(ახალი თაობა)`ნაციონალებმა ბიძინა ივანიშვილს მინისტრებზე სკანდალური ვიდეოები მიაწოდეს~

 

news_35148რატომ არ არის სანდო ივანიშვილის განცხადებები და რაზე აქვს მას ბოდიში მოსახდელი, რატომ წააგო ხალხმა არჩევნებზე, ვინ დაიწყო პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ თემებზე `ახალ თაობას~ პარტია `თეთრების~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი:

_ ძლიერია ის ქვეყანა, სადაც არჩევნებით იგებს ხალხი. იმ ქვეყანას არა აქვს მომავალი, სადაც არჩევნებზე იგებენ პოლიტიკოსები. საქართველოში არჩევნებზე კიდევ ერთხელ დამარცხდა ხალხი. მეგონა, რომ 2013 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე მოიგო ხალხმა. თუმცა გამოჩნდა, რომ შეუთავსებელის შეთავსება არ შეიძლება.

_ შეუთავსებელთა შეთავსებაში რას გულისხმობთ?

_ ბატონი ბიძინა შეეცადა, სხვადასხვა იდეოლოგიის და მოტივაციის ძალები გაეერთიანებინა ერთმანეთთან. ვინც მოსწონდა, ისინი ცაში აიყვანა, ვისზეც გარედან მიუთითეს, მათ მილიონები გადაურიცხა, ხოლო ვინც თვალში არ მოუვიდა, მათ გასრესას შეეცადა. ამის შედეგად გაბოროტებული პოლიტიკური ძალები მივიღეთ.

_ ვის მოიაზრებთ გაბოროტებულ პოლიტიკურ ძალებში?

_ ხელისუფლებაში მყოფი ხალხის 80 პროცენტს.

_ მათ რაღა სჭირთ?

_ თქვენ რა გგონიათ, მარტო ხელისუფლების მიღმა დარჩენილი ძალები ბოროტდებიან? `ქართულ ოცნებაში~ ბლომად არიან წესიერი ადამიანები, სწორედ ისინი გაბოროტდნენ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია რეგიონებში. ამ ხალხს საქმის კეთება სურთ, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ. ეს წესიერი ხალხი გაოგნებულია და გაიძახიან, ეს სად მოვედითო. ეს მოსალოდნელიც იყო. როცა პოლიტიკაში ადამიანი ფულის ძალით მოდის, იქ სხვანაირად არც მოხდებოდა. ივანიშვილი ფულის ძალით მოვიდა პოლიტიკაში და შემდეგ ხელისუფლებაში.

_ პიროვნული ავტორიტეტი არაფერში დახმარებია?

_ მას რომ 6 მილიარდი არ ჰქონოდა, გარწმუნებთ, არათუ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, არამედ პოლიტიკურ პარტიასაც კი ვერ შექმნიდა. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ბატონი ბიძინა უნიჭო ადამიანია. უნიჭო რომ ყოფილიყო, 6 მილიარდს ვერ იშოვიდა. სწორედ ამ 6 მილიარდმა დააშვებინა ხალხს შეცდომა. ჩვენმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილი რძის მდინარეებს მოიტანდა. მსოფლიოს არ ახსოვს მაგალითი, როცა ხელისუფლებაში მოსულ მილიარდერს ქვეყნისთვის სიკეთე მოეტანოს. ამიტომაც არის, რომ დემოკრატიულ სამყაროში მილიარდერებს ქვეყნის მეთაურებად არ ირჩევენ. კომუნისტური რეჟიმის შემდეგ ჩვენ გამუდმებით ბელადის ძიებაში ვართ. ვეძებთ იმ ადამიანს, რომელიც გადაგვარჩენს. ამ ძიებაში ხშირად ბელადის ნაცვლად ფულს ვპოულობთ და გვგონია, რომ ფული გადაგვარჩენს. გვავიწყდება, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ მოაზროვნე ადამიანებს და წესიერ პოლიტიკოსებს შეუძლია. ვუყურებ ამ ხელისუფლებას და გაოგნებული ვარ მათი განცხადებებით. ერთადერთი, ვისი ტონიც ქართველი საზოგადოებისთვის მისაღებია, ეს ირაკლი ღარიბაშვილია. ამ ადამიანს არასწორად აქებენ.

_ რატომ აქებენ არასწორად?

_ მან ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ მინიმუმ ხუთჯერ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ამ მიზნის მისაღწევად სათანადო ხალხი უნდა დაეყენებინა გვერდით. ყველაფრის მიუხედავად, პრემიერის ტონი და განცხადებები მისაღებია, მაგრამ გაოცებული ვარ კახი კალაძის ტერმინოლოგიითა და ტონით. მაინტერესებს, სად არის პოლიტიკური კულტურა. კალაძე იყო ადამიანი, რომელსაც ჯერ მოქკავშირის და აღორძინების მიმართ ჰქონდა სიმპათია, მერე ნაციონალები მოსწონდა, ახლა `ქართული ოცნების~ სახელით გველაპარაკება. გაიძახის, მოქკავშირის და ნაცმოძრაობის ეპოქის პოლიტიკოსების დრო უნდა დამთავრდესო. კაცი, რომელიც ბერლუსკონისთან მეგობრობდა, სხვაზე არ უნდა იღებდეს ხმას.

_ ასეთი სამარცხვინოა ბერლუსკონისთან მეგობრობა?

_ სილვიო ბერლუსკონიზე გაუგებარი პოლიტიკოსი მსოფლიოში ბოლო წლებში არ ყოფილა. ისევ კალაძეს დავუბრუნდები, როცა აცხადებს, მოქკავშირლების დრო დამთავრდაო, იმას რატომ არ ამბობს, რაიონების გამგებლებად მამალი მოქკავშირლები რომ აირჩიეს? თვითმმართველობის არჩევნებში კალაძე `ქართული ოცნების~ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ის ადგენდა საარჩევნო სიებს და ის არჩევდა გამგებლების კანდიდატებს. რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ის აგებს პასუხს. ამ კაცს მამალი მოქკავშირლები და მამალი ნაციონალები გვერდით ჰყავს და რაკი ასეთი ტონით საუბრობს, აშკარაა, რომ ძალიან არის გაბოროტებული.

_ ამბობენ, რომ მას გუნდში გარკვეული პრობლემები აქვს და შესაძლოა ამიტომაც არის გაღიზიანებული. ისიც ითქვა, რომ ის თითქოს ყოფილი ნაციონალების დაწინაურების წინააღმდეგი იყო.

_ ყველა მამალი ნაციონალი გვერდზე უდგას და არ ვიცი, ვის წინააღმდეგ ილაშქრებდა. არის ჭორები, რომ ის პოლიტიკიდან წავა. ეს იქნება მართლაც კარგი ნაბიჯი. რაც მალე წავა პოლიტიკიდან, მით უკეთესი იქნება მისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც მისი სჯერა.. კალაძის ფიგურით აღფრთოვანებული არა ვარ, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ მან მართლაც დანიშნა თავისი ცოლისძმა თბილისის მერიაში. ასეთ პოლიტიკოსს ნებისმიერ ქვეყანაში იმპიჩმენტს გამოუცხადებდნენ.

_ თუ პროფესიონალია ადამიანი, მხოლოდ იმიტომ ხომ არ უნდა დარჩეს უმუშევარო, რომ ვიცეპრემიერის ცოლისძმაა?

_ რომელ პროფესიონალიზმზეა საუბარი. ბიოგრაფიულ ჩანაწერში სახელი, გვარი და ტელეფონი უწერია მხოლოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმედი მაქვს, ეს მართალი არ არის. ნაციონალები როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, საკუთარი ოჯახის წევრებს და ნათესავებს უმუშევრობის პრობლემა გადაუწყვიტეს. ანალოგიურად მოიქცა `ქართული ოცნებაც~. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არჩევნებზე წააგო ხალხმა. ქართველმა ხალხმა ერთხელ გაიმარჯვა მარტო არჩევნებში. ეს იყო 1990 წელს. ე.წ. იმელის პარლამენტიც კარგი იყო. მაშინ პარლამენტში მართლა პოლიტიკოსები იყვნენ და გამდიდრებაზე არ ფიქრობდნენ. ამის შემდეგ კი დაიწო დაღმასვლა. ახლა პარლამენტში ჯიბეზე ორიენტირებული ხალხი მოდის. წარმოგიდგენიათ, ყველა მომდევნო პარლამენტი წინაზე უარესია.

_ ამით რა გამოდის, დღეს რაც პარლამენტი გვყავს, ყველაზე უარესია?

_ რა თქმა უნდა. საკანონმდებლო ორგანოში წესიერი ხალხიც არის, მაგრამ უმეტესობა მიუღებელია. ბიძინა ივანიშვილს მართლაც რომ სდომებოდა ქვეყნის გადარჩენა, პარლამენტსაც და მთავრობასაც პროფესიონალებით დააკომპლექტებდა. იმის მაგივრად, რომ ასე მოქცეულიყო, გაბოროტდა და ყოველი მისი გამოსვლა თუ ინტერვიუ ლანძღვაგინებით მთავრდება. შარშან ამ დროს მთელ საქართველოს დაჩოქილი ეხვეწებოდა, მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეთო. ჩვენ, ვისაც ამჟამინდელი პრეზიდენტი არ მოგვწონდა, მტრებს გვეძახდა. საკუთარ თავზე დიდი მტერი ივანიშვილს არა ჰყავს. მტრები იმ ამერიკელ მრჩევლებშიც მოიკითხოს, ფეხქვეშ რომ გაეგო. თუ ქვეყნის გადარჩენა უნდა, ამ ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს. აუცილებლად უნდა გაწმინდოს გარემოცვა. მე პირადად არ მჯერა, რომ ასე მოიქცევა. ყველას კარგად გვახსოვს, რა მაღალფარდოვან განცხადებებს აკეთებდა ის ოჯახის სიწმინდესა და ერთგულებაზე. მინისტრებად ისეთი ხალხი დანიშნა, პირდაპირ არ ვი¬ცი.

_ რისი თქმა გინდათ, ბატონო თემურ?

_ ნაცმოძრაობამ ივანიშვილს თავისი გუნდის წევრებზე ისეთი ვიდეოჩანაწერები დაახვედრეს…. ძალიან ცუდია, რომ ასეთი რამე ჩაიწერეს, მაგრამ ივანიშვილსაც ხომ უნდა მოეხდინა რეაგირება.

_ მაინც რა ჩანაწერებია ასეთი?

_ რას აკეთებდნენ მისი გუნდის წევრები კაბინეტებში, ვის მიჰყავდა საყვარელი უცხოეთში და ა.შ. ამ ჩანაწერების ნახვის შემდეგ ივანიშვილმა ეს ხალხი ისევ თანამდებობებზე დატოვა. ამის შემდეგ მისი საუბარი ოჯახის სიწმინდეზე არის ბლეფი. ისევე, როგორც ბლეფია მისი რელიგიურობა.

_ რას გულისხმობთ?

_ არჩევნების წინ მან თავი მოგვაჩვენა, რომ თითქოს ეკლესიური იყო და თით-ქოს პა¬ტივს სცემდა პატრიარქს. მერე ყველამ ვნახეთ, რა განცხადება გააკეთა პატრიარქის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეკლესიისადმი ძალიან მახინჯი დამოკიდებულება აქვს. გამუდმებით საუბრობდა ქართულ იდეოლოგიაზე. მისი შვილი ბერაც სულ ასეთ სიმღერებს მღეროდა. აღმოჩნდა, რომ ესეც ბლეფი იყო. მან ხალხს იძულებით აარჩევინა მარგველაშვილი პრეზიდენტად. ღიად ამბობდა, თუ მას პირველივე ტურში არ აირჩევთ, იმაზე ადრე წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე ვაპირებდიო. მარგველაშვილის არჩევიდან 2 თვის შემდეგ განაცხადა, შევცდიო. ამის გამო მოსახლეობას ბოდიშიც კი არ მოუხადა. არადა, მან ხალხს ქართული იდეოლოგიის მტრული ორგანიზაციების დამფუძნებელი აარჩევინა.

_ რომელ ორგანიზაციებს გულისხმობთ?

_ სორო¬სის ფონდი, ენდიაი…. ისინი ყველაფერ ქართულს ებრძოდნენ. ყველამ წავიკითხეთ ის წერილი, რაც მარგველაშვილმა ქართველ ერზე დაწერა. ამის მიუხედავად, ივანიშ¬ვი¬ლი მა¬ინც ითხოვდა მის არჩევას.

_ არ იცოდა რასაც წარმოადგენდა სინამდვილეში მარგველაშვილი?

_ ძალიან კარგად იცოდა.

_ აბა, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი?

_ გარედან უთხრეს. სამწუხაროდ, ბატონი ბიძინაც გარედან მიღებული giorgi marg bidzina iv მითითებებით მოქმედებდა. ასევე იქცევა მარგველაშვილიც. მას არასდროს დაუმალია, რომ ნაციონალებთან მეგობრობდა. არც ეს მიიჩნია რამედ ივანიშვილმა. მან პოლიტიკაში მოსვლით ნაცმოძრაობა გადაარჩინა. ის რომ არ მოსულიყო პოლიტიკაში, ნაციონალე-ბი დღეს უკვე აღარ იარსებებ¬დნენ. მათ ქართველი ხალხი სამართლიან განაჩენს გა-მოუტანდა. ახლა ისინი ისევ ხელისუფლებაში არიან, მეოცნებეები კი მათ გასამართლებას არ აპირებენ. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. მეტსაც გეტყვით, ერთად არიან და ერთად ებრძვიან პატრიარქს. პატრიარქის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო. ნახეთ, რა დღეში არიან არასამთავრობოები, მათ ხელისუფლება თავზე ხელს უსვამს. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ხალხი უნდა გამოფხიზლდეს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ ხალხის გამოსაფხიზებლად. ამასთან ხელისუფლებას მოვითხოვთ, ჩააბაროს ანგარიში.

_ რანაირად უნდა გაკეთდეს ეს?

საუკუნის დასაწყისში საქართველოსთვის დადგა პერიოდი, როდესაც  ყოველგვარი ქართული დარტყმის ქვეშაა. ქართული მიწაც, ქართული ენაც, ჩვენი მართლმადიდებლობაც, ტრადიციებიც, ქართული კულტურა, მეცნიერება,  ქართული განათლების სისტემა, ქართული  სოფელი, მამული ჩვენი, საერთოდ, ანუ  ყველაფერი, რაც ქართული იყო და ჯერ კიდევ არის – დადგა დარტყმის ქვეშ.

მძლავრობენ ძალები, რომელთათვისაც უპირატესია  უცხო ქვეყნების პოლიტიკური ძალების მსახურება, ვიდრე საკუთარი ხალხის  და ქვეყნისა. ტრაგედიაა, როდესაც სურვილი უჩნდება არა ერთსა და ორს, ხელისუფლებაში კი უმრავლესობას, რომ გაამერიკელდეს, გაინგლისელდეს, გაგერმანელდეს, გაფრანგდეს.. ჯერ ერთი – ვერასდროს ვერ გახდება  ფრანგი ის, ვისაც გაფრანგება უნდა; ვერ გახდება, ამერიკელი ის, ვისაც გაამერიკელება უნდა, მაგრამ თავის ქვეყანას კი ღალატობს… არადა ასეთი ძალები მომრავლდნენ პოლიტიკაში.

რა დრო გადის, ქვეყანაში ძლიერდება უიმედობა, დეპრესია, ღრმავდება სიღარიბე, მიმბაძველობა,  ყოველგვარი უცხოურის ქება, საკუთარის, მათ შორის ისტორიის ძაგება – ჩვეულებრივ ამბად იქცა.

დამთრგუნველია, როცა ხედავ, რომ სახელმწიფოს განვითარების დავით აღმაშენებელისეულ პრინციპებს გარეთ უფრო აფასებენ, ვიდრე საქართველოში, როცა ბევრი ქვეყნისათვის სამაგალითო ხდება ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია, იოანე პეტრიწის ფილოსოფიური, ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა  და დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია, მაშინ როცა, ყველაფერ ამას იგნორირება უკეთდება მათ სამშობლოში. გვემართება ის, რაზეც სხარტად და ხატოვნად თქვა პოეტმა – თურაშაულის პატრონი, ტყეში ვეძებთ პანტას.

 კატასტროფაა, როცა ხედავ, რომ ქვეყანა იმათ მმართველობაში გადავიდა, ვინც ნულოვან აუქციონზე კაპიკებით ხელში ჩაიგდო ხალხის მთელი სიმდიდრე და  კიდევ იმ ადამიანების, რომლებიც „ნაციონალების“ მიერ დაინიშნენ (სწორედ რომ დაინიშნენ) ბიზნესმენებად, ანუ იმათ ხელში, ვინც დაეპატრონა სხვათა მიერ გამართულ ბიზნესს.

დღეს უკვე ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია, რომ სააკაშვილის მმართველობის წლები ეს იყო „მოქკავშირ-აღორძინების“ დროს დაწყებული სიკეთის გათითოკაცების და ბოროტების ერთ მძლავრ მუშტად შეკვრის ქვეყნის დამანგრეველი პროცესის მძლავრად გაგრძელების წლები. მისი მონაწილეა დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს , 2008 წლამდე დიდი ფინანსებით და გვერდში დგომით აძლიერებდა სააკაშვილის ანტიქართულ რეჟიმს.

მძიმე ჟამი უდგას ქვეყანას. მისი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ ყოფილა ასეთ მდგომარეობაში. ისტორია იმასაც ადასტურებს, რომ ასეთ პერიოდებში რწმენით და იმედით ერთ დიდ მუშტად იკვრებოდა ხალხი, ქართული აზრი, მძლავრობდა ქართული ცნობიერება. ქართული დროშის ქვეშ დგებოდა ახალგაზრდობა.

დღეს სწორედ ეს პერიოდი დადგა… ამისათვის ღირს სიცოცხლეც, მით უფრო, რომ ისტორიულად ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ქართულს, ცივილიზაციის სიკეთეებთან იყვნენ ნაზიარები. მუდმივად ცივილიზაციის მწვერვალებზე იყვნენ იმ განწყობით, რომ კარჩაკეტილობა, ისევე, როგორც კოსმოპოლიტობა უბედურებაა ქვეყნისთვის. დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა მიდის იმ გლობალიზაციით, რომელმაც თითქოს უნდა შთანთქოს პატარა ერები. ეს არის დამახინჯებული წარმოდგენა რეალურ გლობალიზაციაზე. ეს ნამდვილად არ შედის გლობალიზაციის ინტერესებში, მით უფრო, რომ  ყოველი ერი, გლობალიზაციის დროს, თუ ის ძლიერია, თუ მას ისტორია აქვს, ინარჩუნებს თვითმყოფაობას ისე, რომ არ ეწინააღმდეგება კაცობრიობის განვითარების კანონზომიერებას.

დღეს ხალხს და ქვეყანას  იმედის ხელისუფლება და პოლიტიკოსები სჭირდება. სჭირდება მთავრობა, რომელიც მომავლით ცხოვრობს და არ არის ჩარჩენილი წარსულის ძაგებასა და განქიქებაში. სჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც თავისუფალნი არიან სიძულვილისაგან, არ იმართებიან ქვეყნის გარედან, პატიოსნად ცხოვრობენ და აანალიზებენ საკუთარ საქმიანობას – არიან თვითკრიტიკულნი და არა თვითკმაყოფილნი. ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება და პოლიტიკოსები, რომელთაც შეუძლიათ მოქმედებაში მოიყვანონ ქვეყნის მთელი პოტენციალი – როგორც ინტელექტუალური და ადამიანური, ასევე ბუნებრივი და გეოგრაფიული, რომელთაც ესმით, რომ ყოველგვარი ქართული და ეროვნული ნადგურდება მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა იბრძვის არსებობისათვის, ხოლო ქვეყანა ბრწყინდება მაშინ, როცა მისი ხალხი, თითოეული ადამიანი იბრძვის საკუთარი თავის რეალიზაციისათვის.

ჩვენ  – საინიციატივო ჯგუფი „პირველ ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს“ ასეთ ჭრილში ვხედავთ დიდ ქართულ მოძრაობას „დავიბრუნოთ საქართველო“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველ ოქტომბერს ხელისუფლებამ არა უბრალოდ ანგარიში უნდა ჩააბაროს ხალხს და ქვეყანას, არამედ პატიოსნად თქვას, რა ვერ შეძლო და რაც მთავარია, თქვას ის, რის გაკეთებასაც აპირებს.

პირველ ოქტომბერს დეპრესიისა და უიმედობის დღევანდელ საქართველოს მართალი და იმედიანი სიტყვა უნდა, რომელიც შემდგომ მოქმედებით უნდა დადასტურდეს.

ბატონო ხელისუფალნო, თქვენ ხალხს დაპირდით სამართლიანობის დადგენას, დაპირდით საარსებო მინიმუმს, დაპირდით საბანკო პრობლემების მოგვარების სისტემას, დაპირდით წართმეულის დაბრუნებას, დაპირდით კიდევ ბევრ რამეს.

პირველ ოქტომბერს, ხელისუფლებაში თქვენი მოსვლიდან ორი წლის თავზე ჩააბარეთ ანგარიში ხალხს.

 – როგორი ფორმით უნდა მოხდეს ეს?

ჩვენ ვთლით, რომ ხელისუფლებამ ამის ფორმა თვითონ უნდა მოძებნოს. ერთი კი ნამდვილად ვიცით, რომ ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს,  როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *