ხელისუფლება ტოტალურად არის გასული ხალხის კონტროლიდან

 თემურ შაშიაშვილის გამოსვლა არასამთავრობო სექტორის წინაშე არჩევნების დღეს 

  •  ეს არ არის არჩევნები – ეს არის პოლიტიკურ ყაჩაღთა თარეში დემოკრატიის სახელით!
  • დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლებაში მისვლით კარგავ პიროვნულ თავისუფლებას, საქართველოში – ხელისუფლებაში მისვლით ხდები არა უბრალოდ თავისუფალი, არამედ თავხედობამდე თავისუფალი.
  • დემოკრატია არის იმ ქვეყნებში, სადაც ხელიუსფლებამ იცის , რომ ის უფროსი კი არა, მსახურია, სადაც ხალხი აკონტროლებს ხელისუფლებას, სადაც ძლიერი და მართალი ჟურნალისტთა კორპუსი და რეალურად თავისუფალი არასამთავრობო სექტორია. სადაც ხელისუფლებამ იცის, რომ მისი მთავარი ფუნქციაა კონკურენტული გარემოს შექმნა და ადამიანის დაცვა. 

DSC_0244

ჩემი აქ მოსვლით ვადასტურებ კეთილგანყობას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც იქნება ძლიერი სამოქალაქო სექტორი.

წინასაარჩევნო პერიოდში მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრები, რომელთა დროს გავიგე ისეთი ფაქტები, რომელთაც ძლიერი სამოქალაქო სექტორის არსებობის შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა.

ერთი ფაქტი. დღეს გავიგე, რომ ქალაქის ჯერ კიდევ მოქმედი მერი თურმე ხმას თბილისში აძლევს, ანუ ქუთაისში არ არის ჩაწერილი. მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

მე ვიცი, როგორ ტარდება არჩევნები დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში და ამ გადასახედიდან ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი ქართული ოცნების შტაბის უფროსის, მოქმედი ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის განცხადებას, რომ თურმე საარჩევნო უბნებთან აქტივისტების სიებით დგომა და ამომრჩევლების აღრიცხვა ჩვეულებრივი პროცესია. ამას ამბობს ქვეყნის ვიცე-პრემიერი; ქვეყნის, რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია. ამომრჩევლებზე ზემოქმედება ხდება დაგინებით დაწყებული, ხატზე დაფიცებით და სურათების გადაღებით დამთავრებული. არის უბნები, რომელთაც გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აკონტროლებენ და არავის უშვებენ უბანზე. მაგალითად „ნაციონალების“ წარმომადგენელი კუნთმაგარი ბიჭების გარკვეული ჯგუფი, რომელის თითოეული წევრი 500 ლარს იღებს, აკონტროლებს უბანს და არავის უშვებს. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მიიყვანეს, დამატებით იღებენ 1000 ლარამდე გასამრჯელოს. და არის ეს დემოკრატია? მე ვთვლი, რომ ეს არის კატასტროფა.

გაოგნებული ვარ. დღეს საქართველო გადაიქცა თავგასული პოლიტიკოსების ქვეყანად – მიკერძოებული, საერთოდ დაუძლურებული ჟურნალისტური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის ფონზე. სწორედ ძლიერი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის საშუალებით უნდა აილაგმოს პოლიტიკოსების თავხედობა. თუ ასე არ მოხრდა ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგი ელოდება.

დააკვირდით, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ამბობენ პირად საუბრებში, ჩვენ არ გვჭირდება “ნაციონალი” ქალაქის მერი, ის მაინც ჩვენიაო. ანუ ბატონი მურღულია მათია? რას უნდა ნიშნავდეს ეს? ასევე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების განცხადება – გვინდა მეორე ადგილი, პრეტენზია არ გვაქვს პირველ ადგილზეო, ხომ არ არის ეს გარკვეული გარიგების ნიშანი „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის.

კიდევ ერთი მაგალითი მრუდი წინასაარჩევნო ტექნოლოგიებისა. ჩემთვის ცნობილია, რომ ორშაბათს ხელისუფლების მიერ დაიგეგმა ქუთაისში კონცერტი, ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარასკევს. ანუ წინასწარ ვინმემ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა კვირას არჩევნები? ვინმემ წინასწარ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა ქუთაისში?

მსგავსი კონცერტების იდეა თავიდან ჩვენ გვეკუთვნოდა. კიდეც მოვაწყვეთ რამდენიმე კონცერტი. მაშინ გვაკრიტიკებდნენ და ამას არაქართულ მოვლენად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთ ასეთ კონცერტს რომელზეც 100 ათასამდე ადამიანი იყო, ესწრებოდნენ ჟვანია და “მოქკავშირის” წარმომადგენლები, მაშინ ჟვანიამ თქვა მოგებული გვაქვს არჩევნებიო, მაგრამ ასე არ მოხდა. ქუთაისში მოქკავშირმა არჩევნები ვერ მოიგო. რეალურად კონცერტზე მისული ხალხიდან არჩევნებზე 10%-იც კი არ მიდის. მაგრამ კონცერტის მომწყობებს ეძლევათ საბაბი ისაუბრონ, რომ თითქოს კონცერტზე მისული ხალხი უკლებლივ ყველა მათი მხარდამჭერია, ანუ, ასიათასობით მხარდამჭერი ჰყავთ. მსგავსი საარჩევნო ტექნოლოგიები რეალურად ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების დემოკრატიულობას .

ვხედავ საშიშ მომენტებს მომავლის საქართველოსთვის. პირადად ჩემთვის კი არ ვხედავ საშიშროებას, ისეთი საარჩევნო პროგრამა მაქვს, რომ გულწრფელად მიმაჩნია, მოწინააღმდეგეებმაც კი უნდა ისურვონ ამ პროგრამის განხორციელება. არასდროს არჩევნები არ ჩამიტარებია, სხვაგან კი დავსწრებივარ. მაგალითად გერმანიაში, იტალიაში,საფრანგეთში, ამერიკაში ორჯერ ვესწრებოდი არჩევნებს… ჩვენი არჩევნების შესახებ ერთი შემიძლია ვთქვა: სიტყვით დემოკრატიისკენ მივდივართ, რეალურად კი დიქტატორული აზიისკენ, რადგან მსგავსი არჩევნები მე ვნახე ირანში.

ავიღოთ ერთი მაგალითი: ქალაქი აჭრელებული იყო ბანერებით, ამდენი ბანერი ჩემი რომ ყოფილიყო, შემრცხვებოდა. დემოკრატია არის არა ბანერებით აჭრელებული ქუჩები, არამედ, ძლიერი სამოქალაქო სექტორი, ძლიერი ჟურნალისტთა კორპუსი, მართალი მედია და ტელევიზია, საერთოდ, დემოკრატია არის კონტროლის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსი და ხელისუფლება.

აქ კი მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი გასულია კონტროლიდან. მე ვერ ვნახე ხელისუფალი, განსაკუთრებით ადგილებზე, რომელიც არის კონტროლის ქვეშ. ის, რაც ხდება ბიუჯეტში საერთოდ და ადგილობრივ ბიუჯეტებში კერძოდ, ამას დიქტატორულ ქვეყნებშიც არ მოითმენენ/. არ მოითმენენ არც ბიუჯეტის ასე ხარჯვას და ხალხის ფულის ასე განკარგვას.

მე თუნდაც იმიტომ მინდა ქალაქის მერი გავხდე, რომ მერიაში მუშაობა ყველასათვის მიმზიდველი არ იყოს.. მაქვს შემუშავებული მექანიზმი, რომლითაც მერიის თანამშრომლები უმკაცრესი კონტროლის ქვეშ იქნებიან.
მსოფლიოში არსად დიდი, წარმატებული მეწარმე არ ხდება საჯარო პირი, რადგან მეწარმე უნდა იყოს თავისუფალი, ხოლო საჯარო პირი მთელს მსოფლიოში უმკაცრესი კონტროლის ქვეშაა.

საქართველოში კი პირიქითაა: ხელისუფლებაში მისვლით იძენ თავისუფლებას, მაშინ როცა უცხოეთში ხელისუფლებაში მისვლით კარგავ თავისუფლებას.

დებატები დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. მე შევთავაზე ჩემს კონკურენტებს, მერობის კანდიდატებს ნაცმოძრაობიდან და ქართული ოცნებიდან, რომ გაგვემართა ღია დებატები თეატრში რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. სამწუხაროდ, მათ ეს წინადადება არ მიიღეს.. ის რაც მოხდა ჯავახიშვილის ქუჩაზე, იყო კატასროფა, ქუთაისის შეურაცხყოფა, როცა ერთ პატარა სკვერში ორი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავის ამომრჩევლებთან ცალ-ცალკე შეიკრიბნენ. მე მათ შევთავაზე ამ ორი მიტინგის გაერთიანება, ერთმანეთთან დალაპარაკება, რაზეც ისინი არ წამოვიდნენ. მაშინ მივედი ხელისუფლების მხარდამჭერებთან და პირადად დავუსვი კითხვა ბატონ მურღულიას. მართალია თუ არა, რომ ერთი წლის განმავლობაში მერიაში 600 ათასი დაიხარჯა პრემიებში, 300 ათასი მანქანების მომსახურებაში და 3 მლნ. ხელფასებში, ქალაქის მერმა მომცა პირობა რომ ორ დღეში მოგვაწვდიდა ცნობებს ამის შესახებ. გავიდა 10 დღე და არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. მე არ მაქვს ოფიციალური დოკუმენტი, გარდა იმისა, რომ ვიცი, რომ 3 მილიონ 600 ათასიო ლარს ამოიღებენ არჩევნების შემდეგ მანქანების დაჯარიმებით, ანუ 35 ათასი მანქანაა ქუთაისში და ამ პროგნოზით, საშუალოდ თითოდან 100 ლარს ამოიღებენ.

გუშინ მანქანას, რომელშიც მე ვიმყოფებოდი, გამოეკიდა პატრული. გააჩერეს, მძღოლი შეამოწმეს სიმთვრალეზე და დააჯარიმეს. უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც არასდროს დაუჯარიმებიათ, ოთხჯერ დააჯარიმეს ოთხჯერვე სხვადასხვა საბაბით მაშინ როდესაც მის მანქანაში ვიჯექი.

მომეწონა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მთავრობის ფუნქცია სამუშაო ადგილების შექმნა კი არ არის,არამედ, კონკურენტული გარემოს შექმნაო. განსხვავებით აქამდე გავრცელებული განცხადებებისგან, რომ თითქოს შეიქმნებოდა გარკვეული რაოდენობის სამუშაო ადგილები. მე მადლობა უნდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბოლოს და ბოლოს აღიარა ის ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ უკვე 2 წელზე მეტია დაბეჯითებით ვიმეორებთ – ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა კონკურენტული გარემოს შექმნა. თუ სურთ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა. .

ალკე თემაა საარჩევნო სიები და ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა, რისი დაზუსტება გადაულახავ პრობლემად იქცა. ქუთაისში რეგისტრირებულია 150 ათასი კაცი.ცხოვრობს კი 140 ათასი. ბევრი არის გასული ქალაქიდან და ქვეყნიდან. ანუ რეგისტრირებულია 40%-ით მეტი ამომრჩეველი.

არარსებული კორპუსებია რეგისტრირებული რუსთაველის 79 და 24 ნომერში 79 -ბ1 79 -81, არარსებულ მაცხოვრებლებს კი ბიულეტენები მიუვიდათ; ნიკეას მუნიციპალიტეტში 48 არარსებული კორპუსია შეტანილი, და 6000 არარსებული ამომრჩეველია შეყვანილი სიებში.

არჩევნების დანიშვნის ვადა ცალკე თემაა. არჩევნები დანიშნეს პენსიების გაცემის დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, როცა ხალხი უყურებს ფეხბურთს. ვინც ასე დაგეგმა არჩევნები, ის ფიქრობდა რომ ხალხი აიღებს 15 – ში პენსიას და ხმას მისცემს სახელისუფლებო კანდიდატებს.არჩევნების წინა დღეს, შაბათს 400 სკამი დაარიგეს ქუთაისში.

რა აზრი აქვს ასეთი გზით არჩევნების ჩატარებას, თუ ვიცით რომ ის ვერ იქნება დემოკრატიული? თვითონ ხელისუფლებას მიჰყავს ხალხი იმ აზრამდე, რომ ქევყანაში ხელისუფლება მხოლოდ რევოლუციების გზით შეიძლება შეიცვალოს.

მე მსურს გავხდე ქალაქის მერი, რათა ხელისუფლებას ვაჩვენო, თუ რას ნიშნავს ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რას ნიშნავს ძლიერი ჟურნალისტური კორპუსი, რას ნიშნავს ხელისუფლება, რომელიც ხალხის კონტროლს ექვემდებარება. ეს არის ჩემი ამოცანა. დიდი მადლობა.

ჟურნალისტი: რა ინფორმაციები გაქვთ არჩევნების გაყალბებებთან დაკავშირებით?

თემურ შაშიაშვილი: ინფორმაციები მომდის შემაშფოთებელი. თუ ეს კურსი გაგრძელდა, ხალხი დარწმუნდება, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით შეუძლებელია და ხალხი მოძებნის სხვა გზებს ხელისუფლების შესაცვლელად და ეს არის რევოლუციის გზა.გაყალბების სრულიად ახალი მექანიზმები, არარსებული მრავალსართულიანი კორპუსები, კარუსელები, შეთანხმებები პოლიტიკურ ძალთა შორის, ვინ იქნება პირველი და ვინ იქნება მეორე. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები პირად საუბარში მეუბნებიან, ძლიერი მერი არ გვაწყობს. ჩვენ უნდა ჩავძიროთ „ქართული ოცნება“ო.

თუნდაც კამათი თუ როგორია ქუთაისის მომავალი, საუნივერსიტეტო ქალაქი თუ საპარლამენტო. პირად საუბრებში ყველა მეთანხმებოდა, რომ საუნივერსიტეტო სტატუსი ქუთაისისთვის უმჯობესია, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ხალხს ეს არ მოეწონებოდა და ტელევიზიაში გამოსვლისას საპირისპიროს ამტკიცებდნენ. როცა ვამბობ, რა არის სწორი, და რა არის სიმართლე, მაშინ ვარ წაგებული.

როცა ცალკეული ტელევიზიები პარტიების იდეოლოგიას ემსახურება და დაყოფილია მედიასაშუალებები სახელისუფლებო ან ოპოზიციურად, ეს არ არის დემოკრატია. მე ვიცი მართალი ტელევიზია.

კახი კალაძე, რომელსაც პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს, დღეს ამბობს, საარჩევნო უბნებთან მოდარაჯე ქალები რომლებიც აღრიცხავენ ამომრჩევნებს, არის ნორმალური მოვლენა. მე არ მესმის, მაშინ საარჩევნო კომისიას რა ფუნქცია აქვს ამომრჩეველთა აღრიცხვა და ხმების დათვლა კოორდინატორებს ეხებათ?!

მე თუ გავხდი ქალაქის მერი, ყველას ვაჩვენებ, თუ რას ნიშნავს ხელისუფლება რომელიც არის ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის კონტროლის ქვეშ. დღეს კი ხელისუფლება ტოტალურად არის გასული მოსახლეობის კონტროლიდან.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *