თავხედობასაც აქვს საზღვარი!

 

 პრეზიდენტის აზრით, საქართველოში ხალხი წყვეტს ყველაფერს

 

gerbi1 საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი  საავადმყოფოს გახსნისას მორიგი  გამოსვლის დროს სიტყვა-სიტყვით ბრძანა: “სანამ საქართველოში  ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, ეს ნიშნავს, რომ ხალხი წყვეტს ყველაფერს“.

პრეზიდენტმა ისე წაიყვანა  თავისი საქმე და ხალხის მისდამი დამოკიდებულება, რომ მისი გამონათქვამების  სერიოზული ანალიზი დიდი არასერიოზულობაა. ეს ჩვენ ვიცით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დაფიქრებისათვის ვამბობთ:

– გამოდის, რომ ხელისუფლება კი არა ხალხი არის შემოქმედი გაყალბებული არჩევნებისა, რომლის ძალითაც დღევანდელი მმართველი ხროვა განაგებს ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალს;

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა გადაწყვიტა გაყიდულიყო მიწა და ყველაფერი, რაც მიწისქვეშ და მიწის ზემოთ არის საქართველოში;

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა გადაწყვიტა  ხელისუფლებას ეცხოვრა ფუფუნებაში, და თავად – სიღატაკეში;

–  – გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა ისურვა პრეზიდენტს ყოველ რეგიონში ჰქონოდა მდიდრული რეზიდენციები, თავად კი მამაპაპური სახლებისათვის ერთი აგურიც კი ვერ მიემატებინათ;

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, თავად ხალხმა განსაჯა, რომ სამედიცინო მომსახურების ღირებულების 80% თავად გადაეხადა; რეალურთან შედარებით მინიმუმ 40%-ით ძვირი ღირებულიყო ელექტროენერგია; 50%-ით ძვირი ღირებულიყო ბენზინი;

– გამოდის რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა  ისურვა პრეზიდენტის სასახლეების აშენება ავლაბარსა და დიღომში ისე, რომ საქართველოს არც ერთ სოფელში არ აშენებულიყო არც ერთი სახლი, აშენებულები კი უსახსრობის გამო  დანგრეულიყო.

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა  დააქცია სოფლის მეურნეობა ისე, რომ სოფელი საკონცენტრაციო ბანაკად იქცა;

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა  ისურვა ისეთი სოციალური პირიბების შექმნა, რომ ვერ მიეღო არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტების ოფიციალურად აღიარებული მინიმუმის ნახევარიც  კი;

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა მოინდომა, მიუხედავად იმისა , რომ საქართველოში ცხოვრება საამურია, ოჯახების შიმშილით სიკვდილისაგან გადასარჩენად უცხოეთში გადახვეწილიყო;

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა ინება სესხების აღების გზით კატასტროფულად გაზრდილიყო საგარეო ვალები და ამ თანხებით გვეშენებინა პრეზიდენტის სასახლეები და ჩქაროსნული მაგისტრალები;

– გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა დაალაგა საბიუჯეტო პოლიტიკა იმგვარად, რომ პედაგოგისა და ექიმის ხელფასი ორჯერ ნაკლებია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე, ხოლო ბიუჯეტიდან გაცემული ხელფასი ზოგჯერ 200-300 – ჯერ აღემატება საშუალო პენსიას;

 

– გამოდის, რომ ხელისუფლება კი არა ხალხია შემოქმედი 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევებისა.

 

 

კიდევ რამდენი რამ ხელისუფლებას კი არა ხალხს გადაუწყვეტია. ხელისუფლების სასარგებლოდ და თავის საზიანოდ.

 

 

კიდევ რამდენ რამეზე შეგვიძლია ვთქვათ: ‘ გამოდის, რომ ხელისუფლებას კი არა ხალხს…“

კიდევ სანამდე მივა პრეზიდენტის ცინიზმი?

ფილოსოფოსები ამბობენ – თავხედობასაც აქვს საზღვარიო.

პრეზიდენტის ცინიკურ გამოთქმებს და თავხედურ ქმედებებს ნამდვილად არ აქვს საზღვარი.

კარგად გვესმის, არჩევნების წინ ხელისუფლება რატომ დაიშაქრა და თაფლაკვერებს რად არიგებს. იმედი გვაქვს, ხალხი ფოჩიან კამფეტებს არ წამოეგება.

ახალი პოლიტიკური ძალა „მოძრაობა „თეთრები“

პრეს-ცენტრი

2012 წლის 3 იანვარი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *