„თეთრების“ აზრი პოლიტიკური პროცესის სამ ძირითად მიმართულებაზე

gerbi1 ერთი ნაკლებად ხმაურიანი, მაგრამ წონადი პიროვნების ერთმა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანმა განცხადებამ ძირფესვიანად შეცვალა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ტემპი, პოლიტიკურ ძალთა რანჟირი და ზოგიერთი პოლიტიკოსის ჭეშმარიტი სახის გამოჩენის ალბათობის სიხშირე.

დღეს ყველა ცდილობს სხვას აჯობოს, მაგრამ საქვეყნო საქმეს აკეთებს მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს. ასეთები კი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ჯერჯერობით არც პოლიტიკური პარტიები ჩანან და ცალკეული გამონაკლისის გარდა,  არც პოლიტიკოსები.

ჩვენ ჯერ  კიდევ 2009 წლის 7 აპრილს გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებაში ვთქვით, რომ ოპოზიციის საყოველთაო გაერთიანება ყოველთვის უტოპიური ამოცანა იყო ისევე, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის „შეხმატკბილება“ .

დრომ,  ყველაფერი გაარკვია. დრომ დაამტკიცა, რომ ასეთი „გაერთიანებები“ და „თანამშრომლობები“ ყოველთვის იყო „დემოკრატობანას“ თამაში, ყალბი ერთობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ვინაიდან პარტიებს შორის არსებობს პრინციპული, მათ შორის იდეოლოგიური სხვაობა, რაც არ იძლევა მათი რეალური ერთიანობის საშუალებას, ხოლო თუ ასეთი წინააღმდეგობა არ არსებობს, მაშინ ეს გახლავთ ფსევდოპარტიები, შექმნილი არა პოლიტიკური პრინციპებით, არამედ ნაცნობ-მეგობრობის და პირადი მერკანტილური ინტერესების საფჲძველზე.

ქვეყნის უახლოეს ისტორიაში განსხვავებული პრინციპების პარტიების ვინმეს ან რამის სიძულვილით გაერთიანებამ ახალ დაპირისპირებასთან, მრავალჯერად გადატრიალება-რევოლუციებთან მიგვიყვანა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ 1992 წლის შემდგომ ყველა გამარჯვებული პარტია დამარცხდა გამარჯვებისთანავე და ხელისუფლების სათავეში მისი შემდგომი ყოფნა, ეს იყო ბრძოლა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეფასება ჩვენს მიერ გაკეთებულია  2009 წლის დაასწყისში. სამწუხაროდ,  შემდგომმა პერიოდმა არა თუ დაადასტურა ჩვენეული შეფასება, არამედ მრავალჯერადად გააძლიერა მისი საფუძვლიანობა.

პოლიტიკური პროცესების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეს ძალები ერთიანდებოდნენ არა საქართველოსთვის, არამედ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს და დღესაც ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი სისტემური კრიზისი, რომელიც „მოქკავშირის“, „აღორძინების“, „ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების დანაშაულებრივ ქმედებათა შედეგია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პასუხისმგებლობის თავისი წილი ეკუთვნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკოსს. ეს უნდა ვაღიაროთ, თუ გვსურს ქვეყნის გამოყვანა კატასტროფის ტოლი სისტემური კრიზისიდან.

სწორედ სახელმწიფოს მართვის ავადმყოფურმა სისტემამ, როგორც მოვლენამ, განაპირობა პოლიტიკურ ავანტიურისტთა მთელი გუნდის მოსვლა ქვეყნის უმაღლეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო რგოლებში, ფსევდო-სასამართლო ხელისუფლების და სამთავრობო მედიის  სისტემებში, ხელისუფლების მიერ დაფინანასებულ და მართულ საკმაოდ განშტოებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელში, მმართველი პოლიტიკური ელიტის აწ უკვე კუთვნილ ბიზნეს-სექტორში.

დემოკრატიულ ქვეყნებში კონსტიტუცია იცავს ხალხს სახელმწიფოს სათავეში ასეთი ადამიანების მოსვლისაგან. ჩვენი კონსტიტუცია არათუ ვერ აკეთებს ამას, მნიშვნელოვანწილად, ხელს უწყობს ასეთთა ხელისუფლების სათავეში მოსვლას და შემდგომ პარპაშს.

ჩვენი გადაუდებელი და უპირველესი ამოცანაა პოლიტიკაში პოლიტიკურად და ზნეობრივად ჯანსაღი ადამიანების მოსვლით ქვეყნის უმძიმესი სისტემური კრიზისიდან გამოყვანის, ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის მყარი საფუძვლის შექმნა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველივე ამის გასაღები არის:

– კონსტიტუციაში – რომელიც იქნება არა პოლიტიკური უმრავლესობის, არამედ   ქვეყნის მოსახლეობის თანხმობის აქტი;

– საარჩევნო სისტემაში – რომელიც უზრუნველყოფს გაუყალბებელი პოლიტიკური არჩევანის გაკეთების სამართლებრივ გარემოს;

– ძალაუფლების გადანაწილებაში – რომელიც დააბალანსებს ხელისუფლების შტოებს, აგრეთვე მმართველ და ოპოზიციურ ძალებს.

ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსებს, მიუხედავად ურთიერთდამოკიდებულებისა, პრინციპული უთანხმოებისა თუ პირადი სიძულვილისა, ერთ რამეზე მაინც დაგვეწყო თანამშრომლობა – შეგვემუშავებინა კანონპროექტი „ოპოზიციის შესახებ“. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჭეშმარიტი დემოკრატიის მაგალითი მოგვცეს ამერიკული დემოკრატიის მამებმა, რომლებმაც ჯერ დაწერეს კონსტიტუცია და მერე შევიდნენ პარლამენტში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *