თემურ შაშიაშვილი: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მექანიკური გაერთიანებების

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ის კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკურ პარტიათა ყოველგვარ ხელოვნურ, მექანიკურ გაერთიანებას.
„საუბრები მიდის პარტიების გაერთიანებაზე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მექანიკური გაერთიანებების. არჩევნებში მონაწილოებისათვის უნდა ერთიანდებოდნენ ერთი იდეოლოგიის და ფილოსოფიის პოლიტიკური ძალები და სწორედ მექანიკური და არაბუნებრივი ურთიერთობების და ხელისუფლებასთან გარიგებული პარტიების ქმედების შედეგია რევოლუციები და ის, რომ პარლამენტში პრაქტიკულად ვერ ხვდება რეალური ოპოზიცია. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – სამწუხაროდ, მოსახლეობაც აიძულებს პარტიებს მექანიკური ერთობისაკენ და შეუთავსებელთა შეთავსების ყოვლად წარმოუდგენელ ნაბიჯებისაკენ. ჩვენ ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ და დღესაც ვიმეორებთ, განსხვავებულთა ერთობა – თითოეულის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. გაუგებარ და მექანიკურ ერთობათა გამო ბევრი, უაღრესად საინტერესო და ქვეყნისათვის საჭირო პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი დასრულდა, ხელისუფლება კი გაძლიერდა“.
შაშიაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მან შექმნა ეკლექტიკური გუნდი – პარტიების პოლიტიკური აჯაფსანდალი, რომელმაც არ დაინდო და წალეკა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მასთან ერთად დიდი ხნით დაასამარა არაერთი ეროვნული იდეა. შევარდნაძემ და სააკაშვილმაც იგივე გაიმეორეს. ბიძინა ივანიშვილმაც მოინდომა შეუთავსებლების შეთავსება და შედეგი სახეზეა – ის ქვეყნისთვის ბევრი საინტერესო და სასარგებლო საქმეს გააკეთებდა პოლიტიკოების ერთი ნაწილი რომ გაიწია გვერდზე და პროფესიონალებისათვის მიეცა ქვეყნის სასიკეთოდ მუშაობის საშუალება…
„ სულ ერთი ხმაც რომ არ მივიღოთ „თეთრები“ მაინც არ გავერთიანდებით იმ ძალებთან, ვის ფილოსოფიასაც არ ვიზიარებთ, იმ ძალებთან, ვინც რუსეთიდან ან ამერიკიდან იმართებიან.- აცხადებს თემურ შაშიაშვილი. – ეს არ ნიშნავს, რომ მათი წინააღმდეგნი ვართ. მაგრამ გვსურს, ამ არჩევნებზე მომავალი ჰქონდეთ საკუთარი ხედვის პოლიტიკურ პარტიებს და არა ქვეყნის გარე ცენტრებიდან მართვად ძალებს. ქართული ცნობიერების პოლიტიკოსები უნდა მართავდნენ ქვეყანას. ქართული ცნობიერება კი თავისთავად ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას და არა კარჩაკეტილობას. გლობალიზაციის წინააღმდეგ წასვლა დღეს სისულელეა, მაგრამ ის პოლიტიკოსებია დღეს ქვეყნისთვის საჭირო, ვისაც გლობალიზაციის პირობებში შეუძლია თვითმყოფადობა, ეროვნულობა შეინარჩუნოს.“
აღნიშნულ საკითხებზე „თეთრების“ ლიდერი საკუთარ ხედვას დეტალურად წარმოაჩენს მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
07.04.2014წ



