ნათელი მოდის მოწამეობრივი გზით

 

gerbi114 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას „თეთრების“ მიერ მეცნიერთა მონაწილეობით შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტი „დღეს საქართველოში’’ გაეგზავნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს და ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და გიგზავნით მეცნიერთა და ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე ჩვენს მიერ შექმნილ ანალიტიკურ დოკუმენტს „დღეს საქართველოში“.

როგორც ეს საჯაროდ – პრესითა და ტელევიზიით განვაცხადე, ხსენებული  დოკუმენტი მივართვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, გავუგზავნეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს.

ჩვენი აზრით, ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად გენოციდს უწყობს საკუთარ ხალხს. ერთი შეხედვით, ეს შეფასება შეიძლება გადაჭარბებული და გაბედული ჩანდეს, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიაში მისი გაგზავნის მიზანიც სწორედ ის არის, რომ წარვსდგეთ ქართველი მეცნიერების წინაშე ამ დოკუმენტით, რათა შევძლოთ ჩვენი შეფასების დადასტურება, ან მათი მხრივ საწინააღმდეგო  არგუმენტაციის შემთხვევაში, გავიზიაროთ მათი პოზიცია.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ შეფასებას, რომელსაც ამ დოკუმენტის გაცნობის შემდგომ გააკეთებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.

პრაქტიკულად ის შეფასებები, რომელიც გააკეთეთ თქვენს პროგრამულ განაცხადში, ადასტურებს, რომ რეალურად საქმე გვაქვს მოსახლეობის გენოციდთან.

„სახალხო წარმომადგენლობითი კრების“, ანუ მაისის მოვლენების წინა დღეებში და მის შემდგომ პერიოდში 50 ათასი კაცი გაეცნო  ჩვენს ვებ.გვერდზე განთავსებულ დოკუმენტურ მასალებს:

დაუჯერებელი სიმართლე – ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის ანალიზი;

დაუჯერებელი სინამდვილე – ძეგლთა გადაადგილებისა და განადგურების შესახებ;

დაუჯერებელი სისასტიკე – 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის დოკუმენტები;

დაუჯერებელი სიხარბე – ხელისუფლების ცხოვრებისა და ყოფის წესი: („მხილების მუზეუმი“);

ნამდვილი საბრალდებო დასკვნა – სააკაშვილის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება.

ბატონო ბიძინა,

ასევე მინდა გაცნობოთ, ჩვენი მონაწილეობით შეიქმნა ნაშრომი „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“. გვაქვს ქვეყნის ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების  უაღრესად საიმედო ანალიზი და დასავლეთის ექსპერტებთან ერთად შექმნილი რამდენიმე სამომავლო პროგრამა (უპირველესად პროგრამა „წყალი“ ამერიკის და ევროპის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების დადებითი დასკვნებით).

სწორედ ქვეყანაში შექმნილი რეალური მდგომარეობის კვლევის შედეგების, ქვეყნის ბუნებრივი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაანალიზების საფუძველზე ვმუშაობთ მომავლის საქართველოს პროგრამაზე სახელწოდებით „საქართველო-2030“ („საქართველო ჩემი ოჯახია“), რომლის პირველი  მონახაზიც დეკემბერში გვექნება.

სამთვიანი კონსულტაციების შემდგომ დავასრულეთ პროგრამა „ხალხი აკონტროლებს ხელისუფლებას“, ანუ „ხალხი უფლებამოსილი და ვალდებულია იცოდეს, სად იხარჯება მისი ფული – საქართველოს ბიუჯეტი“. ამ მიზნით დაიწყო რეგიონებში „ნდობის საბჭოების“ შექმნის პროცესი. ასეთი საბჭოების საქმიანობის პირველი შედეგები შოკისმომგვრელია. აშკარაა, რომ პრეზიდენტი – ქვეყნის ბიუჯეტს; გუბერნატორები, მერები და გამგებლები – ადგილობრივ ბიუჯეტებს განიხილავენ, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს.

ბატონო ბიძინა,

ჩვენ სრულად ვიზიარებთ თქვენს შეხედულებებს მედიის შესახებ. ეს პრობლემა გვაწუხებდა, როდესაც დავიწყეთ ფიქრი საერთაშორისო მედია-ჰოლდინგის შექმნის საკითხზე. მსოფლიოს დემოკრატიული მედიის ორგანიზების გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა სერიოზული პროგრამა „საერთაშორისო ჰოლდინგი“.

ეს პროგრამები (რამდენიმეს გამოკლებით) განთავსებულია ჩვენს საიტზე www.tetrebi.org და ხელმისაწვდომია ნებიემიერი დაინტერესებულისათვის. თუ საჭიროდ ჩათვლით ამ პროგრამებზე მომუშავე ჯგუფებთან შეხვედრას, თქვენ დარწმუნდებით, რამდენად ინტენსიურ მუშაობას ეწევიან საშუალო თაობის მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ჯგუფები ქვეყნის სამომავლო პროგრამებისათვის.

ბატონო ბიძინა,

თქვენ დიდი ეროვნული პროცესი წამოიწყეთ. ეჭვი არ მეპარება, გზა მძიმე და რთული, მაგრამ შედეგი, მართლაც, ნათელი იქნება.

დღეს სვეტიცხოვლობაა, ხვალ მოწამეთობა.

გილოცავთ!

ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს, რომ ნათელი მოდის მოწამეობრივი გზით.

ღრმა პატივისცემით,

თემურ შაშიაშვილი

2011 წლის 14 ოქტომბერი

სვეტიცხოვლობა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *