(atb.news)თემურ შაშიაშვილი: ”დათა ახალაიას გასათავისუფლებლად ნაციონალებმა მილიონი დოლარი გადაიხადეს”

5076shashiashvili teimurazცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას წერილით მიმართა. საზოგადოება და ექსპერტების ნაწილი ამ მიმართვას არასერიოზულად აღიქვამს. პარტია ”თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი კი ამ წერილში დიდ საფრთხეებს ხედავს. ამ და სხვა საფრთხეებზე ის ”ახალ თაობას” ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი: _ საქართველოს მოსახლეობამ მორიგი სიურპრიზი მიიღო მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერით. წერილი რიგითიც არის და განსაკუთრებულიც. ჩვეულებრივი გახლავთ იმიტომ, რომ ხელისმომწერისათვის ჩვეული ყალბი პათოსით არის გაჟღენთილი, ამიტომაც საერთო არაფერი აქვს ქვეყანაზე გულითა და გონებით ჩაფიქრებული ადამიანის ნააზრევთან. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ის დაწერილია საქართველოსაგან შორს, ძალიან ჭკვიან არაქართველთა ანუ სააკაშვილისა და მისი თანაპარტიელების პატრონთა მიერ და მასში მხოლოდ ორი სიტყვაა თავად თითქოს ავტორისა _ მისი სახელი და გვარი.

_ რატომ გგონიათ, რომ სააკაშვილის დაწერილი არ არის?

_ ამ დონის დოკუმენტს ნაცმოძრაობის ყველაზე მოაზროვნე ტვინებიც კი ვერ დაწერდნენ. ამ აზრს გვიძლიერებს ისიც, რომ დღიდან დაარსებისა, ამ პოლიტბანდას არათუ მსგავსი, მასთან მიახლოებულც კი არასდროს შეუქმნია. მასში მოცემული პრობლემების უმეტესობა იმდენად სწორად ასახავს რეალობას, რომ მეც დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს, რომ არ ვიცოდე, რომ ყველა ეს პრობლემა, კრიტიკული სიტუაცია, თუ დამღუპველი სირთულე სწორედ ნაცმოძრაობის მმართველი ბირთვის მიერ შემოტანილია და თავსმოხვეულია საქართველოსათვის, თანაც არა 2003 წლის რევოლუციად წოდებული ხელისუფლებაში ჩანაცვლების, არამედ ჯერ კიდევ 1996-1997 წლებში ხელისუფლებაში მათი რეალურად მოსვლის დროიდან. სწორედ ამიტომაც მთელი ეს წერილი, ისევე, როგორც ნაცმოძრაობის ყოველი კონკრეტული ნაბიჯი თუ ფართო პლანით დანახული მთლიანი მოღვაწეობა, გახლავთ პოლიტიკური თავხედობის ნიმუში, მიუხედავად მასში მოცემული სურათის ნაწილობრივი რეალობისა და რიგი მოსაზრებების სინამდვილესთან მიახლოებისა. სწორედ ასეთი ორბუნებრიობის გამო, ის შეიძლება სატყუარად გამოდგეს პოლიტიკაში ღრმად გაუთვითცნობიერებელი საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომ, ის გახლავთ საშიში, ფრიად საშიში აზრთა კრებული ქვეყნისათვის, ხალხისათვის, ცალკეული პიროვნებისათვის.

_ იქნებ დააკონკრეტოთ, რატომ არის ის საშიში?

_ ყოველი პოსტულატის ცალ-ცალკე განხილვა შორს წაგვიყვანს. რად ღირს თუნდაც ის, რომ პრობლემათა ჩამონათვალი იწყება განათლებით, სფეროთი, რომელიც სრულიად დაანგრია სააკაშვილის რეჟიმმა. ალბათ არავინ შეგვედავება, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის წლებში გაცამტვერდა მეცნიერებათა აკადემიის უძლიერესი სისტემა, უნივერსიტეტების სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის არაერთი მიმართულება, პრაქტიკულად, სახელმწიფოში აღარ არსებობს საშუალო სკოლები, სრულიად უმართავია სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების ქსელი. და ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის რეფორმის შედეგად. თითქმის ყველა შემდეგი პრობლემა, მოყვანილი წერილში, ნამდვილად გახლავთ დღევანდელი საქართველოს ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობა, მაგრამ მიყენებული თავად ნაცმოძრაობის მიერ, მათივე პატრონების დაკვეთით! ამდენად, სიმართლეს უბედურების შესახებ ახმოვანებს თავად ამ უბედურების შემოქმედი!!! თანაც ადამიანი, რომელიც დღესაც თანაბრად სჭირდება როგორც ამერიკას, ისე რუსეთს და… საქართველოს პოლიტიკური, თუ ბიზნესელიტის საკმაოდ დიდ და ძლიერ ფენას. ამ პლასტს თითქოს ქართველ წარმოჩინებულ ბიზნეს-პოლიტიკური ბომონდისა, დავარქმევდი პოლიტიკურ საბინძურეთს, ხოლო მათ საქმიანობას _ პოლიტიკურ სიბინძურეს. მათ მიიღეს და დღესაც ფლობენ საზოგადოება ზეგავლენის უძლიერესი ბერკეტები: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის უძლიერესი სტრუქტურა, ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს დომინირებულად მართვის უფლება, კოლოსალური თანხები სახელმწიფოს გარედან _ იქნება ეს დასავლეთი თუ ჩრდილოეთი. აქ საუბარი მხოლოდ წარსულ დროში, დიდი უგუნურება იქნებოდა. დღესაც სრული სვლით გრძელდება ქვეყნისათვის საშიში პროცესი.

_ რა პროცესზე საუბრობთ?

_ იმ პროცესზე მოგახსენებთ, როგორიცაა ახალგაზრდა ტვინების გადატუმბვა დასავლეთში. უცხოელი პატრონები ძველ-ახალი ხელისუფლებისა საქართველოში გონებამიუწვდომელ სახსრებს ხარჯავენ არა ინვესტიციებისათვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხალხის დასაქმებით, სოციალური პრობლემების მოსახსნელად და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად, არამედ, ახალგაზრდა კადრების შესარჩევად, რომელთა საუკეთესო ნაწილი რჩება დასავლეთში, იმ სახელმწიფოთა საკეთილდღეოდ სამუშაოდ, ხოლო ყველაფრის `შემსრულებელი~ ნაწილი ბრუნდება საქართველოში, რიგ შემთხვევაში იქაურ სპეცსამსახურებში სათანადო დამუშავებისა და იქ საჭირო პირობების დადების შემდეგ. ბრუნდება, რათა მათივე დახმარებით გაიკეთოს თავბრუდამხვევი კარიერა და რაც შეიძლება `მაღალი სავარძლიდან~ მართოს ქვეყანა ქართველთ საზიანოდ, მაგრამ პატრონების ინტერესების სრული გათვალისწინებითა და მათივე სასიკეთოდ. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, ჩვენმა არაერთმა მეზობელმა, დროულად აღკვეთა ასეთი მიმართულების ორგანიზაციების საქმიანობა თავის ტერიტორიაზე. ჩვენში კი ერთხელ ჩართული მანქანა უჭკვიანესი ქართველი ახალგაზრდების გადინებისა, თუ გონების გამორეცხვისა, მთელი სიმძლავრით მუშაობს და ყვავის. შედეგად, გენიოსების ქვეყანას პრიმიტივები მართავენ. ზემოთ ვთქვი, ამ და სხვა არაერთი ტიპის ძირგამომთხრელ საქმიანობაში კოლოსალური თანხებია-მეთქი. ამ თანხების ნაწილი ”კეთილისმყოფელებს” უკანვე უბრუნდებათ.

_ რა მექანიზმით ხდება ამ თანხების უკან დაბრუნება?

_ სათანადოდ ”გარეცხვისა” და კუდების დამალვის შემდეგ უკან უბრუნდებათ შორეულ კეთილისმყოფელებს. ეს ხდება ე.წ. იმიჯმეიკერებისათვის, საკონსულტაციო კანტორებისათვის და საშუამავლო ფირმებისათვის ოფიციალურად გადარიცხვისა თუ ნაღდი ფულის ქეისებით ჩატანის გზით. რა თქმა უნდა, იმ აუცილებელი პირობით, რომ საკმაოდ მძიმე ქისა ნაცმოძრაობის ჯიბეში რჩება. ამ ფულს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ.

_ მაგალითად, რისთვის?

_ ამის ნათელი დადასტურება საბერძნეთის სასამართლოსაგან დათა ახალაიას დასახსნელად ერთი მილიონი დოლარის უმტკივნეულოდ ჩადებაა. მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ ახალაიას ოჯახის წევრები სიხარულისაგან ცას სწვდებიან და ამ გზით მიღწეულ ”სამართლიანობას” ცხვირში სჩრიან ქართველ საზოგადოებას. აი, ეს კი სამართლიანობის დასადგენად, აღსადგენად და დასამკვიდრებლად ბიძინა ივანიშვილის სრული უმოქმედობის პირდაპირი შედეგია.

_ რით გამოიხატება ივანიშვილის სრული უმოქმედობა?

_ დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობის დადგენა, აღდგენა და დამკვიდრება დაიწყო და… იქვე დაამთავრა ”ქართუ” ბანკისათვის ფულის დაბრუნებით და მორჩა! დასვა წერტილი ანუ სამართალმა პური ჭამა ერთი გარკვეული ჯგუფის სასიკეთოდ. ფული კი, მოგეხსენებათ, როგორც ანდამატი, ისე იზიდავს ყოველი ჯურის ნაძირალას. ჩვენთვის საინტერესოა ნაძირალების ის ტიპი, რომელმაც კარგად დაყნოსა დროის სიო, ქვეყნის გარედან დოლარისა და ევროს ტომრები რომ შემოხვეტა საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ საქმიანობის საზღაურად. ამ უპრინციპო, უსახურმა ადამიანებმა მალე მოირგეს ათასგვარი პარტიის ნიღაბი, სხვადასხვა პოლიტიკური ნავიდან ნავში ხტომით შეინარჩუნეს წყალზე ტივტივის არაჩვეულებრივი თვისება და ახლო წარსულში თუ დღესაც გვევლინებიან ერის დამმოძღვრავ ქალბატონებად და ბატონებად. რაოდენ სამწუხაროა, მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ასეთი ადამიანების დიდმა ნაწილმა თავი დღევანდელ მმართველ კოალიციას შეაფარა. ”ქართულმა ოცნებამ” არაერთი სრულიად ურეიტინგო პოლიტიკოსი და პარტია მოასულიერა, გააძლიერა და მათი, ანუ გარკვეული მოსაზრებით, ქვეყნის თავკაცები დღეს გვიმტკიცებენ, რომ კოაბიტაცია თურმე ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო. ნუთუ არსებობს ქართველი საზოგადოების დაცინვის შეურაცხყოფის, ღალატის უფრო დიდი მაგალითი. არანაკლები საშიშროება ქვეყნისა და ერისათვის გახლავთ ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ალალი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს მეცნიერებაში, ხელოვნებასა თუ სპორტში მიღწეული წარმატებებისათვის.

_ ეს ხალხი რატომ არის საშიში?

_ დროის ცვლილებამ და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, ნებსით თუ უნებლიეთ, მოაქციეს ხან ერთი, ხან მეორე პოლიტიკური ლიდერის ან ფინანსური ოლიგარქის ამალაში და პოლიქრონიონი უმღერეს არაერთ უღირს პიროვნებას. ისევე, როგორც ზემოთ ნახსენები პოლიტიკოსის ნიღბიანი ვითომ პოლიტიკოსები, ეს ვითომ ინტელიგენცია საუკეთესო პირად ურთიერთობებს ინარჩუნებდა ყველა ხელისუფლებასთან, გამსახურდიას პერიოდიდან დაწყებული და მოქკავშირ- აღორძინება-ნაცმოძრაობით გაგრძელებული. იმედია, ”ოცნების” ხელისუფლების პერიოდში მაინც გამოფხიზლდებიან და საღად შეაფასებენ იმ დამღუპველ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. იმედია, პირად კეთილდღეობას აღარ ანაცვალებენ საქვეყნო ინტერესებს და შეწყვეტენ მორიგი ხელისუფლებისათვის გუნდრუკის კმევას. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ პროფესიულ სიმაღლეს, რაგინდ მაღალ მწვერვალს უნდა წარმოადგენდეს იგი, ბევრად აღემატება ადამიანური, მოქალაქეობრივი, ზნეობრივი სიმაღლე. დღეს, როგორც არასდროს, უსაზღვროდ იზრდება როლი მოაზროვნე ადამიანებისა. მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერილმა დოკუმენტმა ღრმად ჩაგვაფიქრა იმაზე, რომ მათ პატრონებს კვლავ აინტერესებთ საქართველოს გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, მათივე საკეთილდღეოდ და საქართველოს საზიანოდ.

_ საქართველო რატომ ვერ იყენებს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდგომარეობას თავის სასიკეთოდ? ამ თემაზე თქვენ ადრეც არაერთხელ გამოთქვით წუხილი.

_ სამწუხაროა, რომ პოსტკომუნისტური დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ მოახერხა, ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა გამოეყენებინა პოლიტიკური ძლიერების მიზნით, ანუ როგორც დიდმა დავითმა შეძლო _ გეოგრაფია ექცია პოლიტიკად. თუ ისევ გეოპოლიტიკურ ტერმინოლოგიას გავაგრძელებთ, ვიტყვი, რომ სააკაშვილის ამ წერილისადმი დამოკიდებულება უნდა გახდეს დიდი წყალგამყოფი სიბინძურესა და სიდიადეს შორის. ვინაიდან ეს წერილი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ახალი წყაროების აღმოჩენისა და ნავთობრესურსების ახალი მიზნებით გამოყენების ეპოქაში, მტკნარი წყლის დიდი მსოფლიო დეფიციტის პირობებში, უნიკალური ბუნებრივი სატრანსპორტო დერეფნის ფლობის და სხვა არაერთი ფაქტორის გამო, ჩვენ ძალიან საინტერესო სახელმწიფო ვართ. დროა, ყოველმა ქართველმა გააკეთოს არჩევანი ორიენტირისა, წყალგამყოფის თუ რომელ მხარეს იქნება. ერთი _ ეს გახლავთ დიდი სიბინძურე, ანუ საბინძურეთი ქვეყნისათვის საშიში უცხოური მხარდაჭერისა, საშიში დიდი ფულისა, საშიში დიდი დემაგოგიისა, ერთეულთა საკეთილდღეოდ და _ საქართველოს საწინააღმდეგოდ. მეორე _ ეს გახლავთ ქვეყნისადმი ერთგულებით, გაჭირვების მიუხედავად, ერთად ყოფნით, უგუნურებაზე გონის გამარჯვებით, უზნეობის ზნეობით დამარცხებით _ სიდიადე საქართველოისა.

შორენა მარსაგიშვილი, გაზეთი ”ახალი თაობა” 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *