იციან, როგორ გააფუჭონ საქმე. ამ ხალხს მხოლოდ პროფესიონალები თუ გაუწევენ წინააღმდეგობას. სამწუხაროდ, პროფესიონალებს არავინ ეპატიჟება. სამაგიეროდ, პირადი ერთგულების ნიშნით ინიშნება ხალხი თანამდებობებზე. ეს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. საქართველოს გადარჩენა ვადამდელ არჩევნებშია. ქვეყნის სათავეში ახალი ძალა უნდა მოვიდეს. ძალა, რომელიც არც რუსეთიდან იქნება მართული და არც ამერიკიდან. ქვეყანა იმ ხალხმა უნდა მართოს, ვინც საქართველოს ნების გამომხატველი იქნება. საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქართულ გზაშია.

 ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *