(ალია) თემურ შაშიაშვილი: რას უმზადებს საზოგადოებრივი მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს?

 

10458322_675369219198464_8459747480585410181_nრა საზოგადოება იკრიბება 1 ოქტომბერს და ჩააბარებს თუ არა ანგარიშს ხალხს ბიძინა ივანიშვილი? რას აპირებს თემურ შაშიაშვილი, თუ შემოთავაზებას არ მიიღებს ყოფილი პრემიერი? სადამდე მიიყვანს ხალხს ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება და უნდობლობა?

,,ალიას“  ,,თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო თემურ, 8 ივლისს საზოგადოება შეიკრიბა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ანალიზის მიზნით, რა კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეთ, რა დაგეგმეთ?

_ ყველა შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ჩვენ არ ვქმნით არც საზოგადოებრივ მოძრაობას, არც პარტიას, ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც ყველა დემოკრატიული ქვეყნისათვის ჩვეულებრივი პროცესია. ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს ხალხის კონტროლს, დიდი ხანია, ხელისუფლება გასულია ხალხის კონტროლიდან, ის მუდამ საუბრობს ხალხის ენით, თითქოს ხალხზე ზრუნავს. სოციალური  დემაგოგია იმ დონეზე მივიდა, ვინც მოდის ხელისუფლებაში და რისი გაკეთების დაპირებითაც მოდის, იმის გაუკეთებლობის გამო აგდებენ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოვიდა შევარდნაძის ხელისუფლება და კორუფციისათვის გააგდეს, კორუფციის, სოციალური ფონის და ერთიანობის ეგიდით მოვიდა სააკაშვილი და სწორედ მოსახლეობის გენოციდისათვის, ელიტური კორუფციისა და ტერიტორიის დაკარგვისათვის გააგდეს. ანუ რეალურად, ხალხის კონტროლიდან გასული ხელისუფლება სწორედ თანამედროვე მაღალტექნილოგიების გამოყენებით ელაპარაკება ხალხს და ებრძვის ქვეყანას. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ძალიან კონკრეტული. ერთხელ და სამუდამოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ის არის დაქირავებული, ის კი არის მსახური იმისა, ვინც აირჩია. დღეს საქართველოში ნუმერაცია მისცეს პოლიტიკურ ძალებს, მე არ ვიცი, რომელია პირველი და მეორე პოლიტიკური ძალა. თუ არჩევნები არის იმის დადასტურება, როგორი პოლიტიკური განწყობაა ქვეყანაში, მაშინ ეს არჩევნები ყოფილა უნდობლობის რეფერენდუმი, რადგან როგორც პირველ, ასევე მეორე არჩევნებზე 60–70 % არჩევნებზე არ მისულა. პრემიერს მიაჩნია, რომ ხალხი იმიტომ არ მივიდა არჩევნებზე, ხელისუფლებას ენდობიანო.  დემოკრატიამ ასეთი რამ არ იცის. ხალხი იმიტომ არ მივიდა, რომ თვლის, მისი ხმა ვერაფერს შეცვლის. ქუთაისში ხალხი მეუბნებოდა, ნუთუ ასეთი მიამიტი ხართ, რომ გჯერათ, არჩევნები არ გაყალბდება და ხელისუფლებას ამ არჩევნებით შეცვლითო.  ზოგი მეუბნებოდა, კი, პატივს გცემთ, მაგრამ იცოდეთ, არჩევნებში არ მოვალთ, 6 მილიარდის პატრონი მოვიდა და ერთი დაპირება არ შეუსრულებიაო.

_ რასაც ახლა საუბრობთ, როგორც სჩანს, თქვენი შეკრება ერთგვარი გამაფრთხილებელი ყოფილა, ასეა? ახალი ხელისუფლება მოვიდა ადგილობრივ დონეზე, მათ აფრთხილებთ?

_ უფრო მძიმეა სიტუაცია. ბედნიერი ვარ, რომ არჩევნებში ჩავერთე და საკუთარი quთვალით ვნახე, როგორ შეეკრნენ ერთმანეთს ნაციონალები და ოცნება, ხალხი მეუბნებოდა, არ გაგახარებენო. ვნახე, რომ სულ სხვა განწყობაა ხალხში, ვიდრე ეს პოლიტიკურ ლიდერებს და ინტელიგენციას ჰგონიათ. ჩვენ შემთხვევით არ ვამბობთ,რომ ნაციონალების თავგასულობა, ხელისუფლების თვითკმაყოფილება და საქართველოს მოქალაქეების მზარდი უკმაყოფილება არის კონფლიქტის გზა. ამის შედეგი იქნება კატასტროფული, ვიდრე დღეს გაბატონებული უიმედობა. ხალხი ელოდა რადიკალურ ცვლილებებს, ხელისუფლება კი თვლის, რომ დაპირებები გადაჭარბებით შეასრულა. ხალხი მოითხოვდა ნაციონალების გასამართლებას, მოხდა პირიქით.

_ ახლა, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია და ნაციონალების არსებობას ვერ მოიმიზეზებს ვერც ადგილობრივ დონეზე, რას გააკეთებს ხელისუფლება, ახალ მიზეზს მოძებნის?

_ დღეს ხელისუფლებას შეუძლია, ხალხს უთხრას, ჩემთან რა გინდათ, ეს საკრებულო ხომ თქვენ აირჩიეთო.  უკვე ხელისუფლება თავისუფლდება გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, სინამდვილეში კი არავინ არ აურჩევიათ, ისევ  ბიძინა ივანიშვილის ხათრით მოიყვანეს ხალხი და მეტსაც გეტყვით, არ მეშინია ამ ფრაზის და დაწერეთ, უშიშროებამ ჩაატარა არჩევნები საქართველოში.

_ რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად?

_ რაც არ უნდა ისაუბრონ ახლა, დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნებიო, ყველამ ვიცით, რომ უშიშროებამ ჩაატარა და მისი ჩატარებული არჩევნები როგორ იქნა დემოკრატიული? რა საქმე აქვს არჩევნებთან უშიშროებას? აფრიკის ქვეყნებშიც კი იშვიათია, რომ ერთი პარტია იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში ყველგან წარმოდგენილი. ეს მსოფლიოში არ არსებობს. გამოდიან და აღტაცებით საუბრობენ დემოკრატიული  არჩევნების ჩატარებაზე, ბატონებო, ხალხის განწყობა არ არის ისეთი საქართველოში, რომ ყველა ქალაქსა და  რაიონში ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყოს ყველა. ამის დასტურია ის, რომ არჩევნებზე არ მივიდა უმრავლესობა. შემრცხვებოდა, მარტო მე რომ ავერჩიე ხალხს, რადგან არსად საქართველოში არ აქვს სხვა ძალას გამარჯვების შანსი და მერე ხალხი იტყოდა, შეკრული იყო ხელისუფლებასთან, იმიტომ გაიყვანესო.  არ არსებობს არც ჟურნალისტური, არც არასამთავრობო კორპუსი, რომელიც კონტროლს გაუწევს ხელისუფლებას, გეუბნებით, შიშის ზარს მგვრიდნენ ეს ადამიანები, როცა გუბერნატორი ვიყავი. მათ პულზე ეჭირათ ხელი. ახლა სხვაგვარად არის ყველაფერი, გამეფდა მონური ფსიქოლოგია. ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ იცის, როგორ უნდა აკონტროლოს ადგილზე მდგომარეობა, ადგილზე მაკონტროლებელი არაა, ცენტრი ვერ აკონტროლებს, სამაგიეროდ პულსზე ხელი აქვს უშიშროებას. ვინ მოიყვანა უშიშროება? 80 % არის კომპრომეტირებული ადამიანი. 26 მაისმა გაამარჯვებინა იმ ხალხს, რომელთაც 26 მაისი ჩაახშვეს სისხლში. იარაღებით, დუბინკებით გვებრძოდნენ და ეს ხალხი მოვიდა საკრებულოში. ესენი არიან თავისუფლების ინსტიტუტის და სოროსელების საზოგადოება, პირობითად ჰქვიათ მათ ,,ნაციონალური მოძრაობა“, თორემ ამ ხალხს პარტიულობა არც აქვთ.პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობენ არა იმიტომ, რომ პარტია შეიცვალონ, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგია შეიტანონ. ეს კი დიდი დამსახურებაა ივანიშვილის. გაოგნებული ვარ, ისეთი სიამაყით აცხადებს ნარმანია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვიყავიო. თქვენმა გაზეთმა მაინც გამოიკვლიოს, რა დაფინანსება ჰქონდა ამ ორგანიზაციას გარედან. ამ ადამიანებმა, რომლებსაც მილიონებით აფინანსებენ, კარგად იციან, რომ თუ ეს სკოლა არ გაიარეს, ხელისუფლებაში ვერ მოხვდებიან. გამოცდილების გარეშე არსად ფასობს იურისტი და ეკონომისტი, აქ კი ყველა ხელისუფლებას თავზე დაასვეს ახალგაზრდა იურისტები, ადვოკატები და ეკონომისტები. კანალიზაციის მილს აკეთებს გამოცდილი ადამიანი,  თავზე ადგას 23–25 წლის ახალგაზრდა და ბრძანებებს აძლევს, აი ესაა გამეფებული ქვეყანაში. ჩემი ამერიკელი მეგობრები იცინიან და ამბობენ, მონური ქვეყანა ხართ და დასავლეთი რასაც გკარნახობთ, იმას აკეთებთ, ჭკვიან, გამოცდილ ხალხს კი არ უსმენთო. ხელისუფლება ყველაფერზე აგებს პასუხს და კონკრეტულად არაფერზე, თავის ფუნქციას არ ასრულებს და გამოცდილი ადამიანების დისკრიმინაციას საზღვარი არ აქვს.უფროსებად დადგნენ ადამიანები, ვინც საქმე არ იცის. ეკონომისტი და ფინანსისტი იაკობიძე, რომელმაც არ დაუჯერა დასავლეთს, გააშვებინეს შევარდნაძეს. მერე მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მორჩილები იყვნენ, რომლებიც ადვილად დაუპირისპირდებოდნენ ძველ თაობას და თაობათა ერთიანობას დაჩეხავდნენ ამ ფორმით. ეს ტენდენციაა დღეს საქართველოში. ყველაფერი კეთდება ნასესხები ფულით და იმასაც კორუფციული გზებით ითვისებენ, მერე კი არც ეკონომიკა გვაქვს წინ წასული და ვალების გადახდა მოუწევთ ჩვენს მომავალ თაობას. წინა ხელისუფლება იპარავდა, მოვიდა ახალი ხელისუფლება, იგივე გაგრძელდა. ესენი ვეღარ მოთხოვენ პასუხს წინა ხელისუფლებას, როგორც ის აკეთებდა, ესეც ისე აკეთებს ყველაფერს. ადგილებზე საოცარი შეთანხმებაა ნაციონალებსა და ოცნებას შორის. მეტსაც გეტყვით, ოპოზიციურ პარტიებს რომ წარმოადგენენ ზოგიერთები, იმათი წარმოდგენლებიც შეკრულები იყვნენ მათთან.

_ იქნებ კონკრეტულად დაასახელოთ?

_ ნახეთ, ვის დაუჭირეს მხარი რუსთავში? ამგვარი ფაქტები ხშირი იყო, რადგან ისინი არ იყვნენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ისინი დაასახელეს.  უშიშროების შემოგდებული იყო ბევრი, რადგან, როგორც გითხარით, ის მართავდა სიტუაციას ადგილებზე. ნარკომანებით გაივსო ადგილობრივ დონეზე საკრებულოები, გავა დრო და მე ვიქნები ერთ–ერთი ინიციატორი იმისა, შემოწმდნენ ეს ადამიანები. ბევრი რამის დადასტურება ძნელია, მაგრამ ნარკომანიაზე შემოწმება ხომ შესაძლებელია? მე რომ ღარიბაშვილი ვიყო, კანონს მივიღებდი, ვინც მოხვდა საკრებულოში, ყველასთვის ნარკოტესტის გავლა აუცილებელი იყოს. ნაცვლიშვილზეც ხომ დადასტურდა ის, რასაც ხალხი ამბობდა მასზე? ბევრი რამ წამოტივტივდება კიდევ.

_ ბატონო თემურ, მინდა შეკრებას დავუბრუნდე, თქვენ მოუწოდეთ ივანიშვილს, გამოდით თავისუფლების მოედანზე და ხალხს ანგარიში ჩააბარეთო. შეუთვალეთ უკვე?

_ არავის არაფერს ვუთვლი, ყველა პოლიტიკოსს, ვისაც პოლიტიკური კულტურა გააჩნია და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, ასი დღე რომ გავა, ხალხს უნდა ჩააბაროს ხალხს. გავიდა 2 წელი და დროა უკვე ამ ანგარიშის ჩაბარების. ამ 2 წლის თავზე უნდა ჩატარდეს ნდობის რეფერენდუმი.

_ თუ არ გამოგეხმაურათ ივანიშვილი, რას აპირებთ?რამე გაქვთ დაგეგმილი?

_ რა თქმა უნდა. ,,ოცნება“ რომ ამბობდა, ყველაფერი უფასო იქნება, ოღონდ ამირჩიეთო, ამაზე ხალხს უნდა პასუხი. რა მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. ამ დროს, ბიძინას შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, ესენი კი  რისი გამკეთებლები არიან?აგვისტოში და უფრო მეტად სექტემბერში, როცა ამ მასალას გამოვაქვეყნებთ, დაიწყება ხელმოწერები. 1 ოქტომბრამდე დაინიშნება შეკრების დღე, დავარიგებთ ამ მასალას, შემდეგ ტრიბუნაზე გამოვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ენდო საქართველო და მან უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი.სხვასთან ჩვენ პრეტენზიები არ გვაქვს. როცა შევიკრიბებით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული პუნქტების მიხედვით, პარტიულობის ნიშნით არ ვიკრიბებით, მეცნიერები, ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან ამ შეკრებაში. თუ არ მოვა ბევრი ხალხი, პირისპირ სადმე შეხვდეს მათ ივანიშვილი და გადაიცეს ტელევიზიით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რახან გადაწყდა ყველაფერი ორი წლის წინ 1 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, ანგარიშიც ამავე ადგილზე იქნას ჩაბარებული. არაფერს ვითხოვთ ისეთს, რაც არ მოუთხოვიათ სხვა ქვეყნებში. ბიძინა ვერ იტანს, ვინმე რომ რამეს ურჩევს, მას ისინი უყვარს, ვინც თავს უკრავს, ბუქნაობს, ვინც აქებს. როგორც წინა პრეზიდენტები დაღუპეს მედროვეებმა, ამ კაცსაც ეგენი დაღუპავენ. ქვეყანაში მედროვეების დრო გრძელდება.

_ ეს ყველაფერი მხოლოდ იქითკენ მიდის, რომ იწყება მოძრაობა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით?

_ ამას პროცესი აუცილებლად თავისთავად მოიტანს. მთელი ევროპა საუბრობს იმას, რომ ჩვენ ახალი საბჭოთა კავშირისკენ მივდივართ, ჩვენ კი გვიხარია. ყველაფერზე პასუხი გვინდა 1 ოქტომბერს. ბიძინამ უნდა თქვას, ხალხი რატომ არის იმედგაცრუებული და გრძნობს თუ არა ამის გამო პასუხისმგებლობას?

 

ესაუბრა ჟანა ასანიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *