(მეგატივი) ქუთაისის მერობის კანდიდატების სატელევიზიო დებატები

(myvideo) ტელედებადები (პირდაპირი ეთერი) 

მიმდინარე წლის 5 ივნისს, ტელეკომპანია „რიონში“ შედგა ტელედებატები ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის. გთავაზობთ ამ დებატებში „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის თემურ შაშიაშვილის გამოსვლას:

– მინდა უკმაყოფილება გამოვხატო იმის გამო, რომ კანდიდატებს არ მოგვეცა რეალური შესაძლებლობა ტელევიზიების საშუალებით მიგვემართა მოსახლეობისთვის და საკუთარი პროგრამები წარგვედგინა. ეს არ არის ევროპული გზა, არსად ევროპაში, არ არის აჭრელებული არც ერთი ქალაქი ამდენი ბანერით. საარჩევნო დებატები იქ ტელევიზიებშია გადატანილი. აქ კი საპირისპირო სურათი გვაქვს – ქალაქი აჭრელებულია ბანერებით, ხოლო კანდიდატებს არ აქვთ საშუალება დეტალურად ისაუბრონ ტელესივრცეში თავიანთ პროგრამებზე,

მინდა გამოვყო ჩემი საარჩევნო პროგრამიდან რამდენიმე პრიორიტეტი:

პირველი,  ჩემი მერობის დროს მე მოვახერხე, ქალაქისთვის მომეწოდებინა უმაღლესი ხარისხის წყალი ფარცხანაყანებიდან. მანამდე ცნობილია, რომ ქუთაისი მოიხმარდა სასმელად გამოუსადეგარ წყალს. ჩვენ ამ საქმეს ახლაც ბოლომდე მივიყვანთ და ქალაქს ექნება უმაღლესი ხარისხის წყალი 24 საათის განმავლობაში.

მეორე  – მოსვლიდან 3 თვის თავზე, მოსახლეობას წარვუდგენ ანგარიშს, თუ რომელი ძალა რომელ ბიზნესს აკონტროლებს ქუთაისში.

დღეს ქუთაისი გადანაწილებულია გავლენის სფეროებად.  ჩემი გამარჯვების შემდეგ ეს დამთავრდება! ხალხს ეცოდინება, ვინ რას ფლობდა და რეალურად ვინ აკონტროლებდა  ქალაქს მთელი ეს პერიოდი.

მესამე – ჩვენ არ დავუშვებთ მეტალურგიული წარმოების განვითარებას ქალაქში და გარემოს დაბინძურებას. ქუთაისი უნდა გახდეს ეკოლოგიურად უფრო სუფთა! ჩვენთვის გარემოს დაცვა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

მეოთხე – ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და მთავარი პრიორიტეტი იქნება – დასაქმება. ამ მიზნით მაქვს  სერიოზული გეგმები ბიუჯეტის ფულის  მობილიზებით  დაწყებული და ქალაქში  300 მილიონიანი ინვესტიციების მოზიდვით დამთავრებული.

მინდა მოგახსენებთ, რომ ნიუ იორკის მერიაში  დასაქმებულია სულ 400 თანამშრომელი, მაშინ, როცა დღეს ქუთაისის ქალაქის მუნიცეპალიტეტში  700-900 თანამშრომელია და 9 მილიონზე მეტი იხარჯება ამ უზარმაზარი აპარატის შენახვაზე.

ჩემი გამარჯვების პირველივე დღეებიდან შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები,   მინიმუმამდე დავა მერიის საავტომობილო პარკი  და გამონთავისუფლებული 3 მილიონით დაფინანსდება ახალი სამუშაო ადგილები. ვიმეორებ.  ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე და სასწრაფოდ მოხდება. ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც განვითარდება ბიზნესი, ქუთაისი გადაიქცევა მაღალი ტექნოლოგიური პარკების ქალაქად და შემოვა ინვესტიციები, რასაც მოჰყვება მოსახლეობის დასაქმება.

გპირდებით, ჩემი მერობის შემთხვევაში 300 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემოტანას და  საავტომობილო  და ელექტრომექანიკური ქარხნების ბაზაზე ტექნოპარკების ამუშავებას.  მინდა გითხრათ, რომ მანამ არ დაგვადგება საშველი,  ვიდრე ქალაქს არ ეყოლება ერთგული და წესიერი მერი. 15 ივნისს, ჩემი არჩევით თქვენ სწორედ ასეთი მერი გეყოლებათ.

მე გამოკვეთილად ვამბობ –  საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთი პოლიტიკური ცენტრი – ეს არის დავით აღმაშენებლის გზა! თავად  დიდმა დავითმა ქუთაისს მისცა ის ფუნქცია, რომლის შესრულება სხვა არც ერთ ქალაქს არ შეუძლია –  ეს არის სულიერების, განათლების, კულტურის, მეცნიერების, ქართული ცნობიერების  დაცვის და განვითარების ფუნქცია. აღმაშენებელმა აქ გახსნა გელათის აკადემია და ამით გამოკვეთა ქუთაისის ფუნქცია. ქუთაისი უნდა გახდეს ამავე დროს ინტელექტუალური ბიზნესის ცენტრი!

მე საკითხს ვაყენებ  ასე: პარლამენტს დღეს თუ ხვალ მაინც გადაიტანენ. ნუ დავძაბავთ ურთიერთობებს ქუთაისსა და თბილისს შორის. მწამდა და მწამს: ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი! ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე კი წარმოუდგენელია ძლიერი საქართველო!…ამ ორი ცენტრის დაპირისპირება კი სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას.

აქვე გეტყვით, რომ  პარლამენტის გადატანას უნდა მოჰყვეს კომპენსაცია ქალაქისთვის. მერად არჩევის შემთხვევაში, მე მივმართავ ცენტრალურ ხელისუფლებას: ჩადეთ  ქალაქის განვითარებაში  500 მილიონი დოლარი; გადმოიტანეთ ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩემი მიზანია,   გადავაქციო ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქად 30 ათასი სტუდენტით.  საუნივერსიტო ქალაქი ნიშნავს მრავალფუნქციურ ქალაქს. საუნივერსიტეტო ქალაქი არის იუნესკოს ქალაქი, რომელიც  მოიცავს მეცნიერებას, კულტურას, სპორტს. მთელი ეს ტერიტორია, კინოთეატრ „სულიკოდან“ საავტომობილო ქარხნის ხიდამდე, სადაც დღეს განთავსებულია საქართველოს პარლამენტის შენობა, იუსტიციის სახლი, კონტროლის პალატა, სამთავრობო სახლი და უამრავი სხვა სახელისუფლებო ობიექტი, გახდება  საუნივერსიტეტო ქალაქის ტერიტორია.

ჩემთვის მთავარია, არა პარლამენტის ყოფნა -არყოფნა ქუთაისში, არამედ ქუთაისის განვითარება და თქვენი დასაქმება. პარლამენტი კი უნდა დაბრუნდეს თბილისში, რათა ქვეყანას ჰქონდეს ერთი პოლიტიკური ცენტრი.

ჩემი მერობიდან წასვლის შემდეგ, არც ერთ ხელისუფლებას არ შეუქმნია ქუთაისის განვითარების სტრატეგიული გეგმა. არა მარტო ერთიანი სტრატეგიული, არამედ ცალკეული პრობლემური მიმართულების მიხედვით (პროგრამა  – „წყალი; პროგრამა –  „გაზი; პროგრამა „გზა“; პროგრამა – „ენერგეტიკა“ და სხვ.)

ახლა მე გთავაზობთ  საკუთარ წინადადებებს თუ როგორ მესახება ქალაქის მომავალი და მერად არჩევის შემთხვევაში ასეთ პროგრამას  უმოკლეს ვადებში წარმოგიდგენთ. ჩემი პროგრამა დაეყრდნობა იმ მიმართულებებს, რამაც  ევროპა გადაარჩინა.  ესაა მაღალი ტექნოლოგიური პარკები. დღეს მე ვხედავ ბუტაფორიულ პროექტებს, მშენებლობებს, რეალური წინსვლა კი არ არსებობს.

ჩემი მერობის პერიოდში, მასწავლებელი რეალურად იღებდა  მერზე 1 ლარით მეტ ხელფასს, რეალურად ჰქონდა 10 ათასზე მეტ ბავშვს საბავშვო ბაღებში სამჯერადი უფასო კვება. გაკეთდა ჯაჭვის ხიდი, თეთრი ხიდი, გაიჭრა დავით აღმაშენებლის პროსპექტი, აშენდა ბავშვთა სოფელი და უამრავი სხვა…

დღეს  1 ლარი მხოლოდ 20 თეთრის საქვეყნო საქმეს აკეთებს, დანარჩენი 80 თეთრი კი კორუფციულია, ეს დამთავრდება. მე ვამბობ,  ამ თანხებით 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლებოდა.  ასე, რომ დღევანდელ და წინა ხელისუფლებებს არაფერი აქვთ საამაყო.

კიდევ ერთხელ გპირდებით: განვახორციელებ  300 მილიონიან ინვესტიციას, ვიმეორებ, რომ ბიუროკრატიულ ხარჯებს შევამცირებ მნიშვნელოვნად და ეს თანხებიც დასაქმებას მოხმარდება.

გადავწყვეტ ნაგავსაყრელის პრობლემას, ამ მხრივ  პრიორიტეტს მივანიჭებთ იტალიელების პროექტს, რომელიც გაცილებით უფრო უკეთესია, ვიდრე გერმანელების და ბიზნეს – პროექტია და არა კრედიტი.

ჩქაროსნული ამვლელი გზის მშენებლობის დასრულების  პარალელურად განხორციელდება კომპენსაციები. ჭავჭავაძის გამზირს  შევუნარჩუნებთ ეკონომიკურ ფუნქციას.

დადგა დრო,  დამთავრდეს ერთი კაცის ხათრით ვინმეს არჩევა. ეს იქნება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თუ მერები და გუბერნატორები. ამას ჰქვია მონური ფსიქოლოგია. მე ვერ ვიქნები „ქართული ოცნების“ და ზოგადად ხელისუფლების ერთგული, მაგრამ მე ვიქნები, საქართველოს ერთგული, ქართული იდეის ერთგული ქუთაისის ერთგული და  ქუთაისლებისთვის მიცემული სიტყვის ერთგული. სწორედ ამას ნიშნავს  ქართული ცნობიერების თვითმმართველი ქალაქის მერობა. მე ვიქნები ის მერი, რომელსაც ექნება ერთგულება და  ზღვა სიყვარული ხალხისადმი და კლდესავით მტკიცე იქნება  ხელისუფლების მიმართ!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *