(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს!

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნება” ვალდებულია, ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავზე, ანუ 2014 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობას ანგარიში ჩააბაროს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, თემურ შაშიაშვილმა, მეცნიერ დავით გველესიანთან და თეოლოგ ლეონ ფირცხალავასთან ერთად „რეპორტიორში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ბატონო ხელისუფალნო, თქვენ ხალხს დაჰპირდით სამართლიანობის აღდგენას, დაჰპირდით საარსებო მინიმუმს, დაჰპირდით საბანკო პრობლემების მოგვარების სისტემას, დაჰპირდით წართმეულის დაბრუნებას, დაჰპირდით კიდევ ბევრ რამეს.
პირველ ოქტომბერს, ხელისუფლებაში თქვენი მოსვლიდან ორი წლის თავზე ჩააბარეთ ანგარიში ხალხს.
ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, დავაკვირდებით ამ პროცესს და ნოემბრის დასაწყისში მივცემთ შეფასებას იმას, ხელისუფლება ჩააბარებს თუ არა – და თუ ჩააბარებს ანგარიშს – იქნება თუ არა ის გამომხატველი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ხალხის განწყობის. ყოველივე ამის შემდგომ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით და რა მასშტაბით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენი პოზიცია ურყევია: ხელისუფლების საქმიანობა უნდა დაექვემდებაროს ხალხის კონტროლს, უნდა გამოირიცხოს ამ საქმის მონოპოლიზება რომელიმე პოლიტიკური ძალისაგან, მით უფრო „ნაციონალური მოძრაობისაგან” , რომელმაც არათუ არ შეასრულა მისი საარჩევნო პროგრამები, გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, ბრძოლა გამოუცხადა ყოველგვარ ეროვნულს, ეროვნულ ცნობიერებას.
დღეს, როცა ასე თავხედურად და გამომწვევად იქცევა „ნაციონალური მოძრაობა” და პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი, როცა მილიონებით ფინანსდებიან დასავლური სექტანტური ჯგუფების მსახური არასამთავრობო ორგანიზაციები და „ნაცების” სატელიტი პარტიები, როცა ასე თავხედურად იქცევა „რუსთავი 2″ – უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების, საზოგადო მოღვაწეების ურთიერთობას მმართველ პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს მოსახლეობასთან. ჩვენ ვთვლით, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს თვითკრიტიკული და ამავე დროს, მობილიზებული იმ ურთულესი პრობლემების დასაძლევად, რომელთა გამოც გაწამებულია საქართველოს მოსახლეობა.
ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით მმართველ პოლიტიკურ ძალას: მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ და გამოფხიზლდით.
ოქტომბრის ანგარიშმა ეს უნდა დაადასტუროს – უიმედობასა და დეპრესიაში ჩავარდნილ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას – იმედი მისცეს და იმედიანი მოქმედება დაანახვოს. ვიფიქროთ საქართველოზე და არა სახელისუფლებო სკამებზე!”-განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.



