(ივერიონი) ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა ის, რაც ხალხს დაპირდა და წარსულის განქიქებით არის დაკავებული – თემურ შაშიაშვილი

16ახლოვდება პირველი ოქტომბერი, არჩევნების ორი წლისთავი, ყოველი პატიოსანი მთავრობა მოსვლიდან 100 დღის თავზე აბარებს ანგარიშს ხალხს. ამ ხელისუფლებამ თავად უნდა გამონახოს გზა, რა ფორმით ჩააბარებს ანგარიშს საკუთარ ხალხს, – აცხადებს საინიციატივო ჯგუფის “ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს“ წევრი, თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, ორი თვის განმავლობაში ჯგუფი ინტენსიურად ხვდებოდა საქართველოს მოსახლეობას და ერთგვარ გამოკითვას ატარებდა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

„ეს იყო ერთგვარი გამოკვლევა, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ამ ორი თვის განმავლობაში 10 ათასამდე ადამიანს შევხვდით და მათი პოზიცია იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ქვეყანა დატოვა აყვავებული, „ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე დაპირდა ხალხს. ჩვენ გვაინტერესებდა ხალხის განწყობა.კვლევების ჩატარების შედეგად გამოვლენილი განწყობა ასეთია: ნაცმოძრაობამ დატოვა დანგრეული ქვეყანა, ხოლო ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა ის, რაც ხალხს დაპირდა. ასეთია ზოგადად ხალხის განწყობა“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება უპირატესად წარსულის განქიქებით არის დაკავებული.

„მთავრობის ხელმძღვანელები საუბრობენ წარსულზე, და მე არ მომისმენია მთავრობის ხელმძღვანელისგან, ბატონი პრემიერისგან, როგორი წარმოუდგენია მას საქართველო. ასეთი პროგრამული გამოსვლა, ორი წელი გავიდა უკვე და არ მოგვისმენია. მოვისმინეთ პროგრამა, რომლითაც მოვიდნენ ორი წლის წინ ხელისუფლების სათავეში და რომელიც არ შესრულდა“, – აცხადებს თეთრების ლიდერი.

მისი თქმით ხალხს ანგარიში უნდა ჩაბარდეს არა მარტო ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, არამედ ყველა ქალაქში, ყველა გამგებელი,მერი, გუბერნატორი და იმაზე კი არ ილაპარაკონ, ვინ დაიჭირეს, არამედ რას დაპირდნენ ხალხს და როგორ შეასრულეს დანაპირები.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *