„ქუჩის პოლიტიკოსები“ კაბინეტებში ზიან.

 

 gerbi1„თეთრები“ უაღრესად პოზიტიურს უწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ბერნსის პოზიციას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები, მხარს უჭერს არა რომელიმე ერთ პარტიას, ან პირს, არამედ – მთლიანად საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

ეს პოზიცია დაადასტურა დღეს აშშ-ს ელჩმა, ჯონ ბასმა თავის განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შედეგებზე. ეს განცხადება უაღრესად მნიშვნელოვანია და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს პოლიტიკური სიტუაციის ზომაზე მეტად დაძაბვის ფონზეც კი.

„ჩვენ ვმუშაობთ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრთან. მხოლოდ იმ ძალებთან არ ვთანამშრომლობთ, რომლებიც ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას შეეცდებიან, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი სათამაშო ველი, სადაც ყველა მონაწილისათვის თანაბარი შესაძლებლობა იქნება“, – ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ბასს ეკუთვნის. ამ პოზიციას უნიკალურს და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის  სასიცოცხლოს უწოდებს თემურ შაშიაშვილი.

„ამ სიტყვებიდან გამომდინარე ბატონი ბასი არ უნდა თანამშრომლობდეს „ნაცმოძრაობასთან“ – ძალადობის მთავარ სათავესთან საქართველოში“ – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს. მისივე თქმით, ბატონი ბასი, რომ ერთხელ მაინც შეხვედროდა „სახალხო კრების“ აღმასრულებელ საბჭოს, უშუალოდ მისგან მიეღო ინფორმაცია – ეს გაცილებით მეტად წაადგებოდა დემოკრატიულ პროცესს საქართველოში და, ალბათ, 26 მაისის სახელისუფლებო ძალადობაც გამოირიცხებოდა.

„არ მინდა ვირწმუნო, თუმცა გარკვეული დოზით შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ბასი ძალადობასთან აკავშირებს „სახალხო კრებას“. თუ ეს ასეა, მაშინ  პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მისი დიდი შეცდომაა, ეს არის შეურაცხყოფა „ეროვნული კრების“ იდეის და იმ დიდი ინტელექტის, რომელიც დროის მოოკლე მონაკვეთში დადგა ამ იდეის ირგვლივ. „სახალხო კრების“ ძალადობასთან დაკავშირება   ეს არის სწორედ „ქუჩის პოლიტიკოსების“ პოზიცია თავიანთი ქუჩური აზროვნების შენიღბვისათვის და არ მინდა, რომ ჩვენთვის ნამდვილად დიდი მეგობარი ქვეყნის ელჩის პოზიცია მათი თანმხვედრი იყოს.“ – თვლის თემურ შაშიაშვილი.

„ქალაქის მერობიდან და გუბერნატორობიდან მოყოლებული ვიბრძოდი და ვიბრძვი იმისათვის, რომ საქართველოში ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა დამთავრდეს, სწორედ ამიტომ ვიყავი ე.წ „ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგი. სწორედ ამ რევოლუციამ ააპარპაშა საქართველოში „ქუჩის  პოლიტიკოსები“. დღეს ამაზე საუბარი არავის სურს, სამწუხაროდ ამერიკელი დიპლომატებიც გაურბიან ამ თემას.“ – ამბობს თემურ შაშიაშვილი. მის აზრით, ქუჩის პოლიტიკოსები დღეს კაბინეტებში ზიან, ისინი ხელისუფლებაშიც არიან და ოპოზიციაშიც – პირველნი სახელისუფლებო კაბინეტებს არ თმობენ, მეორენი – სახელისუფლებო სავარძლებს ეზმანებიან. ერთნიც და მეორენიც, სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ზურგით ცდილობენ გამაგრებას.

„ვიცი, მძიმე რამ ვთქვი, მაგრამ ვთქვი როგორც ვფიქრობ და ვიცი, რომ ჩემსავით ბევრი ფიქრობს. საქართველოში ქუჩის პოლიტიკოსობა ქუჩური აზროვნებაა და არა ქუჩაში თავისუფლების შეზღუდვა, საქართველოში ქუჩა ოდითგან აზროვნებასთან იყო დაკავშირებული და თავისუფალი ძალადობისაგან“, – აღნიშნავს თემურ შაშიაშვილი.

„არ მინდა ვიფიქრო, რომ ზოგჯერ საელჩოები იმ პოლიტიკოსებთან უფრო თანამშრომლობენ, რომლებიც მათ წინაშე თავდახრილნი არიან, რომელთათვისაც ელჩის და საელჩოს აზრია მთავარი და არა ქვეყნის მოსახლეობის. დრო ყველაფერს გაარკვევს. ჩვენ დღეს ჰაერივით გვჭირდება ამერიკისა და დასავლეთის თანადგომა, ჰაერივით გვჭირდება შესრულდეს ბარაკ ობამას ეპოქალური ნათქვამი, რომლის მიხედვითაც იგი მთელს მსოფლიოში თავისუფალი მედიის გარანტი გახდა. საქართველოს მომავალი მხოლოდ დემოკრატიასთან, მხოლოდ თავისუფალ ადამიანთან, მხოლოდ თავისუფალ მეწარმესთან, მხოლოდ თავისუფალ მედიასა და სასამართლოსთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელი არის „თეთრების“ პოლიტიკური კრედო და მიხარია, რომ მეც მათი წევრი ვარ“. – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„საქართველოში ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მძლავრი პოლიტიკური პროცესი დაიწყო. ყველა მოაზროვნე ადამიანის, საქართველოს ყველა ნამდვილი მეგობრის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების  პირდაპირი ვალდებულებაა, მან დემოკრატიული განვითარება მიიღოს, დასრულდეს თავისუფალი არჩევნებით და ამით წერტილი დაესვას რევოლუციებს, ქუჩის პოლიტიკოსების პარპაშს. – მიაჩნიათ „თეთრებს“

პრეს-ცენტრი

2011 წლის ოქტომბერი

 

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *