(ალია) რატომ აქტიურდება “სახალხო კრება” და რას ცვლის თავის შემადგენლობაში
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო კრება“ ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მის ლიდერებს არაერთხელ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმეს გადაბირებაც კი მოახერხა. ბატონ ბიძინას სურდა სხვებიც ეხილა (გია ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი) მაგრამ მათ უარი თქვეს. არჩევნების შემდეგ, ზუსტად ორი წლის განმავლობაში „სახალხო კრება“ დუმილის რეჟიმს ინარჩუნებდა, ხელისუფლებას დრო მისცა. მაგრამ როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამბობს, „ალიასთან“ საუბარში, ეს დრო ამოიწურა. ამ დღეებში ჩატარდა აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, სადაც კონკრეტულად დაისვა საკითხი, „სახალხო კრების“ გააქტიურების და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ.
– ბატონო თემურ, იქიდან გამომდინარე, რომ „სახალხო კრება“ 2012 წლამდე ნამდვილად არ იყო ხელწამოსაკრავი ძალა. საინტერესოა, რას აპირებთ, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეთ აღმასრულებელი საბჭოს სხდომებზე?
– „სახალხო კრებამ“ იცის, როდის არის ბრძოლა საჭირო და როდის უნდა დაწყნარდეს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები მოკვდნენ, მან ხელში აიღო ინიციატივა, ხოლო არჩევნების დროს მათ დაუთმო პოლიტიკური ასპარეზი დღეს „სახალხო კრებაში“ არის ასეთი განწყობა: უკვე მოქმედების დროა. ასეთი მოქმედების დრო არ იყო 2010-2011 წლებშიც კი. მე შემიძლია საამისო არგუმენტებიც მოვიყვანო.
– საინტერესოა არგუმენტები, დეტალები და გეგმა…
– „ სახალხო კრება“ არის ავტორიტეტების კრებული. ელიზბარ ჯაველიძე, გია ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე და სხვები. ამ ადამიანებს არ უნდათ თანამდებობები, ეს რომ დიდი პოტენციალია ქვეყნისთვის, ვერავინ ვერ უარყოფს. მე ამჯერად ჩამოვთვლი იმ საშიშ სიმპტომებს, რის გამოც საჭიროა ავტორიტეტების გააქტიურება. პირველი – აგერ უკვე ცხადია, რომ ორივე ძალა, რომელთა წარმომადგენლებიც პარლამენტში სხედან , ჰყავს ერთი პატრონი, ვექტორი არ იცვლება, ეს ხდება მაშინ, როცა მრავალვექტორულმა აზერბაიჯანმა პრაქტიკულად კავკასია აიღო. თუ ადრე სააკაშვილი მოქმედებდა ვიღაცის ჯინაზე, ახლაც ვიღაცის ჯინაზე ვმოქმედებთ, მეორე – ვისგანაც დღეს ესენი იმართებიან«, იმას უნდა რომ საქართველო გახდეს ორპარტიული, ესე იგი, ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს – დღეს არის „ოცნება“, ხვალ ისევ დაბრუნდება „ნაცმოძრაობა“ მერე ისევ იქნება „ოცნება და ასე შემდეგ. ამერიკული მოდელი ჩვენთანაც მოდის მოქმედებაში. მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს ეს როგორ უკარნახეს გარედან. მაგრამ ფაქტია, საქართველო გაათითოკაცეს, ვართ დაპირისპირებულ მდგომარეობაში და მიდის ბრძოლა სკამებისათვის. ვინც ყველაზე დიდი ქამელეონი იყო, ყველა შეძვრა პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილი მაინც ბოღმის კაცია, ამას პირველად ვამბობ, სამომავლოდ უფრო მეტს ვიტყვი… თუ აქამდე ქართულ პოლიტიკას ემოცია მართავდა, ახლა უკვე ბოღმა შემოეპარა, ვის მიმართაც ბატონ ბიძინას ბოღმა აქვს. შეიძლება ისე გასრისონ, ვინც არ უნდა იყოს და რაოდენი საჭიროც არ უნდა იყოს, ქვეყნისათვის. ამ ბოღმამ კიდევ უფრო წინა პლანზე პირადი ერთგულება წამოსწია. ასეთი რამ არც შევარდნაძის პოლიტიკას აკლდა, და არც სააკაშვილის მმართველობის დროს იყო უცხო ხილი – თუ იყავი სააკაშვილის ერთგული, იყავი ყველაფერი, ბიძინა ივანიშვილმა ეს ფაქტორი უკან კი არა, წინ წასწია. ჩვენ თავის დროზე ვამბობდით, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო არარაობა, მაგრამ ივანიშვილმა ის აქცია ფიგურად, ჩვენ გვგონია, თითქოს მარტივი პროცესი მიდის, მაგრამ მისი „რჩეული“ სააკაშვილის მიერ აშენებულ სასახლეში შევიდა , დაიბოღმა და ყველამ ჩაწიხლა დაუწყო. ეს ქვეყნისთვის უკვე უბედურებაა. , როგორ ფიქრობთ, ეს არ არის საშიში სიმპტომი? მესამე – დღეს ამ პატარა ქვეყანაში ერთი კაცის ხელშია პოლიტიკა და კაპიტალი. ერთი შეხედვით, ივანიშვილი გასულია გვერდზე, თითქოს არაფერი აინტერესებს, მაგრამ, სინამდვილეში თვითონ მართავს ყველაფერს. მეოთხე – ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არა მხოლოდ შლეგია, არა მხოლოდ თავხედი, არამხოლოდ საეჭვო სექტებთან არის დაკავშირებული, ის უკვე საჭირო ხდება საქართველოში მავანთათვის. ამერიკის ხელისუფოლებისათვის, რუსეთისთვის, ევროპაში გარკვეული წრეებისთვის, ამერიკულმა და ევროპულმა პოლიტიკურმა წრეებმა სააკაშვილის დროს უფრო აკეთეს დიდი ფული, ვიდრე ახლა აკეთებენ. მეხუთე – საქართველოში სოკოებივით იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციები. ფული შეაქვთ ახალგაზრდულ წრეებში და ურეცხავენ ტვინებს. როგორ გგონიათ, ეს არ არის საშიში სიმპტომი და წინაპირობა იმისა, რომ „სახალხო კრება“ უნდა გააქტიურდეს?
– ბატონო თემურ, რა სურათიც ახლა დამიხატეთ, ამ სიტუაციაში რას გააკეთებს „სახალხო კრება“? აქვე მინდა გითხრათ, 2012 წელს საქართველოში სხვა სიტუაცია იყო, ყველა ფიქრობდა, „ნაციონალების“ მოშორებაზე. კონკრეტულად მითხარით,რა მიზნები გაქვთ?
– დიახ, დღეს ნამდვილად არ არის მარტივი სიტუაცია და ამიტომაც დავიწყეთ დისკუსია „სახალხო კრების“ შიგნით. ჩვენ ჯერ კარგად უნდა წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში ვართ, ჩვენ გვყავს ჭკვიანი ხალხი, მაგრამ ახლებსაც მოვუხმეთ და დავიწყეთ კონსულტაციები.
– ანუ ახალ წევრების მიღებაზეა საუბარი?
– რა თქმა უნდა, ახალ წევრებს მივიღებთ, ხოლო ვისაც გასვლა უნდა, „კრებიდან“ უნდა გავიდეს. ჩვენ გვქონდა პოზიცია – ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე. ამას არ უნდა ვუღალატოთ. დღეს ამას ბევრი სხვანაირად უყურებს. მაგრამ ალბათ მივალთ შეთანხმებამდე.
„სახალხო კრებიდან“ გასვლაზეც არის ლაპარაკი?
– არა, არა, შეიძლება ხვალ ვიღაცა გამოვიდეს და თქვას „სახალხო კრებაში“ ყოფნა აღარ მინდაო. ადრე „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ჩვენს რიგებში არეულობის შეტანას. მოვიდა „ოცნება“ და ორი წევრი წაიყვანა. ამით ჩვენი რიგები დასუსტდა. სხვათა შორის, „სახალხო კრებაში“ ისინი უფრო მეტის გამკეთებლები იყვნენ, ვიდრე იქ, სადაც დღეს არიან. მათ ბევრჯერ ეწყინათ ჩემი გამონათქვამები, მაგრამ დრომ დაადასტურა, რომ მართალი ვიყავი. როგორც კი „სახალხო კრება“ გააქტიურდება, ისევ დაიწყება რაღაცეები, გადაბირებისა და არეულობის მცდელობები.
– რომელ ახალ წევრებზეა საუბარი?
– – ასეთი ძალიან ბევრია. მაგრამ არ მინდა წინასწარ გვარები დავასახელო. ჯერ კონსულტაციები გვაქვს. უახლოეს ხანებში მაქსიმუმ ერთ თვეში, „სახალხო კრება“ გამოაცხადებს, რომ უკვე მოქმედების დროა.
– თქვენთან არის ვინმე, რომ ამბობს, რომ მოქმედების დროა?
– ამაზე მიდის დისკუსია. ჩვენ ვერ გამოვალთ მხოლოდ ცარიელი სიტყვებით. საჭიროა გარკვეული სტრატეგია. მაგალითად, ამ დღეებში ვიყავი სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში, საოცრად კარგი რექტორი ჰყავდათ, ვახტანგ ფრუიძე. მისი იუბილე აღინიშნა. შევხვდი ადამიანებს, სოფელზე ისეთი პროექტები აქვთ, ისეღი წინადადებები გაოგნებული დავრჩი, როგორ შეიძლება, გყავდეს ასეთი აზროვნების მეცნიერები და გიჭირდეს? მეორე მაგალითი: 12 ოქტომბერს ჯანო კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ანსამბლ „რუსთავის“ განახლებული კონცერტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ანზორ ერქომაიშვილი. იყო დაახლოებით 1000 კაცი. შესრულდა 4 აფხაზური სიმღერა, ხალხი ტიროდა. არ მოვიდა არც ერთი ტელევიზია. არ მოვიდა არავინ ხელისუფლებიდან. კონცერტს უამრავი უცხოელი ესწრებოდა. საოცარი რეაქცია ჰქონდეთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ უგულებელყოფილია ყველაფერი. ძალიან ცნობილი ადამიანები ვნახე, რომლებიც ამბობდნენ, „ოცნების“ გვერდით ვიდექით, ფეხით შემოვიარეთ მთელი საქართველო და ეხლა არავის ვახსოვართო. ეს კი არა, მერიის ეგიდით ჩატარდა კონცერტი და მერიიდან ერთი რიგითი თანამშრომელიც კი არ მოვიდა. სანამ ინტელექტის დაფასება არ დაიწყება, სანამ განათლებული ადამიანები არ დაფასდება, სანამ დაქცეული განათლების სისტემა არ აღორძინდება, არაფერი არ გამოვა. შეიძლება „სახალხო კრებამ“ ის მოითმინოს, რაც ხდება უმაღლეს სასწავლებლებში? არ არის ის სწავლა, რაც ადრე იყო.
ბატონო თემურ, როგორც ვატყობ, „სახალხო კრებას: ძალიან დიდი პრეტენზიები ექნება ხელისუფლებასთან.
– მე რაც ჩამოვთვალე, ეს პრეტენზიები გვაქვს.მაგრამ არავის არ ვუპირისპირდებით. ჩვენ ჩამობყალიბდებით. და სტრატეგიას გავაცნობთ ხალხს. ამაზე საუბარი შიგნით არ გვქონია. მაგრამ პირადად მე სასაცილოდ მეჩვენება, როცა წერენ ან ამბობენ. პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი კარგია, მაგრამ გარემოცვა არ უვარგაო. ეს დიდი შეურაცხყოფაა. მე გუბერნატორი ვიუავი და ვინმეს რომ ეთქვა, შენ კარგი ხარ, მაგრამ გარემო ცუდი გყავსო,
-ეს ერთგვარი ტაქტიკაა.
– კი, ბევრს გამოუვიდა, ზოგი მინისტრო გახდა, ზოგი – მინისტრის მოადგილე, მართლა ტაქტიკაა. არ ვიცი, ქვეყანა თავზე გვენგრევა, და ესენი ფეხბურთს თამაშობენ. როდესაც ქალაქის მერი გამოდის ინიციატივით, თბილისი ძველი საარჩევნო პლაკატებისაგან გავწმინდოთო. მართლაც, წმენდენ და მხოლოდ ნარმანიას პლაკატებს ტოვებენ. ესეც სასაცილოა. ასევე დატოვებულია ნარმანიას ბილბორდები. პირველად თავისი პლაკატები უნდა ჩამოეხსნათ!
– „სახალხო კრების“ სხდომებვს თუ ესწრება ნინო ბურჯანაძე?
– ქალბატონი ნინო ბურჯანაძე მონაწილეობს დისკუსიებში. ის არის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მასთან გვაქვს ძალიან სერიოზული თანამშრომლობა. მაგრამ სახალხო კრება“ გამოდის ხალხის ინტერესებიდან და არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან. „სახალხო კრებას“ ადგილობრივ არჩევნებში არავითარი განცხადება არ გაუკეთებია და მხარი არ დაუჭერია არც ნინო ბურჯანაძისათვის, და არც ჩემთვის. ძალიან სწორად მოიქცა ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, როცა პასიური პოზიცია დაიკავა ადგილობრივი არჩევნების დროს, ახლა კი ხმამაღლა ვამბობთ სათქმელს და აქტიურ მოქმედებაზეც გადავალთ.’
ესაუბრა გელა ზედელაშვილი