საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები გამოიკვეთა, თუ პროცესები ასე განვითარდა – იგი გარდაუვალია

(თეზისები 30 აპრილის პრესკონფერენციისათვის)

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა არჩევნებით იგებენ პარტიები და ცალკეული პიროვნებები, მარცხდება – ხალხი.

ხელისუფლებათა ზღვარგადასული კვეხნის ფონზე სულ უფრო იზრდება სოციალური უსამართლობის დონე, სულ უფრო იზრდება უფსკრული ღარიბებსა და მდიდრებს შორის. შედეგად, ქვეყანაში ვერ შეიქმნა საშუალო კლასი, ანუ ფენა, რომელიც ყველა ეპოქასა და ყველა სახელმწიფოში გახლდათ ისტორიულად წარმმართველი ძალა ეკონომიკური განვითარებისა, ინოვაციური აზროვნებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა.

უმძიმესი სოციალური ფონის არსებობა ამწვავებს ხელისუფლებათა მოწყვეტას ხალხისაგან. რეალურად არც მოქკავშირის, არც ნაცმოძრაობის, არც „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში ხელსიუფლების ხელში აღებისთანავე აღარ ესმოდათ და აღარ ესმით იმ ხალხის, ვინც მათ ენდო, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა, ან ვის დროსაც ისინი ხელისუფლებაში გარე ძალების აქტიური ჩარევით მოვიდნენ. საკმარისია ითქვას, რომ ისინი საზოგადოებრივ და წარმომადგენლობით ორგანოთა შენობებში ხალხისაგან „თავს იცავენ“ ისეთი სამარცხვინო ატრიბუტებით, როგორიცაა მაღალი ღობეები, შლაგბაუმები, ელექტრონულად ჩამკეტი მოწყობილობები გასასვლელებში; მრავალრიცხოვანი პირადი მცველების კორდონები, რელიგიურ დღესასწაულებზეც კი (!)

ქვეყნის წინანდელი და ახლანდელი ხელისუფლებების სრული მარიონეტული დამოკიდებულება, მეტიც, ვასალური ქვეშევრდომობა დასავლეთის, ყველაზ მეტად, აშშ-ის პოლიტიკური ნებისადმი.

უცხოელთა ნებით არა მხოლოდ მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური პრობლემების შეფასება და მათ თაობაზე პოზიციის ფორმირება, არამედ ყველაზე წვრილმანი საშინაო საკითხების, ინტელექტუალური და კულტურული შიგა სამზარეულოს ფორმირებაც კი.  (მარტო მარკესის გარდაცვალებაზე სრული დუმილიც რად ღირს!) ამ მიზნით დასავლეთისგან ნაკარნახევი მათი ერთგული და ქართველი ხალხისაგან იგნორირებული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეანიმაცია და წამოწევა უმაღლეს სახელისუფლო თანამდებობებზე.

რეალობასთან შეუსაბამო ძალთა განლაგება ქვეყნის პარლამენტში, რომელიც როგორც მმართველი კოალიციის პოლიტიკური მოზაიკის, ისე უმცირესობის წილობრივი მონაწილეობით, მიახლოებითაც ვერ ასახავს თავად საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ქართველი ხალხის განწყობას, აღარაფერს ვამბობ დღევანდელ სიტუაციაზე, როცა ის იქცა სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების უბოროტეს მუხრუჭად.

სახელმწიფოს განვითარებისათვის კადრების უკმარისობა – რომლის შესახებ დაუღალავად საუბრობს ხელისუფლება. ეს რეალობაა, მხოლოდ ნაწილობრივი და სუბიექტური. ხელისუფლებამ ერთის მხრივ შეინარჩუნა ნაციონალური მოძრაობის უერთგულესი  კადრები ყველა რგოლში და ყველა დონეზე; მეორეს მხრივ, ახალი სახეები მოიყვანა არა გამოცდილების, პროფესიული მომზადებისა და საქმისადმი ერთგულების პრინციპით, არამედ, ნეპოტიზმის დაუფარავი და ფართო გამოყენებით. ქართულად რომ ვთქვათ – სახელმწიფო აპარატი თითქმის მთლიანად დააკომპლექტა ოჯახური, ნათესავური, მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე;

„კოაბიტაციის“ ახალი, შეფარული ეტაპის დაწყება – როცა „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი კადრები რეგიონებსა და პროვინციებში მოჩვენებითად მასიურად გადადიან თავიანთ, ან არსებული ხელისუფლების სატელიტ პარტიებში და ამით ინარჩუნებენ  ხელმძღვანელ თანამდებობებს. სავარაუდოა, ისინი მომავალშიც დასტა-დასტად იქნებიან წარმოდგენილნი, სახეშეცვლილნი და სახელშეცვლინი, მაგრამ უცვლელი შინაგანი რწმენით, ქალაქებისა და რაიონების  წარმომადგენლობით და აღმასრულებელ რგოლებში. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოდ მიღებული თვალსაზრისით, დემოკრატია ნებისმიერ სახელმწიფოში შენდება ქვემოდან, ზემოთქმული ძალიან საშიშია დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობისათვის;

ქვეყანაში ანტიდემოკრატიული პროცესების მძლავრობის ნათელი გამოხატულება  – სამართლიანობის პრობლემის მწვავედ არსებობა. სახეზეა ბოლომდე გამოუძიებელ დანაშაულებათა  ნიაღვარი, ცინიკურ სასამართლო გადაწყვეტილებათა კასკადი და ხელისუფლების უძლურება. მეტიც, მიმდინარეობს ნორმალური ვითარებისათვის მიუღებელი და აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი , როდესაც თვალნათლივ ჩანს სასამართლო გადაწყვეტილებათა პოლიტკურად მოტივირება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სასარგებლოდ(?!)

დემოკრატიისაგან შორს მდგარი ისეთი მოვლენა, როგორიცაა მეზობელი სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე მოსახლეობის აღწერის ჩაუტარებლობა და მისი დაგეგმვა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება თავისთვის და სასურველი ოპოზიციისათვის დაამთავრებს  ძალაუფლების ყველა დონეზე ხელში ჩაგდებას.

მას ექნება ორი უმძიმესი გაგრძელება: პირველი – სახალხო მღელვარება; მეორე – დაშინებული ხალხის გაჩუმება. სახელმწიფოსათვის მეორე ვარიანტი არანაკლებ საშიშია, ვიდრე პირველი. ხალხი დაშინებულია, რადგან ქვეყანაში კვლავაც იგრძნობა ინკოგნიტო ერთმმართველის ხელი, რომელიც ეყრდნობა ძალოოვან სტრუქტურებს. ამის დასტურია რეგიონებში საკვანძო თანამდებობებზე პოლიციის, პროკურატურის, საგადასახდო პოლიციის და სხვა მსგავსი ორგანოების მაღალჩინოსანთა დანიშვნა და საარჩევნო პარტიულ სიებში შეყვანა.

ელექტორატის ირიბად მოსყიდვის უმაგალითო მასშტაბები – საარჩევნო პროცესში ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მეგაპროექტების წარდგენა. სხვა საკითხია, რამდენად საჭიროა, დროულია, რეალურია ან უსაფრთხოა ისინი მოსახლეობისათვის.

ბიზნესის ჩაკეტვა იმ ვიწრო წრეში, რომელში შეღწევა მხოლოდ წინა ხელისუფლებისაგან მოწონებულმა და ახალი ხელისუფლების ახლობელმა ბიზნესმენებმა შეძლეს.

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების ქვეყანაში საქმიანი დაბრუნებისათვის არასათანადო პირობების შექმნის ფონზე საეჭვო უცხო კაპიტალის, ან უცხო კაპიტალის შირმას ამოფარებული საეჭვო წარმომავლობის ქართული ფულის  ისეთი მიმართულებებით გამოყენება, რომელიც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და აღატაკებს მოსახლეობას.

 

დასკვნის მაგიერ:

 – სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა იზრდება იმის კვალობაზე, როგორადაც იზრდება ნაცმოძრაობის თავხედობა.

 – სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა იზრდება იმის გამო, რომ საზოგადოდ მშიშარა სააკაშვილი ლომგული ხდება ხელისუფლების დათმობების შესაბამისად

 – სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა იზრდება იმის პარალელურად, რამდენადაც გარედან მართვადი ხელისუფლება ასრულებს უცხოელ პარტნიორთა მოთხოვნებს ქართული ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების საზიანოდ.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *