დიდი ქართული დღე

კომენტარი ნიკოლა სარკოზის ვიზიტის გამო

 

gerbi1ჩვენი ქვეყნების ტრადიციული ურთიერთობების გამო საფრანგეთის ნებისმიერი ხელმძღვანელის სტუმრობა საქართველოში მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა გახლავთ. მით უფრო, როცა საქმე ეხება ამ ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტს. საფრანგეთი და ფრანგი ხალხი საქართველოში თავისუფლებასთან, დამოუკიდებელი საქართველოს დევნილი ხელისუფლების ნავთსაყუდელთან, ქართული ლევილის შექმნასთან ასოცირდება.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის რეალური მდგომარეობისათვის ისეთი მიუღებელი პომპეზური ფორმა მისცა პრეზიდენტ სარკოზის რამდენიმე საათიან მიღებას (რომელიც შეიძლებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისათვის), რომ ენამოსწრებულ ქართველ ხალხში გაშარჟდა კიდეც. ეს მართლაც სამწუხაროა.

ქვეყანაში კი დღეს სწორედ ის მდგომარეობაა რეალურად, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად ღრმა, ქვეყნის მომავალზე  ორიენტირებულ განცხადებაშია ჩამოყალიბებული.

საქართველოს ხელმძღვანელობა დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით ისე არაადეკვატურად, პროვინციული და დიპლომატიური ეტიკეტისათვის შეუფერებელი ზარ-ზეიმით მოქმედებს, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის ნომერი პირველი საფიქრალი და სასაუბრო გახლავთ არა ორი პრეზიდენტის შეხვედრა, არამედ სამშობლოს ბედზე დაფიქრებული მამულიშვილის განცხადება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უნდა იამაყოს, რომ საფრანგეთის მოქალაქე ქართველმა კაცმა მისი თბილისში ვიზიტის დროს გააჟღერა დიდი ქართული სიმართლე. სიმართლე, რომელიც მნიშვნელოვანი უნდა გახდეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის პრეზიდენტისათვის, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიის, თავისუფლების და თანასწორუფლებიანობის იდეალები, საქართველოს მომავალი.

თუ ბატონი სარკოზი იქნება ის პიროვნება რომელიც ქართველი ხალხის ამ სიმართლეს გააცნობს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს, მათ ხელისუფალთ, –  ის ფასდაუდებელ და ისტორიულ სამსახურს გაუწევს ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ერს.

დღეს დიდი ქართული დღეა: საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობს და სწორედ ამ  დღეს საფრანგეთის მოქალაქემ – ქართველმა კაცმა დიდი ქართული  შემოძახილი გააკეთა.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)

თემურ შაშიაშვილი

2011 წლის 7 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *