(geonews.ge)საუკუნეებია, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გეოგრაფიას პოლიტიკად აქცევდა – თემურ შაშიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია „თეთრები“ მისი დაარსების დღიდან, მხარს ვუჭერთ და საქართველოს მომავლისათვის გაცილებით უკეთესად მიგვაჩნია ევროკავშირთან ურთიერთობის შვეიცარიული მოდელი, მაინც პოზიტიურად ვთვლით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, – ასე ეხმაურება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ასოცირების ხელშეკრულებაზე საქართველოს ხელმოწერას. ამავე დროს შაშიაშვილი ორ დამაფიქრებელ მომენტს გამოყოფს.

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, პირველი – დაწყებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობა ზედმეტად პოლიტიზებულია – ემსახურება ხელისუფლებისათვის ბრძოლას და ხელისუფლების შენარჩუნებას. ხელისუფლებებმა მოსახლეობას შეუქმნეს გრანდიოზული მოლოდინი ევროპასთან მიმართებაში. საუბედუროდ, ხალხის შეგნებაში ევროკავშირთან ურთიერთობა ევროპაში სარჩოს საშოვნელად წასვლასთან გაიგივდა. მეორე, მისივე თქმით, თვით ევროკავშირშია კრიზისი, რაზეც თავად ევროკავშირის ლიდერები ხმამაღლა საუბრობენ. ხოლო ევროპის მოსახლეობის განწყობა თანდათან სულ უფრო უარყოფითია ევროკავშირის მიმართ

„დამაფიქრებელია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერას „ხბოს აღტაცებით“ ვხვდებით მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი გამოსვლაზე ფიქრობს, ასეთივე განწყობა ძლიერდება საბერძნეთშიც, იტალიაშიც, უნგრეთშიც და ბევრ სხვა უკვე წევრ ქვეყანაში. მაშინ როცა, ესტონეთის პრეზიდენტიც კი საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირში შესვლის შემდგომ ქვეყანა დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

მისი თქმით, სამწუხაროდ, ვეროკავშირში მიღება დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სულიერ ღირებულებებს კი არ ეყრდნობა, არამედ, პოლიტიკური ნიშნით ხდება. მთავარი პოლიტიკური საზომი კი რუსეთთან დამოკიდებულებაა: თუ დაპირისპირებული ხარ რუსეთთან, ან პოტენციურად შესაძლოა გახდე ასეთი – ფართოდ გიღებენ კარს.

 

 

„ჩვენ გავიარეთ ეპოქა: ამერიკა მტერია – რუსეთი მეგობარი, ვცხოვრობთ ეპოქაში – რუსეთი მტერია, ამერიკა და ევროპა – მეგობარი. არც ერთია ქართული გზა და არც მეორე. სამწუხაროა, რომ საუკუნეებია, საქართველოში ვერ მოდის ხელისუფლება, რომელიც მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას (ღმერთისგან ბოძებულს), პოლიტიკად აქცევს“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *