(ინტერპრესნიუსი) მიქაელ იენსენი საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუციას უწოდებს

მიქაელ იენსენი საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას "ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციას უწოდებსევროსაბჭოს მომხსენებელი მიქაელ იენსენი საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ ორი კვირის წინ მიღებულ რეზოლუციას “პარტიზანულს” და “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუციას უწოდებს.
როგორც იენსენი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ეს არ არის მათი, ორი მომხსენებლის მიერ მომზადებული დოკუმენტი.
მისივე შეფასებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზება ევროპის კონსერვატიულ პარტიებს “გადასდო”, შედეგად კი “ევროპის სახალხო პარტია” და ბრიტანელი კონსერვატორები ცდილობდნენ, მისი თანამომხსენებლისთვის “ჭკუა ესწავლებინათ”.
“სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს უნდა მეთქვა, რადგან ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც მოვისმინე – ეს არ არის ნაყოფიერი თანამშრომლობა. შედეგად მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც არ იყო დაბალანსებული – განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი, რომელიც ერთობ ნეგატიური აქცენტებით მთავრდებოდა, ნაცვლად პოზიტიურისა, როგორც ჩვენ ამას ვაპირებდით. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაპატიმრება ჩრდილავდა ყველა სხვა პოზიტიურ ასპექტს, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ასეთ მიდგომას. რაშიც ვეთანხმები “ნაციონალურ მოძრაობას” და რაც დავაფიქსირეთ კიდეც მოხსენებაში, არის ის, რომ შერჩევითი სამართალი მიუღებელია. მაგრამ – და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი – თუ კანონი დაარღვიე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი. კანონზე მაღლა არავინ დგას! თუ კანონი დაარღვიე, პასუხიც უნდა აგო. სწორედ ამის მომსწრე ვართ ახლა საფრანგეთში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი პასუხისგებაშია მიცემული. ეს ხდება ევროპაში, სხვაგანაც, საერთოდ ყველგან. სწორედ ეს არის დემოკრატია, რადგან არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ ამას “ქართული ოცნების” მთავრობის პოლიტიკურ გეგმად. სწორედ ამიტომ ვიყავით უკმაყოფილო რეზოლუციის საბოლოო ვერსიით”, – აცხადებს მიქაელ იენსენი.
ევროსაბჭოს მომხსენებლის განმარტებით, ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს, მის მთავრობას, ქართულ საზოგადოებას, ასევე უმცირესობას, რათა შეიქმნას უფრო დემოკრატიული საზოგადოება, “მაგრამ ამ შემთხვევაში საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი ამას არ ასახავს”.
“მე რომ საქართველოს მთავრობაში ვიყო, ან “ქართული ოცნების” წარმომადგენელი პარლამენტში, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს “პარტიზანული”, ცალმხრივი რეზოლუციაა. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუცია. ეს არ არის ჩვენი, ორი მომხსენებლის მიერ მომზადებული დოკუმენტი, მომხსენებლებისა, რომლებიც ხშირად არიან საქართველოში და თვალს ადევნებენ მის განვითარებას. არა, ეს არის ევროპის “სახალხო პარტიის” ანგარიში. ჩემი აზრით, ასეთი დოკუმენტი არაფერში გამოდგება – ის ცალმხრივია”, – აღნიშნავს ევროსაბჭოს მომხსენებელი.
მიქაელ იენსენის თქმით, ძალიან აწუხებს, რას იტყვის ქართველი ხალხი ამ რეზოლუციაზე.
“მე მესმის მათი და მაწუხებს ეს საკითხი. სწორედ ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ, ორი მომხსენებელი, გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციას”, – განმარტავს იენსენი.
რაც შეეხება “კვირის პალიტრის” შეკითხვას, რამდენად შეეძლო საქართველოს მმართველ გუნდს საბოლოო შედეგებზე გავლენა მოეხდინა და კენჭისყრაში გაემარჯვა, მომხსენებლის შეფასებით, ამის არანაირი შანსი არ არსებობდა.
“არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ევროპის “სახალხო პარტია” ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია საპარლამენტო ასამბლეაში. მათ მხარს უჭერდნენ ასევე ევროპის დემოკრატთა ჯგუფი და ბრიტანელი კონსერვატორები. კონსერვატორების ამ ალიანსის წინააღმდეგ, ვიცოდი, რომ ჩვენ წავაგებდით – ისინი უმრავლესობას წარმოადგენდნენ და შეეძლოთ, მათთვის სასურველი რეზოლუციიისთვის მიეცათ ხმა. ჩვენთვის ეჩვენებინათ, ვინ იყო მთავარი… არც აინტერესებდათ, რა გვქონდა სათქმელი, ერთადერთი, რაც აინტერესებდათ, პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა იყო. მათ (კონსერვატორებს) სურთ, ხელისუფლებაში ისევ ძველი მთავრობა დაბრუნდეს, გულახდილად რომ ვთქვათ, მათ სურთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში იყოს, მაშინ როცა ჩვენ, მომხსენებლები, ნეიტრალურები ვართ. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობასთანაც და “ქართული ოცნების” მთავრობასთანაც – ჩვენ ვიმუშავებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და ქვეყნის მართვას მიანდობს, “სახალხო პარტიასა” და “ევროპის დემოკრატთა ჯგუფს” კი “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობასთან მუშაობა სურთ და ყველაფერს იღონებენ, რათა მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ”, – აცხადებს ევროსაბჭოს მომხსენებელი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ რეზოლუცია 1-ელ ოქტომბერს მიიღო, სადაც საუბარია საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *