(რეპორტიორი)რისთვის ჩაატარა თემურ შაშიაშვილმა მოსახლეობის გამოკითხვა?

თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში, მათი საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ათი ათასამდე ადამიანს შეხვდნენ, გამოკითხვა ჩაატარეს და მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს. აღნიშნულზე შაშიაშვილი გაზეთ „ალიას” ესაუბრა.
„ეს შეხვედრები ამოცანად ისახავდა ერთ რამეს, საქართველოს მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს, რომ ვისაც აირჩევს, უფროსი კი არა, მისი მსახურია. მოსახლეობის 99 %-ს ჰგონია, რომ ვისაც ირჩევს, მისი უფროსი უნდა იყოს და ამაში უხადოს ხელფასი. ამ შეკრებისას ჩვენ გვინდოდა ხალხისთვის გვეთქვა, რომ დემოკრატიული მსოფლიო ცხოვრობს მხოლოდ ერთი კანონით – ხალხს აქვს კონტროლის ბერკეტი იმ დაპირებების შესრულებაზე, რითაც ხელისუფლება მოდის. ჩვენთან კი უნდათ, რომელიმე პარტიამ მოახდინოს მონოპოლიზება ყველა რესურსის. კი თქვა ივანიშვილმა, „მოქალაქეს” ვქმნი და ვაჩვენებ ხელისუფლებას, როგორ უნდა კონტროლიო, მაგრამ თქვა და დამთავრდა.
ხალხმა თქვა, დაგვპირდნენ საარსებო მინიმუმს და შიმშილით ვკვდებითო. ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. დღეს ადამიანს რომ ჰქონდეს აუცილებელი კვების რაციონი, აჭარბებს 450 ლარს, ამ დროს, რა არის რეალური საარსებო მინიმუმი, კაცმა არ იცის, მიზერულ თანხებს ასახელებენ. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ განსაზღვრავს ხელისუფლება საარსებო მინიმუმს, ამას განსაზღვრავენ დამოუკიდებელი სააგენტოები. წინა ხელისუფლებას რომ არ აეშენებინა რომელიმე შენობა, მაგალითად, საპრეზიდენტო სასახლე ან პარლამენტი ქუთაისში და გაეკეთებინა ისე, როგორც ევროპულმა ქვეყნებმა და ამათაც ხალხის ბანკებიდან გატანილი ფულის საპროცენტო განაკვეთი გადაეხადათ და მერე მოსახლეობას ნელ-ნელა დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის, ახლა ასეთი მძიმე სოციალური ფონი არ იქნებოდა.
ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც ტიროდნენ და გარწმუნებთ, გული გაგიჩერდებათ, რაზე საუბრობენ იმერეთში, აჭარაში… მე დალხინებული არავინ მინახავს. დაჰპირდათ ცხოვრების გამოსწორებას ეს ადამიანი და ამიტომაც აირჩიეს, თორემ ივანიშვილს რომ ფული არ ჰქონდეს, ვინ აირჩევდა? ხალხის შეცდომა იმაში იყო, რომ დაუჯერეს. არ მომხდარა ჯერ მსოფლიოში, მილიარდერს გადაერჩინოს ხალხი და ქვეყანა, არ მომხდარა არც ის, რომ ბელადს მოეტანოს რამე კარგი ქვეყნისთვის.” – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.



