თემურ შაშიაშვილის მიმართვა ჟურნალ “მამულის” რედაქციას

– ფასდაუდებელი სიმდიდრეა დღევანდელი საქართველოსათვის მართალი ჟურნალისტი
– ვიფიქროთ, საქართველოდან გადინებული ტვინების საქართველოში დაბრუნებაზე
– შეიქმნას მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ისტორიული მემკვიდროების შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრი და იგი ქუთაისში დამკვიდრდეს
21 მარტს,ქართველი ჟურნალისტები პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ. ამერიკაში გამოცემადი ერთადერთი ქართული ჟურნალ „მამულის“ რედაქციამ გადაწყვიტა ეს დღე ჟურნალის დღედ გამოაცხადოს. ავსტრიაში ამჟამად ვიზიტად მყოფი „თეთრების“ ლიდერი გამოეხმაურა ამ ფაქტს და თბილი მილოცვის ტექსტი გაუგზავნა ჟურნალის რედაქციას და მთავარ რედაქტორს მანუჩარ კაჭახიძეს
„ძალიან გამახარა თქვენმა გადაწყვეტილებამ – 21 მარტს, ჟურნალისტის დღეს, აშშ-ში გამოცემადი ერთადერთი ქართული ჟურნალის – “მამულის” დღის მოწყობის თაობაზე. უკვე კარგია… არც ვეჭვობდი, რომ ამ დღეს ტრადიციას არ უღალატებდით და შეიკრიბებოდით, მაგრამ ამ დღეს რომ “მამულზე” საუბრობთ – ეს უკვე მამულზე ფიქრს ნიშნავს…ეს არის დასაფასებელი…
მახარებს, რასაც მანუჩარი ამერიკაში აკეთებს და მახარებს რომ თქვენ ამას აფასებთ… საერთოდ ძმები კაჭახიძეების ფენომენი ცალკე საუბრის თემაა… იგი გამოკვეთილად ქართულია და საჭირო მომავლის საქართველოსათვის…ძმები კაჭახიძეები დიდი მაგალითია იმის, თუ რა შეუძლიათ მიზანდასახულ ბიჭებს, მაშინაც კი, როცა თითქოს სინათლე არ ჩანს, როცა ირგვლივ დეპრესია და გულგატეხილობაა…
ვამაყობ იმით, რაც მანუჩარმა შეძლო და იმითაც, რომ მასთან მუდმივ კავშირში ვარ… ძლიერია ის ქვეყანა, რომლის ხალხი და ხელისუფლება ძლიერს უჭერს მხარს… მანუჩარი, ძმები კაჭახიძეები ძლიერი ბიჭები არიან… ძლიერია “მამულიც”, ძლიერია და ფასდაუდებელი სიმდიდრეა დღევანდელი საქართველოსათვის მართალი ჟურნალისტი, მართალი გაზეთი, ჟურნალი, რადიო და ტელევიზია….
მიხარია, რომ მიკერძოებულობით გამორჩეულ დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკაში ქუთაისი სხვანაირად ჩანს – ჟურნალისტების უმეტესობა მიუკერძოებლობით ხართ გამორჩეულნი…
მოგესალმებით ვენიდან და გილოცავთ დღევანდელ დღეს!“
ამავე მილოცვაში „თეთრების“ ლიდერმა პირველად გაახმოვანა თავისი ახალი ინიციატივის შესახებ:
“ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე. ვიფიქროთ, საქართველოდან გადინებული ტვინების საქართველოში დაბრუნებაზე. ეს დიდი საქმეა… მე დღეს ამ დიდ პროექტზე ვფიქრობ… სწორედ ამიტომ ვარ ევროპაში… ვაწარმოებ მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რომ შეიქმნას მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ისტორიული მემკვიდროების შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრი ევროპის დაფინანსებით და იგი ქუთაისში დამკვიდრდეს. ამ დიდ საქმეს ვჭირდებით ყველანი… სჭირდება ამერიკიდან დაბრუნებული მანუჩარი, ბესო ყაზაიშვილი, გულიკო წიკლაური, დიმიტრი კოპალიანი და კიდევ ბევრი სხვა; ევროპიდან დაბრუნებული ლაშა ნიქაბაძე, თორნიკე გორდაძე, გია ლომიძე და ბევრი სხვა… ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია დიდი ქართული შემოძახება მთელი საქართველოსათვის ქუთაისიდან…
გვფარავდეს ღმერთი ამ დიდ საქმეში!
რწმენით,იმედით და მომავლის განწყობით
თემურ შაშიაშვილი”
21.03.2014წ



