(ვერსია) თემურ შაშიაშვილი დაუმორჩილებლობის იდეით გამოდის

 

15თვითმმართველი ქალაქის, ქუთაისის 125 საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია და შეიძლება ითქვას, , სახელისუფლებო კანდიდატი 50,9%-ით წკიპზე გადაურჩა მეორე ტურს. მეორე ადგილი ნაციონალების კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ დაიკავა 26 %-ით ხოლო მესამე ადგილზე ალიანსის “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” წარმომადგენელი, თემურ შაშიაშვილი 13,5%-ით მესამე ადგილს დასჯერდა. ბუნებრივია , მერობის დამარცხებული კანდიდატი განაწყენებულია, თუმცა როგორც თავად ამბობს, გაყალბების უტყუარი ფაქტები აქვს და მათ შესახებ “ვერსიასაც” უამბობს.

მოისყიდა თუ არა „ოცნებამ“ ამომრჩეველი 15 ლარად , ვინ და როგორ ატარებდა ეგზიტპოლებს ქუთაისში და რას აპირებს გაერთიანებული ოპზიცია ოქტომბრის შემდეგ – „ვერსიას” „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

– მოქკავშირის რეფორმატორულმა გუნდმა არჩევნების გაყალბების ისეთი ინდუსტრია შექმნა, რომელიც თავის თავს მუდმივად სრულყოფს და ეს ხერხები უკვე ქვეყნის გარეთაც ინერგება. ჩანს, ასევე აღებული გვაქვს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნების – აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და სხვათა მეთოდები და ეს ყველაფერი თავს საქართველოში იყრის. ქუთაისში საკუთარი თვალით ისეთები ვნახე, რომ ეს თუ ამას არჩევნები ქვია, სჯობს, ხელსიუფლება არა არჩევნების, არამედ დაუმორჩილებლობის გზით შეიცვალოს. თავად ხელისუფლებას მიჰყავს ხალხი და ქვეყანა აქეთ!

რა ნახეთ ასეთი, რომ ამხელა გამოცდილების კაცს გაგიკვირდათ?

– მთელი ის თაიგული, რაც ნაცმოძრაობას არჩევნებზე ჰქონდა, „ოცნების“  მიერ გადმოტანილი და სრულქმნილია.  მაგალითებს გეტყვით: ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე არსებობს მრავალსართულიანი ბინები #79 და 81 მაგრამ არ არსებობს #79 -ბ1, #79 -ბ19, 81 – ბ3, 81-ბ11. ეს ოთხივე არარსებული ბინა ერთ პატარა ქუჩაზეა და იქ მკვდარი სულებია ჩაწერილი. ეს მკვდარი სულები კი მათთვის ცოცხლები არიან, ვინც არჩევნებს აყალბებს. ასევე, ნიკეას დასახლებაში  48 საცხოვრებელი ბინაა მითითებული, რომელიც არ არსებობს და იქ რეგისტრირებულია 6 000 ამომრჩეველი. 70 უბანზე 405 ამომრჩეველი მივიდა 13 ბიულეტენი გაუქმდა. 306-მა ხმა მისცა, 86 ბიულეტენი კი უბრალოდ, არსად ჩანს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჩვენი აქტივისტი ქალბატონები კი დგანან საარჩევნო უბნებთან, მაგრამ ეს კანონდარღვევა არ არის, უბრალოდ ჩვენებს აღრიცხავენო. კი მაგრამ აბა საარჩევნო კომისიას რა ფუნქცია აქვს, თუ ხელისუფლება არ ენდობა?  ამბობენ, ამას სომხური კარუსელი ქვიაო. მაგრა მგონი, ჯერ ჩვენ მოვიგონეთ და მერე ისწავლეს სომხებმა. – მოკლედ იქ ქალბატონების 2 გუნდი იდგა „ოცნების“ და „ნაციონალების“ წარმომადგენლებისა. იღებდნენ შევსებულ ბიულეტენებს, აგდებდნენ ურნაში,  ხოლო მერე უკან ბრუნდებოდნენ, ცარიელი ბიულეტენბი ისევ შემოჰქონდათ. ბევრი ადამიანი ტელეფონით სურათს უღებდა მის მიერ შემოხაზულ ბიულეტენს. ეს ორივე ჯგუფი წყნარად, მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს და ერთმანეთს ხელს არ უშლიდა. ქუთაისელი კაცი ვარ და ვიცი, ვინ რას წარმოადგენს, ამდენი ფულიანი, მხედრიონელი, ქურდების ხელისბიჭი და ბონდო შალიკიანთან დაკავშირებული პირი სიაში, რა უბედურებაა?! ერთ-ერთმა ერთი თვის წინ ქუთაისში რესტორანიც კი იყიდა. მოკლედ, სიებში სულ ფულიანი ხალხია, ვისაც ყველას დაყველაფრის ყიდვა შეუძლია.

ბიზნესმენები ხელისუფლების სიაში თქვენთვის ახალი ამბავია?

– ჩემი პრეტენზიაც სწორედ ისაა, რომ არაფერი იცვლება. ვეკითხები ხელისუფლებას – ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობიდან რომ მოდიან, უშიშროებიის  კადრები რომ დაასვით თავზე ქალაქებსა და რაიონებს, ეს გგონიათ დემოკრატია?

 – თქვენსა და გამარჯვებულ მურღულიას შორის, პროცენტულად ძალიან დიდი სხვაობაა, ის კონკრეტული მაგალითები,რომელიც თქვენ მოიყვანეთ, არჩევნების შედეგებს ცვლიდა?

– შოთა მურღულია ყველას მხოლოდ ექსპერტი ჰგონია. . არადა ის, ნაციონალ ვახტანგ ბალავაძესთაბ ერთად სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო და ნაციონალების წრეში ტრიალებდა. იყო მოქალაქეთა კავშირის დროს, და ეხლა ისევ ხელისუფლებაშია – ესაა მთელი ტრაგედია.  მეგონა, პატიოსნად მოვიქეცი, როცა ეს არ ვთქვი, მაგრამ უნდა გამოვსულიყავი და მეთქვა. სინამდვილეში მოხდა ის, რომ დილიდან 5 საათამდე მისული ამომრჩევლის შედეგებიდან გამომდინარე, 60% მხარს მე მიჭერდა. ხოლო საღამოს 5 -დან 8 საათამდე „ოცნებამ“ ხალხი ძალით მიიყვანა უბნებზე და, ბოლოს, სხვა შედეგი დაიდო.

 – არჩევნებზე პარტაქტივის მიყვანაში დანაშაულებრივს რას ხედავთ?

– ეს ყველაფერი არ არის – ქუთაისში 400 ეგზიტპოლი ჩატარდა და სულ 600 ადამიანი გამოიკითხა. საღამოს, როცა გავაკრიტიკე, ყველა ამომრჩეველი არ გამოიკითხა – მეთქი, შემომითვალეს, ჩვენ ყოველი მეშვიდე ამომრჩეველს ვეკითხებოდითო.. რომ მეცოდინება, რომ ყოველი მეშვიდე უნდა გამოიკითხოს, ძალიან მარტივად ისე ვიზამ, რომ ეს მეშვიდე ჩემი მომხრე გამოვიდეს. სხვა რამეებსაც გეტყვით – ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა 15 ლარი ღირდა!

 – ამომრჩევლის ხმის მოსყიდბა , ძიმე ბრალდებაა. ამის დამტკიცება შეგიძლიათ?

– პირადად მომაწოდეს ეს ინფორმაცია, გარდა ამისა, ერთმა ადამიანმა დამირეკა, და მითხრა, დიდი მადლობა რომ დამასაქმეთ.რაც თქვენ გამოჩნდით მერობის კანდიდატთა შორის, „ოცნებამ“ 1000 კოორდინატორი დაამატაო. კოორდინატორებს 500- 600 ლარს აძლევენ , ზედ პრემიას, 200 ლარს უმატებენ. ამ დროს ქუთაისის ბიუჯეტიდან  ყოველწლიურად 40 მლნ ლარს  იპარავდნენ საჯარო სამსახურებში 2000მდე კაცი, საკუთარი ნათესავები, ფაქტიურად ჰყავთ გაფორმებული და კადრებს ასე ბერავენ. ნიუ-იორკის მერიაში 400 კაცია და რა გახდა ქუთაისის მერია, სადაც 910 კაცია დასაქმებული? 600 ათასი ლარის ოდენობისპრემია  ქუთაისის მერიაში 4 თვეში გაიცა  და მეტი რაღა ფაქტი გვინდა, რომ დემოკრატიას არ აშენებენ?! ფაქტია, ნაციონალებისა და „ოცნებისათვის” ყველაზე მიუღებელი კანდიდატი მე ვიყავი და ყველა ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა. ქალაქის ახალი მერი, ნარმანია ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ნარმანიას მოადგილე იყო და ნარმანია  ყველგან თან დაატარებდა, მერე შოთა მურღულია წავიდა პოსტიდან და მინისტრის მოადგილე მისი ბიძაშვილი თემურ მურღულია გახდა.

 – დიდი ბოდიში,მაგრამ თემურ მურღულია სწორედ თქვენი ალიანსის ლიდერის ნინო ბურჯანაძის ეკონომიკური პროგრამის ავტორი არ იყო?

აი, ახლა მინდა გითხრათ, ომ ყველაზე დიდი ეჭვი პარტიაში სწორედთემურ მურღულიამ დატოვა. ჯერ ერთი, 26 მაისს საეთოდ ახლოს არ გაგვკარებია, ნინო ბურჯანაძესა და კრების არც ერთ ლიდერს. ახლა კი ხელიუსფლების მაღალ ეშელონებში მოხვდა. ალბათ გამოსავალი ისაა, ქვეყანა 1 ოქტომბერს ფეხზე უნდა დადგეს და ხელისუფლებაში მოსულებს, საჯაროდ, პუნქტების მიხედვით ათქმევინოს, რას დაგვპირდნენ და რა შეგვისრულეს.

 – განაცხადეთ, რომ ასეთი არჩევნების ჩატარებას ჯობია ხელისუფლება დაუმორჩილებლობის გზით შეიცვალოს, ამას თუ თქვენი თანაალიანსელი ჯონდი ბაღათურიას მიერ შემოდგომით დაანონსებულ აქციებს დავუმატებთ, ჩნდება კითხვა – რას აპირებთ?

– 8 ივლისს შეიკრიბება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შემდგომი მოქმედების სტრატეგიას განიხილავს და ეს არიქნება პოლიტიკოსების შეკრება. ჩვენ ავიღებთ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამას და შედეგებს გავაანალიზებთ.  გასაგებია, რომ მან დაიბრუნა თავისი ქონება, გადაარჩინა “ნაცმოძრაობა”, მაგრამ რა გააკეთა ხალხისთვის?! რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც და ამას საფუძვლად სწორედ ეს ობიექტური ანალიზი უნდა დაედოს. ვადამდელი არჩევნების გარეშე ქვეყანას არავითარი მომავალი არ აქვს. თუ მოქკავშირის იდეოლოგია პოლიტიკური ასპარეზიდან არ გაქრება, საქართველოში არაფერი შეიცვლება. თუ არჩევნებით წასვლა არ უნდათ, სხვა მეთოდებიც  არსებობს. ამ არჩევნებმა დამარწმუნა,რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება რეალურად არ იცვლება. რადგან ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა ცვლის ერთმანეთს. თუ ხელისუფლებაში რეალური ეროვნული პოლიტიკური ძალის მოსვლა გვინდა როგორც ჩანს. ამას არჩევნებით ვერ გავაკეთებთ!

ესაუბრა ნინო კომახიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *