(გურიანიუსი) “კოჰაბიტაცია, ქართულად, უსამართლობისადმი პატივისცემის პოლიტიკური ნება და სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველია”

 

პარტია “თეთრების” ლიდერ თემურ შაშიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ვერასდროს შეეგუება დამოუკიდებლობის დაკარგვას და დღეს შექმნილ მდგომარეობას, სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს ქვეყანა.

“ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო კაცები. როცა გყავს ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჩხეიძე, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ესაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და კიდევ ბევრი მათი მსგავსი პიროვნება, ამით უნდა ამაყობდე, მათმა დიდმა ნაწილმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვი, 65 წელს გადაცილებული ქალი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ციხეში ზის და არ ჩაუდენია სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედება, მიეცეს ამ ხალხს თავისუფლება, პარლამენტმა კი 6-7 თვის განმავლობაში ვერ გამონახა დრო ამ ჰუმანური საქართველოსთვის, საჭირო საკითხის განხილვის დაწყებისათვის. ჩვენ დაუსჯელს ვტოვებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, ვინც ხალხს გენოციდი მოუწყო და უბრალო დანაშაულისთვის ციხეში ვსვამთ 16 წლამდე მოზარდს. როცა ეკლესია რას გეუბნება არ ითვალისწინებ, სიბრძნით სავსე ადამიანები რას გეუბნებიან არ ითვალისწინებ – ეს საშინელებაა”.

შაშიაშვილი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საშინაო საქმეებში გარე ძალების ჩარევაზე და აცხადებს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პარტიის “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” არსებობა, სწორედ რომ გარე ძალებს აწყობთ და ხელისუფლება, ხელს უწყობს მათი სურვილის განხორციელებას.

“რაც უფრო აქტიური ხდება “ნაციონალური მოძრაობა”, მით უფრო იზრდება ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. თუ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ კიდევ აპატია არჩევნების ჩამტარებელს არჩევნების ისე გაყალბება, რომ ისევ ორ პარტიას შორის განაწილდა პირველი და მეორე ადგილი, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ და გარედან იმართება ყველაფერი და გადაწყვეტილია გარეთ, რომ საქართველო იყოს ორ პარტიული ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ცნობიერების პოლიტიკური ძალები რაც შეიძლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენონ, ხოლო ის, რაც აწყობთ ქვეყნის გარე ძალებს მისცენ მოქმედების დიდი არეალი საქართველოში”.

შაშიაშვილის განცხადებით, სამოქალაქო დაპირისპირება იქნება კოჰაბიტაციის რეალური შედეგი.

“რა არის კოჰაბიტაცია ქართულად? კოჰაბიტაცია ქართულად უსამართლობისადმი პატივისცემის პოლიტიკური ნება, დამნაშავე არა თუ დასჯილია, არამედ სააკაშვილის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატები უდგება ხელშეუხებლობის გარანტად, სააკაშვილის ეს განცხადება წარმოუდგენლად მეჩვენა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში უკანონობის დაკანონება ხდება და უსამართლობის გზაც გრძელდება. ვხედავთ როგორ დაიკარგა რეალური თავისუფლება და დამოუკიდებლობა. საქართველოს მოსახლეობა ვერასდროს შეეგუება იმას, რასაც ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და სწორედ ეს არის ერთი დიდი ნიშანი საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების. რაც დღეს საქართველოს პარლამენტში და მის გარეთ ხდება, ესეც არის დიდი ნიშანი საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების. თუნდაც ის, რაც საყდრისთან დაკავშირებით ხდება, ეს არის დიდი ნიშანი სამოქალაქო დაპირისპირების. ე.ი. მეჯღანუაშვილებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ გერმანელი ექსპერტების მიერ გაკეთებული დიდი დასკვნა, რომ ჩვენ გვაქვს პრეისტორიული ისეთი ძეგლი, რომლითაც მთელმა მსოფლიომ უნდა იამაყოს, ვიღაცის ინტერესებს უნდა შეეწიროს ქვეყანაში”.

“თეთრების” ლიდერის თქმით, სამოქალაქო დაპირისპირების ნათელი მაგალითია, როცა მოისმენ, რომ “თურმე ქართული ეკლესია ზიზღის პროპაგანდას ეწევა”.

“საგანგაშოა, როცა ამ სიტყვებს ამბობენ ისინი, ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონს იცავენ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია გინახავთ, რომ პატრიარქს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ქვეყანა რომ გადაარჩინა, საუკუნეები გამოატარა, მას ზიზღის მქადაგებელი უწოდო? ეს სამწუხარო ფაქტია და სასიამოვნოა ის, რომ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ღირსეული პასუხი გასცა, მაგრამ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია არც პარლამენტში და არც მის გარეთ, ამის თაობაზე ხმას არ იღებს. ყველა ამბობს, რომ პატრიარქი ბრძენია, მაგრამ რატომღაც მის შეგონებებს არ უსმენენ და არ ასრულებენ, ბრძენს არ უსმინო, მაშინ ბრიყვი უნდა იყო”.

შაშიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჭეშმარიტად ქართული ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ჯგუფები არავის აპატიებენ ქვეყანაში არეულობის დაწყებას და საკადრის პასუხს გასცემენ დამნაშავეებს. მისივე თქმით, დღემდე დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნები ხალხს არ მოუგია.

შაშიაშვილი ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება თავის კანდიდატს მიეხმარება და ხალხი აუცილებლად მას აირჩევს, ახსენებს, რომ “ეს აზრი უკვე მკვდარია, ეს არის დემოკრატიისგან გადახვევა და ესეც სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაიყვანს ქვეყანას”.

“სამოქალაქო დაპირისპირების ერთ-ერთი დიდი და გამოკვეთილი ნიშანია ის, რომ ხალხში არის უმძიმესი მდგომარეობა, ხალხი ცხოვრობს გაუსაძლისად და ხელისუფლება კმაყოფილია თავისი მუშაობის შედეგებით. თუ ამ ყველაფერს ხალხი მოითმენს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ მზად თავისუფლებისთვის”.

შაშიაშვილი აცხადებს, რომ ის, ვინც მიხეილ სააკაშვილს იცავდა და იცავს, ვერასდროს იქნება საქართველოს მეგობარი. მისივე თქმით, სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა იზრდება იმის გამო, რომ “მშიშარა სააკაშვილი ლომგული ხდება ხელისუფლების დათმობებით”. “თეთრების” ლიდერი იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ქვეყნისთვის შეთავაზებულ პროცესს დაასრულებს და ეჭვი არ ეპარება, რომ პრემიერის ნათქვამი სიტყვები-“ნაციონალური მოძრაობა დამთავრდება” იქნება ლოგიკურად გაგრძელებული, რაც ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებას ააცილებს თავიდან.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *