გაყინული წყალი გაყინულ თავზე და გაყინული ცხოვრება!

 

ვიდრე საკუთარ პოზიციას გამოვხატავდე, მინდა წარმოგიდგინოთ პროფესორ ნუგზარ კუჭუხიძის მიერ მომზადებული და რამდენიმე ხნის წინ გამოცემული პატარა წიგნი.

10622165_695425817192804_1386109078_n

საოცრად მიმანიშნებელია, რომ ბატონმა ნუგზარმა ამ წიგნს წაუმძღვარა ამონარიდი ერიხ ფრომის შრომიდან, სადაც რამდენიმე წინადადებაში უდიდესი ანალიზია მოცემული.

წაიკითხეთ და დარწმუნდებით:

“გაუცხოვებასა და ავტომატიზავიას მივყავართ მზარდ სიგიჟემდე. ცხოვრებას აზრი არა აქვს, მასში არც სიხარულია, არც რწმენა, არც რეალობა. ყველა „ბედნიერია“, თუმცა ვერაფერს ვერ გრძნობენ, არავინ უყვართ და არც განსჯიან.

XIX საუკუნეში პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ღმერთი მკვდარია, XX საუკუნეში – პრობლემა იმაშია, რომ ადამიანია მკვდარი.

XIX საუკუნეში არაადამიანურობა აღინიშნებოდა სისასტიკით.  XX საუკუნეში კი იგი აღინიშნება შიზოიდური თვითგაუცხოებით. წარსულში საფრთხე მდგომარეობდა ადამიანთა დამონებაში, მომავლის საფრთე კი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები შესაძლებელია გახსნენ რობოტები.

ერიხ ფრომი

ეს პატარა ამონარიდი და ცნობილ მოაზროვნეთა: კარლ გუსტავ იუნგის, კარენ ჰორნის და ერიხ ფრომის შრომების დასათაურებაც კი სერიოზულზე სერიოზული დაფიქრების საფუძველია.

სამწუხაროდ, პოლიტიკამ გონება დაკარგა და იგი პრივიტივიზმმა  მოიცვა. დღეს აშკარაა, რომ  სამყაროს შეცნობის გარეშე, სერიოზული ფილოსოფიური განათლების გარეშე, დიდ  პოლიტიკაში ყოფნა დანაშაულია. პოლიტიკოსი, რომელიც მინიმუმ კვარტალში ერთხელ სერიოზულ გაკვეთილებს არ იღებს ფილოსოფიაში,  – წარსულს ეკუთვნის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველწყაროებზე მუშაობას. სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს მსოფლიოში აღიარებულ მოაზროვნეთა ნაშრომების მშობლიურ ენაზე თარგმნაზეც და იმაზეც, რომ ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომები ითარგმნოს სხვა ენებზე.

ბევრ რამეზე დამაფიქრა  კუჭუხიძეების  ფილოსოფოსთა ოჯახური დინასტიის ახალი თაობის წარმომადგენლის,  ბატონი ნუგზარის თარგმანებმა. მართლაც, როგორი ფუნდამენტური განათლება და განათლებაზე ყოველდღიური ფიქრი და ზრუნვა სჭირდება თანამედროვე პოლიტიკოსს და სამწუხაროდ, რა გაუნათლებლობა და პრიმიტივიზმია პოლიტიკაში. და ეს მოედო მაღალ ეშელონებს. ერიხ ფრომის სიტყვებით რომ ვთქვათ: “ადამიანები შესაძლებელია გახდნენ რობოტები”. ეს პროცესი კატასტროფული სისწრაფით მიდის და ამის მიზეზი არის ის, რომ მაღალი ეშელონის პოლიტიკოსები უკვე გახდნენ რობოტები, იმართებიან გარედან და წარმოუდგენელი, ზოგჯერ გონებისათვის მიუწვდომელი მოხერხებულობით  დემაგოგობენ სკამისათვის ბრძოლაში.

შიში, შიმშილი და დემაგოგია – აი რაც მართავს დღეს საზოგადოებას, იმ ხალხს, ვინც მიატოვა წიგნი, თავს არ იწუხებს სააზროვნო გარემოში ცხოვრებით და მიჯაჭვულია სატელევიზიო სერიალებს. ქართულ საინფორმაციო სივრცეს, განსაკუთრებით ელექტრონულ მედიას -ტელევიზიებს, მოაზროვნეთათვის არ სცალიათ, ასპარეზი პრიმიტივებსა და დემაგოგებს დაუთმეს.  სწორედ ასეთი გარემო ირჩევს არა მოაზროვნე ხელისუფლებას, არამედ პრიმიტიულსა და დემაგოგიურს – გაყინულ თავზე გაყინულ წყალს რომ ისხამენ და ცხოვრებასაც ყინავენ.

ღირს ბრძოლაც და თავგანწირვაც სხვა განზომილებით – ქართული განზომილებით ცხოვრებისათვის!

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *