(ალია) თემურ შაშიაშვილი: ვინ მიაყენებს შემოდგომაზე უმძიმეს დარტყმას ხელისუფლებას “ოცნებიდან”?

 

თემურ შაშიაშვილმა თავისი ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება სავსეა სხვადასხვა ქვეყნების აგენტებით. რა ინტერესები აქვთ მათ? კონკრეტულად რა კატეგორიის პოლიტიკოსებს ეყრდნობიან და რას აკეთებს საქართველოს სპეცსამსახური ამ აგენტების გამოსავლენად, ამასთან დაკავშირებით ,,ალია“ ,,თეთრების’ ლიდერს თემურ შაშიაშვილს დაუკავშირდა.

_ ბატონო თემურ, რა მტკიცებულებები გიჭირავთ ხელში, როცა საუბრობთ იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მიერ მართული პოლიტიკოსები გვყავს ქვეყანაში?

_  უცხოეთში არიან გავლენიანი ადამიანები, რომელთაც აქვთ ინტერესები ჩვენს ქვეყანაში. ეს ადამიანები არიან თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ამერიკაში. მათ აქ დასაყრდენებად ჰყავთ გავლენიანი პოლიტიკოსები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტშიც. მაგალითად, უკრაინელები მეუბნებიან, რომ ყველაზე დიდი ფული უკრაინაში აქვს გუბერნატორ კალამოისკის. ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოდიან და გაიძახიან, არ ვეხმარებით უკრაინასო, ჭკვიანი ადამიანები კი ამბობენ, რომ კალამოისკიმ რომ ჯარი შექმნა, მთელი ფინანსური რესურსები გაიღო საქართველომ.

_ ეს როგორ?

_ ფეროშენადნობი ქარხანა და ფერადი ლითონები კალაბოისკისაა. სააკაშვილმა თავის დროზე ჩამოიყვანა ეს კაცი აქ, ეკონომიკის ყველაზე დიდი ღერძი მას ჩაუგდეს ხელში. გაიკითხეთ, რა ხელფასები აქვთ დნეპროპეტროვსკიში მეტალურგებს და ნახავთ, რომ კალამოისკი არის ყველაზე უნამუსო  კაცია, აქ რომ ჩამოვიდა, ის და მისი დირექტორები ქართველებს ეუბნებოდა, სანამ ხელს ჩამომართმევთ, ტუალეტში შეიარეთ და ხელები დაიბანეთო. წარმოგიდგენიათ, ამას რომ გეუბნებიან, როგორი დამცირებული ხარ? იმ ხელისუფლებამ ხომ ჩამოიყვანა აქ და ფული აშოვნინა, ახლა კი ამ ხელისუფლების პირობებში ბანკი გახსნა. იმერეთი აყვავებული უნდა იყოს ახლა და ამ კაცმა დააქცია სააკაშვილთან ერთად. ჯერ კიდევ წლების წინ დახურულ სხდომაზე ვეუბნებოდი შევარდნაძეს, მაფიის სათავეშია ეს კაცი თქო. იმის გამო, რომ სააკაშვილს ეს მისი ინტერესები შეენიღბა, ამბობდა, ფეროშენადნობი ქარხანა შევარდნაძისააო. ტყუილს ამბობდა. როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ბიძამისის მეშვეობით ყველაფერი ხელში ჩაუგდო კალამოისკის. მან კი დღეს ჯარი შექმნა. მას დღევანდელ პარლამენტშიც ლობი ჰყავს და ამას ლოგიკურად დაგიმტკიცებთ.

_ რა საბუთი გაქვთ ამის დასადასტურებლად?

_ ვინმეს დღეს პარლამენტში ხმა ამოუღია ამაზე? მე არაფერს ვიგონებ, რადგან ჭკვიან ხალხთან მაქვს ურთიერთობა და ვფლობ ამ ინფორმაციებს. სანამ ვიტყვი, მანამდე ვფიქრობ იმათგან განსხვავებით, რომლებიც მერე ფიქრობენ. გაარკვიოს ხელისუფლებამ, რა ხდება მის ბანკებში, ვის გააქვს იქიდან სესხები.

_ პირდაპირ მითხარით, რაზე მიმანიშნებთ?

_ ეს ბანკი ხმარდება ნაციონალურ მოძრაობას. ამაზე ვინმე იღებს ხმას პარლამენტში? მე რომ ვამბობ რამეს, ჩუმად მითვლიან და მეუბნებიან, რა მართალი ხართ ბატონო თემურ, რა კარგია, რომ ამაზე ლაპარაკობთ, ჩვენ ვერ ვბედავთო. ივანიშვილი სწორად ამბობდა, რომ დენსა და გაზზე ხელოვნურად არის გაზრდილი ფასები. ჩვენი გავლით იღებს ბენზინს სომხეთი და იქ უფრო იაფია ბენზინი, ვიდრე ჩვენთან. სააკაშვილის დროს რა მძიმე მდგომარეობაც იყო, იგივეა ახლაც. ვინმე მთავრობიდან ჩასულა ექსპერტებთან ერთად და დაულაპარაკია აზერბაიჯანში, რომ გაერკვია ეს საკითხი?

_ კალაძე და ივანიშვილი ხომ შეხვდნენ მათ და თქვეს, რომ შეუძლებელია ტარიფების დაწევა?

_ როგორ შეიძლება, რომ საქართველო, რომელიც ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსებით იყო სამეულში და ასე ძვირი ჰქონდეს ენერგეტიკა? ერთი ლარი ღირს ბენზინი ბელორუსიაში. იქ მეწარმეებს ერთი საწარმო არ გაუჩერებიათ. სააკაშვილი კი ბიუჯეტს ავსებდა უკანონო ქმედებებით. ბიუჯეტი ივსებოდა იმ წყაროებიდან, რომელიც ქვეყანას ანგრევდა. მისი ბუტაფორიებით სავსე იყო ქვეყანა და ამბობდნენ, სააკაშვილმა ქვეყანა ააშენაო. ამ ენერგეტიკით შემოსულ თანხას მხოლოდ სააკაშვილი კი არ  იდებდა  ჯიბეში, ახლა მოხდა მისი ჩანაცვლება. ენერგეტიკულ ფასში იმდენი ქრთამია შეტანილი, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო ხელისუფლებამ. მხოლოდ ერთი მხარე კი არაა აქ, მეორე მხარეცაა და ამიტომ ხელისუფლება კომპრომისებზე მიდის, რის გამოც მას თანავუგრძნობ. უნდა თქვას ეს მან გულახდილად,ამას ვითხოვ მე. ან ექსპერტებს ათქმევინონ.

 _ ჩვენ ვიცით გარკვეული ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც რუსულ და ამერიკულ თამაშს თამაშობენ, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომელთა ინტერესიც მაღალია და თქვენ ამბობთ, რომ მათაც აქვთ დასაყრდენი მოქმედ პოლიტიკოსებში. ვინ არიან ეს ადამიანები და რა დავალებებს ასრულებენ?

_ თურქეთმა ცალმხრივად შეცვალა კანონი სააკაშვილის დროს, რომ ქართველები, რომლებიც გადავიდოდნენ იქით, მხოლოდ 90 დღე ყოფნის უფლება ჰქონდათ, მერე უნდა დაბრუნებულიყვნენ. ეს იყო დამამცირებელი კანონი, რადგან 90 დღეზე მეტხანს დარჩენა შეეძლო მას, ვინც თეფშებს რეცხავდა, სასტუმროს ალაგებდა, ქუჩას გვიდა და უვლიდა თურქს. ასე ჩაწერეს პირდაპირ კანონში. მე თურქეთს კი არ ვაკრიტიკებ, ის სათავისოდ სწორად იქცევა, მაგრამ საქართველოს პარლამენტში რომ ხარ და თავმოყვარეობა გაქვს, აქ თურქ ბიზნესმენებს ფეხებს უნდა ბანდე და ხალიჩასავით ეგებოდე. აჭარაში რა ხდება, ხომ ხედავთ? თურქეთში ამბობენ, აღმაშენებლის პროსპექტი ჩვენია, იქ რა ობიექტებიც არის, სულ ჩვენიაო. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ პარლამენტის გარეთ, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვწყვეტთ. საქართველოს აუცილებლად ეყოლება ხელისუფალი, რომელიც შვეიცარიის გზით წაიყვანს ქვეყანას, მაგრამ დღეს ხმას არავინ იღებს. ახლა პოლიტიკოსები ორიენტირებენ არა იმაზე, რა მოეწონება ხალხს, არამედ იმაზე, რა მოეწონებათ უკრაინაში, სომხეთში, ამერიკასა და რუსეთში. სულ სხვა ქვეყნებზეა გათვლილი ყველა ქმედება, რომელთაც აქ თავისი ამფსონები ჰყავთ. რუსეთის ინტერესებს ყველაზე მეტად იცავს ის, ვინც რუსეთს ხმამაღლა ლანძღავს. ეს უნდა რუსეთს. რუსეთის დაშლა ყველაზე ცუდია ჩვენთვის, წარმოგიდგენიათ, რუსეთი თუ დაიშალა, რა მდგომარეობა იქნება საქართველოში? როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ სხვა ქვეყნის თამაშს თამაშობდე? საქართველოს ინტერესებს უფრო ნაკლები დამცველი ჰყავს საქართველოს პარლამენტში, ვიდრე სხვა ქვეყანას. არსებობს 20–30 გვარი, რომელზეც პარლამენტში დიდი ხმაური უნდა ატეხილიყო, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება სომხებს და აზერბაიჯანელებს ბიზნესად აქვთ ქცეული. იყიდეს კლინიკები და ქართველების ჯანმრთელობა ბიზნესად აქციეს. მათ კარგად იციან, რომ აქ აფთიაქებში და კლინიკაში დიდი ფული იშოვება, მენეჯერი ჰყავს თურქი, მუშაობენ ქართველი ექიმები. მსგავსი რამე რომელ ქვეყანაშია? რომელი ქართველი არის ასე ფუფუნებაში სხვა ქვეყანაში?

_ ჩვენი სპეცსამსახურები რას აკეთებენ, როცა ხედავენ ამდენ აგენტს? თქვენ თუ გაიგეთ, მათ არ იციან?

_ეგ ვის აინტერესებს? ეგენი იმაზე კი არ ფიქრობენ, გარედან რა საფრთხეები აქვს ქვეყანას, არამედ იმაზე, როგორ დაამარცხონ არჩევნებში მოწინააღმდეგე ძალას და გაიყვანონ ის ძალა, რომელიც უნდათ. ეს არ აინტერესებს არც ღარიბაშვილს სამწუხაროდ. პარკები და ბაღები გაიყიდა საქართველოს მიწაზე და ქართველების არაფერი არ იქნება მალე. 5 წუთი დაელაპარაკონ ხალხს და ყველამ ყველაფერი იცის, ვინ ვის უკან დგას და რა ინტერესებს ემსახურება.  ნაცვლად იმისა, რომ სირცხვილით იწვოდეს, ხელისუფლებაში მოვიდა და კიდევ აქეთ მოძღვრავს ერს. რასაც აკეთებდნენ ნაციონალები, იგივე გააკეთა ოცნებამ. ამიტომ ნუ სთხოვენ ნაციონალებს პასუხებს. აქამდე ქვეყანას ერთი ძარცვავდა, ახლა ორივე ძარცვავენ. ყველაზე სუსტი რგოლი ამხელისუფლების, უმძიმეს დარტყმას რომ მიაყენებს და შემოდგომაზე იგრძნობს, ეს არის ქართული ოცნებიდან და ნაციონალებიდან არჩეული ხალხი საკრებულოებში და რომლებსაც მიჰყავთ პრაქტიკულად რაიონებში პოლიტიკა.  ესენი რომ განათლებული და მომზადებული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არ არის. მაგრამ ესენი არიან სკამის კაცები. რომლებმაც ყოველთვის შეძლეს რომ შეენარჩუნებინათ თავისი პოზიციები.

_ ბატონო თემურ, ახალ კონფიგურაციაზე საუბრობენ. რამე ცვლილებები იგეგმება, რასაც კულუარებში საუბრობენ?

_ დიახ, ასეა. საუბრობენ ახალ მოძრაობაზე, როგორც მითხრეს, თურმე ბიძინასთვის უთქვამთ, ამ ქართულმა ოცნებამ ვერ გაამართლა და იქნებ ახალი მოძრაობა გაკეთდესო. თურმე გაგონება არ უნდა ბიძინას ამის. მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნებში მოსახლეობის 60 % არ მივიდა,ხალხი არ ენდობა ოცნებას და მეტიც, ნაციონალებიც არ თვლიან ოცნებას კონკურენტად, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს ხელისუფლების შესაცვლელად და მერე ხელისუფლებამ ისინი მიატოვა, სწორედ ასეთი ხალხისგან უნდა შეიქმნას ახალი მოძრაობა. შუა არსად გაკრეფილა.

_ რამდენიმე დღე სომხეთში იმყოფებოდით, რა ხდებოდა იქ? რა სახის შეხვედრები გქონდათ?

_ სომხეთში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო სომხეთში ინტელიგენციასთან, პროფესურასთან. ჩემთვის მეტად საინტერესო იყო ის, რომ სომხეთი ცდილობს, ევროპული განწყობით შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა, ევროპაში ყველაგან ეს განწყობაა. საინტერესოა ისიც, რომ უცხოელი რომ ხსნის იქ მაღაზიებს, არ შედიან, რადგან უცხოელმა ფეხი არ მოიკიდოს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ კარჩაკეტილობის მომხრე ვარ, მაგრამ მე ვხედავ, რომ საქართველო ისე გახსნეს, რომ ქართველებისთვის აღმოჩნდა აქ ცხოვრება რთული. რამდენიმე ევროპული მსოფლმხედველობის სტუმარიც გვყავდა პარიზიდან და ეს შეხვედრა–საუბრები კიდევ გაგრძელდება. მოვიხიბლე იმით, რაც ვნახე, როგორ შეუძლია ერევანს ასეთ მძიმე პირობებში ასე ღირსეულად წარმოაჩინოს თავი მსოფლიო მასშტაბით.ისინი ამას გამუდმებით ცდილობენ და ტრაბახობენ იმით, რომ საქართველოში გამაგრებული აქვთ პოზიციები. საქართველოში კი ხელისუფალთა განწყობა ისეთია, როგორც ქვეყნის გარეთ მცხოვრებლებს სურთ. ის ადამიანები კი, ვინც ქვეყნის გარედან იმართებიან, ქვეყანაზე არ ფიქრობენ, ფიქრობს იმაზე, როგორი აზრი ექნება მას, ვისგანაც იმართება.

ჟანა ასანიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *