(ალია) რა ინანა ბიძინა ივანიშვილმა “სახალხო კრებასთან ” შეხვედრაზე?

 

news_35148პარტია „თეთრების” ლიდრი, თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ „ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური – ხელისუფლების მუდმივად მაკრიტიკებელი ძალები, ქვეყანაზე მეტად, საკუთარ სკამებზე ფიქრობენ.”

„ადამიანები, რომლებსაც არასდროს, არაფერი უკეთებიათ, რეალურად არც ერთ თანამდებობაზე არ ყოფილან, ხალხს არ უნახას, იმ დროს გამოდიან არენაზე , როცა ხელისუფლებას უჭირს. ისინი, ბევრად უფრი საშიშები არიან, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა”.დღეს, „ნაციონალურ მოძრაობაზე” ხალხს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და ყველამ იცის, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას” მომავალი ექნება ქვეყანაში, მაშინ საქართველო დასრულდება. ბიძინა ივანიშვილმა, სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ისეთი პოლიტიკური ძალები დააფინანსა, რომელბიც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველები არიან. არავინ არ უნდა დაეფინანსებინა მას, ყველასთვის ერთნაირი სასტარტო პირობები უნდა მიეცა!”-განცხადა თემურ შაშიაშვილმა დღეს, „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრეკსონფერენციაზე.

 

,,ალია“ ,,თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო თემურ, თქვენ ამბობთ, ოპოზიცია მაშინ გამოდის არენაზე, როცა ხელისუფლებას უჭირსო, კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ განცხადებაში?

_ დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკა იქცა ბიზნესად. ეს უკვე ერის ტრაგედიაა, როცა პოლიტიკაში მოდიხარ იმიტომ, რომ ფული აკეთო. ტრადიციულად, საქართველოში, ძალიან ბევრი პარტია იქმნება სახელისუფლო პარტიების მიერ, მისი ფუნქცია არის, რომ მუდმივად იყოს არენაზე, ვიღაცა ლანძღოს, ვიღაცაზე მუდმივად ისაუბროს. მე მინდა, რომ პოლიტიკოსის კრიტიკა კონსტრუქციული იყოს, საქმეზე ვილაპარაკოთ, ლანძღვის პოლიტიკამ, რომელიც ბოლო დროს წამოვიდა, აბსოლუტურად დასვარა მთელი პოლიტიკური სივრცე. პოლიტიკოსებმა წაართვეს დღეს ხალხს საქართველო. რომელ პოლიტიკოსებსაც ფული აქვთ, ისინი ჩანან ტელევიზიით, ვისაც ეროვნული განწყობა აქვს, ყველას ბლოკავენ. მეორე არხი თუ გადასცემს ჩვენს პრესკონფერენციას, თორემ ისე სხვა ტელევიზიებში ისეთი ხალხი გამოჰყავთ, ვინც აწყობს. მთელ მსოფლიოში მიღებულია, რომ პოლიტიკოსი, რომც არ მოგწონდეს, უნდა ასაუბრო კონკრეტულ საკითხზე. ერთადერთი,სადაც არ ვიზღუდებით, არის გაზეთი. ინგა გრიგოლიამ დამაჯილდოვა, როგორც საუკეთესო რესპონდენტი და ახლა არც კი ვახსენდები, რომ კითხვები დამისვას. პოლიტიკოსებს, რომელთაც დაცვა, მანქანები, სასახლეები აქვთ და კიდევ ეფერებიან, სწორედ ამიტომ დააქციეს ამ პოლიტიკოსებმა ქვეყანა და დღემდე აგრძელებენ ამას.

თვითმარქვია პოლიტიკოსებმა, რომელთაც ხალხს ყველაფერი წაართვეს, ახლა ხალხმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მოხდა სასწაული, ახალგაზრდა პოეტმა ბავშვი გადაარჩინა, თავი გაწირა და ერთი ტელევიზია არ აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი გაეშუქებინა, სამაგიეროდ თურქეთის მაღაზიაში რომ ერთმა ქართველმა პური მოიპარა, ამას გადმოგვცემენ ტელევიზიები. მე მივხვდი ერთ სამწუხარო რამეს, ქართველმა კაცმა გმირობა ჩაიდინა და მისი ჩვენება არავის არ უნდა, რადგან მერე სოროსული ძალები ვერ იპარპაშებენ ქვეყანაში. არავის უნდა, ქართული ეროვნული სახე თუ წამოიწევს. იმ საღამოს ქვეყნის დამანგრეველი, უტიფარი სააკაშვილი იჯდა ყველა არხზე და რუსთავში იმ დროს ვეთხოვებოდით გმირ ქართველს. ვინც დაგვახრჩო, გენოციდი მოგვიწყო, იმას უთმობენ ტელევიზიას.

_მე მესმის, რომ ამაზე განაწყენებული ხართ, მაგრამ არგუმენტი ის აქვთ, რომ დაბალანსებულობისა და დემოკრატიულობის მაჩვენებელია, როცა ოპოზიციას უთმობ ეთერს.

_ საქმე იმაშია, რომ დღეს გაზეთი მიტოვებულია ყველას მიერ, არავინ მას არ აფინანსებს. კი, მაგრამ, თუ გაზეთი იმ დოზით არ აჩვენებს ნაციონალებს, რატომ აკეთებენ ამას ტელევიზიები? მე ვიცი ამის პასუხი, ტელევიზიას არ სჭირდება რესპონდენტი, რომელიც გააყიდინებს პროდუქტს, რადგან მას ბევრი შავი ფული აქვს. საქართველო მაშინ დაიქცა და ბოლშევიზმმა მაშინ გაშალა ფრთები, როცა ხელისუფლება ცდილობს, თავისი ტელევიზია ჰქონდეს. ეს ჰქონდათ ბოლშევიკებს, ისინი ცდილობდნენ, ფულით მოესყიდათ ხალხი. სწორედ ფულით ხდება ხალხის დამორჩილება. ყველა ტელევიზიის უკან დგანან შავი ძალები.

_ კონკრეტულად რა ძალებს გულისხმობთ?

_ მაგალითად, ცხონებულ პატარკაციშვილს ვეუბნებოდი, რა უბედურებაა ეს, საკუთარი ტელევიზია რომ გინდა–თქო. ყველა ხელისუფალი, რომელიც მოვიდა, ბოლშევიკია. ასე იყო შევარდნაძე, ასე გააკეთა ივანიშვილმაც. ბადრიც მიმტკიცებდა მაშინ, თავისუფალი ტელევიზია მაქვსო, მაგრამ ასეა არაა, შეიძლება შექმნა, მაგრამ უნდა გაათავისუფლო ის მერე შენგან. ,,იმედი“ სულ იდგა პოლიტიკურ პლატფორმაზე, როგორც კი ბადრის არ დავეთანხმე, რომ მისი პარტიის პოლიტიკური ფიგურა ვყოფილიყავი, მე მის არხზე დავიბლოკე. სადაც სოროსის თანხაა, იმ ტელევიზიასა და გაზეთში მე იშვიათად ვარ.

_ რას გეუბნებიან თქვენი უცხოელი მეგობრები, როცა ამ საკითხებზე ესაუბრებით მათ? ხელისუფლების ქმედებებზე რა პოზიცია აქვთ, არის დემოკრატიულობის ნიშანი ნაციონალებისთვის ხშირად ტრიბუნის მიცემაო?

_პირად საუბარში არავინ არ ამბობს ამას. მეუბნებიან, ჩვენი პოზიციაა, რომ პრეზიდენტი არ უნდა დარჩენილიყო ერთი წელი, ხელმოწერები რომ დაიწყეთ, სწორი იყოო. ჩავატაროთ ექსპერიმენტი, წამობრძანდით უცხოეთში და არ თქვათ, რომ კორესპონდენტი ხართ, გაჩვენებთ ეს უცხოელები პირად საუბარში სულ სხვა რამეს ამბობენ, ტელევიზიებთან–სულ სხვას. ბევრი გეტყვით, რომ სწორი იყო ჩვენი პოზიცია. სააკაშვილი უხვად უხდიდა უცხოელებს, რომლებიც ამბობდნენ, თქვენი ფულით ქვეყანა თავზე გექცევათ, თქვენი პრეზიდენტი მთელ ბიუჯეტს იხდის იმიტომ, რომ პიარი იყიდოს, პოლიტიკოსები იყიდოს უცხოეთშიო. პირდაპირ მეუბნებოდნენ, ამერიკის პარლამენტში რასაც გინდა, იმას იყიდი, იყო პერიოდი, როცა უნგრელები ყიდულობდნენ, მერე სომხები, მერე ებრაელებიო. პირად საუბრებში მეუბნებოდნენ, როგორ ითმენდით და ითმენთ, ასე რომ გასხედან თავზეო. 70 წელი კრემლი გაჯდათ თავზე, ახლა 20 წელზე მეტია თეთრი სახლი გაზითო. ამიტომაა მუდმივად რომ ვლაპარაკობ, ერთიც და მეორეც უბედურებაა. თუ ღირსება გაქვს, თეთრი სახლი არ უნდა დაისვა თავზე, მან შეუძლებელი შეძლო საქართველოში. დღეს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩანს ტელევიზიით, ესაა საპარლამენტო უმრავლესობა, თუ უმცირესობა, ყველა მისია. ამიტომ გაზეთები არ აშინებს ხელისუფლებას, რადგან დასავლეთი ტელევიზიას უფრო აქცევს ყურადღებას. სულ არ ადარდებს არჩევნები უცხოეთს, მას მხოლოდ ის უნდა, ან ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვოს, ან ოცნებამ. ხალხი ვართ სიბნელეში მოქცეული და ამიტომ გეუბნებით, ნუ ვისვამთ თავზე გარედან მართულ პოლიტიკოსებს. საქართველოს პარლამენტში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც გარედან არ იმართება. მე ეჭვი მეპარება, რომ რესპუბლიკელებიც შეყვანა იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ალასანია არ იქნებოდა. ერთიც და მეორეც ამერიკული პროექტია. ეტყობა, მაშინ ივანიშვილმა გაიტანა თავისი და შეიყვანა თოფაძე და ფორუმი. ახლა რომელიმე ჩანს? ვინმე მათ უსმენს? რომელიმეს რაიმე ძალა გააჩნია? ეროვნული განწყობის ფორუმი მოკვდა ქვეყანაში.

_ კი მაგრამ, ამბობენ, ნაციონალები გაქცევაზე არიანო და რაღაც პირიქით უფრო არიან, მგონი. გსმენიათ ვინმეზე, რომ გარბოდეს და ეშინოდეს ამ ხელისუფლების?

_ ამ ხელისუფლებამ იცის, რომ ყველას დაჭერა არ ვარგა, ამიტომ უნდა მოხდეს ისე, რომ ვიღაც გაიქცეს, ვიღაც იყოს ციხეში. ნაციონალებმა გადაწყვიტეს, ან ციხეში იყვნენ, ან გაიქცნენ, ხოლო ვინც დარჩებიან, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ. პარლამენტში წარმოდგენილი გუნდი ისაუბრებს იმათი სახელითაც, ვინც უცხოეთში არიან გაქცეულები, ხოლო ციხეში წასულ ნაციონალებს გაახმოვანებენ ისინი, ვინც გარეთ დარჩებიან. დაპატიმრებას გადაურჩებიან ისინი, ვისაც ფულთან შეხება არ ჰქონია და არიან ასეთი ხალხიც. “ნაციონალური მოძრაობა ” სექტაა, მისი წევრები არიან სექტის წევრები, ღირსეული კაცი ამ ყველაფრის მერე ამ ორგანიზაციაში როგორ დარჩებოდა? სექტის პრინციპით არიან შეკავშირებულები და ერთმანეთის გატანას ცდილობენ. ვინც ამ სექტიდან გავა, მისი სიცოცხლე დამთავრდება ამით.

_ თქვენი აზრით, ეყოფა ხელისუფლებას იმის გამბედავობა, რომ წითელი ცირკულარით ჩამოიყვანოს სააკაშვილი და გაასამართლოს?

_ იმდენად ბევრი შეცდომა დაუშვა სააკაშვილთან ურთიერთობაში ხელისუფლებამ, რომ მეტი არ შეიძლება. ვიდრე მოვიდოდა ხელისუფლებაში ივანიშვილი და დიდ ტალღაზე იყო, თქვა ისეთი რამ, რომელმაც აღფრთოვანებაში მომიყვანა. თუ სააკაშვილი არ გადადგება, რომ მოვალ ხელისუფლებაში, იმპიჩმენტს მოვუწყობო. მოგვიანებით, ერთ–ერთ შეხვედრაზე, კერძოდ “სახალხო კრებასთან”, რომელსაც მხოლოდ მე და ნინო ბურჯანაძე არ ვესწრებოდით, თქვა გულისტკივილით, ხომ ხედავთ, რა დღეში ვარ, რომ ვეღარ ვამბობ იმას, რაც ადრე ვთქვიო, როგორც კი სიტყვა იმპიჩმენტი ვახსენე, უცხოეთმა მითხრა, აღარ გაიმეოროო. როცა ეს გავიგე, მაშინ დავრწმუნდი, რომ ამ ხელისუფლებას არ ჰყოფნის ძალა, თქვას და გააკეთოს. მოდიან პოლიტიკოსები, იტყვიან ერთს და საქმე ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან შორიდან თითს უქნევენ.ვიდრე საქართველოში იქნება ასეთი ხელისუფლება, როცა გარედან აძლევენ დირექტივებს, მანამდე არ გვეშველება. სააკაშვილს ამათ არ დააჭერინებენ იმის მიუხედავად, რომ არც უცხოეთში აღარ სიამოვნებთ მისი ქცევები.

_ რას გულისხმობთ?

_ დასავლეთში ბევრს უნდა სააკაშვილის დაჭერა, რადგან ცუდად მოძრაობს. ის სადღაც უნდა გაჩერდეს, რადგან სახიფათოდ იქცა. პოლიტიკური პირი თუ დააღო, ამერიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამიტომ ხელისუფლება ჭკვიანურად იქცევა სააკაშვილის მიმართ, რაც აწყობს პროგრესულ ძალებს ამერიკაში, მაგრამ მისი დაპატიმრების პრეცენდენტი რახან არ აწყობთ, ამას ყველანაირად ხელს შეუშლიან.

ესაუბრა ჟანა ასანიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *