(კვირის ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: “ახლა ამერიკელები ნელ-ნელა ჩააჩოჩებენ სააკაშვილს, როგორც ოპოზიციონერს და მის ადგილს დასვამენ ალასანიას”

 

brifin– სისულელეში შესვლა ძალიან იოლია, მაგრამ გამოსვლა – პრაქტიკულად შეუძლებელი. მიხეილ სააკაშვილი არის ისეთ ღრმა სისულელეში შესული, რომ გამოსვლას ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს, მაგრამ მაინც კარგია, მას უკვე შინაც მიუხვდნენ თავისი მეგობრები და გარეთაც, რა ღრმად შევიდა სიბინძურეში. დღეს არის მისი არასერიოზულობის, სიგიჟისა და გაუწონასწორებლობის პიკი. კაცი, რომელიც 2008-ში მიწაზე ფორთხავდა, დავით აღმაშენებელს საზოგადო მოღვაწედ იხსენიებს და ხავსივით ეჭიდება ილიას თუ თამარ მეფეს. გამოდიან და აცხადებენ: არა ანექსიას! მშვენიერი სლოგანია, მაგრამ დღეს საქართველოს ანექსია ყველაზე მეტად სააკაშვილს აწყობს, რათა მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. დაუკვირდით, როდის დაგეგმეს ეს აქცია? როცა პარალელურად ავსტრალიაში გაიხსნა დიდი ოცეულის შეხვედრა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევითია? იქ მიდის რუსეთის კრიტიკა და ესენიც აჩვენებენ _ ნახეთ, ჩვენც ვაგინებთ რუსეთს! დღეს ყველაზე მეტად მიშას სიგიჟე აწყობს ვლადიმერ პუტინს, ის ეუბნება ევროპასაც და ამერიკასაც: აგერ გყავთ ერთი არანორმალური, რომელიც ვერ ისვენებს და ანალოგიურს აწყობთ უკრაინაში. თუმცა ახლა მაინც მიდის დიდი ბრძოლა იმისთვის, რომ რუსეთთან ომში როგორმე შეითრიონ საქართველო, ასე უფრო იოლი იქნება ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ერთი უკრაინული დრონტი აღარ არის საკმარისი. ჩვენთან ქაოსი ასევე აწყობთ უკრაინელებს, რადგან რუსეთთან ომში მარტო აღარ იქნებიან. ამიტომ ჩაიყვანეს მიშა სააკაშვილი უკრაინაში და იქიდან გააკეთებინეს განცხადებები. თუ 15 ნოემბერს ხალხის რაოდენობა მიაღწევდა კრიტიკულ ზღვარს, მინიმუმ 50 ათას კაცს, `ნაციონალები” დაიწყებდნენ არეულობას. მე მათი კულუარებიდან მაქვს ინფორმაცია, მათ ჰქონდათ ასეთი დავალება: თუ 50 ათასი კაცი შეიკრიბება, ვიწყებთ! როგორც ვნახეთ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და მათივე წრეებში ლაპარაკობენ, ამდენი ფული დავხარჯეთ და 10 ათას კაცზე მეტი ვერ შევკრიბეთო. მე არ ვიცი, ზუსტად რამდენი იყო, მაგრამ ამის გამო თვითონ `ნაციონალებშივეა~ დიდი უკმაყოფილება.

_ ბატონო თემურ, ზოგიერთი `ნაციონალი” თავს იმართლებს, ეს ჟურნალი იყო, კინოს მერე დავიწყებთო. კი გამოჩნდა, რა შეუძლიათ, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება?

_ სანამ ამაზე მოგახსენებთ, გეტყვით, რომ მე გულწრფელად შემეცოდა ბიძინა ივანიშვილიც. ალბათ, გახსოვთ, ის ტრაბახობდა, მე `ნაციონალებს” ვაფინანსებდი და “ვარდების რევოლუციის” მოწყობაშიც დავეხმარეო. ეს ხალხი მოიყვანეთ, ბატონო ბიძინა, ხელისუფლებაში და მერე ხელფასებს აძლევდით? გაიხსენეთ, თქვენ ისიც თქვით, სოროსი არ არსებობდა, ფულს მე ვაძლევდიო. 15 ნოემბერს სოროსს რა უნდოდა თბილისში? დღეს საქართველო არის მარწუხებში!

_ ჯორჯ სოროსი ამბობს, ჩემი ფონდის 20 წლის იუბილეა და ამიტომ ჩამოვედიო, თქვენ გჯერათ?

_ რას ლაპარაკობთ? ეს კაცი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, სოროსი თავის ფულს არ ხარჯავს აქ, პირიქით, ის იღებს ძალიან დიდ ფულს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში აკეთოს ბინძური საქმეები. ეს ადამიანი ამით ცხოვრობს და აკეთებს დიდ ფულს. სოროსი თავის საქმეს აკეთებს მხოლოდ საქართველოში და უკრაინაში, სხვა ქვეყნებში მას საქმიანობა აკრძალული აქვს, მაგალითად, აზერბაიჯანში ვერ ჩადის. ბიძინა ივანიშვილმა `ნაციონალებს~ 7 წლის განმავლობაში მისცა 3 მილიარდი, ურიგა ხელფასები, გააყოყოჩა, გააფეტიშა და საბოლოოდ გააბოროტა. ნახეთ, რა თქვეს მიტინგზე _ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გული გავუხეთქოთ ბიძინა ივანიშვილსო. საერთოდ, ვინმეს გულის გასახეთქად რომ რამეს აკეთებ, უკვე არარაობა ხარ. მე ისიც კი მაძრწუნებს, რასაც დღეს გარდაცვლილ კახა ბენდუქიძეზე წერენ, ძალიან ვწუხვარ, რომ ზომიერება ინტელიგენციის წარმომადგენლებმაც კი დაკარგეს. როგორ შეიძლება, ვინმეს გულის გასახეთქად იკრიბებოდე და ვინმეს გულის გახეთქვა გიხაროდეს? თან ამას აცხადებენ იქ, სადაც ჩვენ 2011 წლის 26 მაისს ჩაგვხოცეს. რაც შეეხება მოვლენების გაგრძელებას, თუ ასე გაგრძელდა ამათი თავხედობა, სიბოროტე, ცინიზმი, დემაგოგია არ აილაგმა, რა თქმა უნდა, არ გაჩერდებიან. აქ საშისი სხვა რამეა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, მარგველაშვილის გამოსვლა ძალიან მომეწონა, პროკურატურა კონტროლიდან მართლაც არ უნდა გავიდესო. ჩემი აზრით, ეს ძალიან დაბალი დონის გამოსვლა იყო, მაგრამ ერთმანეთთან უკვე ღიად კეკლუცობენ. ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდოს სერიოზულ სიურპრიზებს, მისი პოლიტიკური გემოვნება საქართველოსთვის აღმოჩნდა დამღუპველი. როგორი კადრებიც მან შეარჩია, ამით უნდა თუ არა, მაინც ებრძვის საქართველოს. მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილი ებრძვის, მისი პოლიტიკური გემოვნება ჩვენ გვღუპავს. მე ამას წინატ ვთქვი, რომ 2012 წლის ოქტომბერში ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა `ნაცმოძრაობა~, ვიღაცებში ამან გამოიწვია პროტესტი, ბევრმა მისაყვედურა. დღეს კიდევ უფრო ხაზგასმით ვამბობ: ამ ადამიანმა გადაარჩინა `ნაცმოძრაობა~, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დგება მომენტი, როცა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ეწურება რესურსი და მიდის ოპოზიციაში, 2012 წლის შემოდგომისთვის სააკაშვილის ხროვას ამოწურული ჰქონდა ყოველგვარი რესურსი და გეომეტრიული პროგრესით მიექანებოდა დაღმართზე. ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა ისევ ააღორძინა წერტილდასმული პარტია. “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, დღეს ათჯერ უარესი სოციალური მდგომარეობა იქნებოდა ქვეყანაში და სააკაშვილს დაამხობდნენ. ივანიშვილის დამსახურება ის კი არ არის, რომ ისინი გაუშვა ხელისუფლებიდან, არამედ არის ის, რომ დღეს არ ვცხოვრობთ ათჯერ უარესად, მაგრამ იგივე ივანიშვილის გვერდით არ არსებობს ჯგუფი, რომელიც საქმეს სწორად წაიყვანს, რომელიც ყველაფერს გაანალიზებს. 2012 წლამდე არსებობდა ორი ბიძინა ივანიშვილი, ერთი რეალური, მეორე _ გამოგონილი, ჩვენ დღეს ისევ გამოგონილი ივანიშვილის გარშემო ვტრიალებთ და ამიტომაც არარეალური გახდა ყველაფერი ჩვენს გარშემო. მეტიც, ყველაფერი გახდა ყალბი. `ნაცმოძრაობამ~ ჩვენ თავი ამოგვაყოფინა ბუტაფორიულ ქვეყანაში და ახლა რეალურ სიტუაციაში გადასვლა არის ყველაზე მტკივნეული. აი, აქ დაიბნა ხელისუფლება. დღეს ისეთი ადამიანები ინიშნებიან მთავრობაში, უნდა დაჯდე და იფიქრო _ რატომ, რისთვის? ერთ კაცზეც კი ვერ იტყვი, პარლამენტიდან დაწყებული, რომ მან ღირსეულად მოიყვანა თანამდებობაზე, ეს ტრაგედიაა! გაოგნებული ვარ, ამდენი ჩაპაევი და ამდენი დოქსოპულო საიდან გაჩნდა ამ ქვეყანაში? მე აქ არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, საშუალო დონის ხალხითაც კი ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ამ დოქსოპულოებით კეთდება. ამას წინათ ერთ-ერთ შეკრებაზე ვიყავი და ვიღაცებმა დაიწყეს ირაკლი ღარიბაშვილის შეცოდება, ჩვენ გვერდში ვუდგავართ, ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ერთი კაცია ნორმალური, გარემოცვა არ უვარგაო. ეს არის ერთგვარი ტაქტიკა და ასე შოულობენ სკამებს. მე ვერ ვიქნები ღარიბაშვილისა და ივანიშვილის ერთგული, მე უნდა ვიყო საქართველოს ერთგული!

_ თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა? აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ `ნაციონალების~ აქციას, არამედ ირაკლი ალასანიას წასვლას კოალიციიდან და შესაძლო გართულებებს `რესპუბლიკელების~ მხრიდან.

_ სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებ, დაჯდეს და დაწეროს მემუარები, ძალიან საინტერესო იქნება და ეგრევე ბეტსელერად იქცევა. მე ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ მას არც `რესპუბლიკელები~ შეურჩევია თავისი სურვილით, არც `თავისუფალი დემოკრატები~ და არც დღევანდელი პრეზიდენტი. ეს ყველაფერი გარედან იყო ნაკარნახები. ამიერიდან სიტუაცია უფრო მეტად გართულდება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სააკაშვილი გარე ძალებს სჭირდებათ და იყენებენ… რამდენიმე წლის წინ იტალიაში ვიყავი, ფლორენციაში ევროპის ასამბლეის სხდომა იყო, გამოვედი და ვლანძღე რუსები. ერთი ადგა და მეუბნება, ბოლოს და ბოლოს არ დაიღალეთ თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლითო? ეს `ლაციოს~ პრეზიდენტმა მითხრა. არ მაპატიეს, იქვე გამაჩერეს და პირდაპირ ამიხსნეს: იტალიელები ძალიან კარგად დავრწმუნდით, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ლანძღვით ისევ რუსების საქმეს აკეთებდნენ და სკამებზე მიცოცავდნენო. დღეს ვინ არის რუსეთთან ყველაზე კარგად ევროპაში? საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი. ისინი ამბობენ, ოთხივე ქვეყანას ომი გვაქვს წაგებული რუსეთთან, თქვენ გვასწავლით მაგათ გინებასო? დღეს ვიღაცებს უნდათ, რუსეთის ლანძრვით საქართველოში გაიკეთონ თავიანთი საქმე, ასე არ გამოვა. მაგალითად, ირაკლი ალასანიას მიმართ განწყობა მე მქონდა ძალიან კარგი, ჩვენ ერთ დროს ერთად ვიბრძოდით, ვმეგობრობდით და სულ მეუბნებოდა, ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართო. როცა ის სააკაშვილს ჩამოსცილდა, გვქონდა შეხვედრები და ჩამოგვიყალიბდა კარგი ურთიერთობა. მე ხომ ვიცი, ჩვენ რაზე ვსაუბრობდით ხოლმე? დღეს ალასანია ფიქრობს ერთს და აკეთებს მეორეს. ეს ადამიანი იმართება გარედან. მისი არასწორი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილისგან წამოსვლა კი არ იყო, არამედ მისვლა იყო არასწორი, ეს მე პირადად ვუთხარი, როცა მიდიოდა.

_ თქვენ ურთიეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ წასულიყო?

_ რა თქმა უნდა.

_ მერე რა გიპასუხათ?

_ არაფერი… დღეს ამაზე დეტალურად ვეღარ ვისაუბრებ, მომავალი უფრო მეტს დაგვანახებს. თუ ალასანიას თვითონაც ექნება სურვილი, ვაპირებ, შევხვდე და დაველაპარაკო. რაც ის თანამდებობის პირი გახდა, არა თუ მას, მისი პარტიის წევრებსაც კი არ დაურეკავთ ერთხელ. ვის ახსოვხარ, ვის აინტერესებ? მეგონა, მეგობრები ვიყავით და როგორც კი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ყველაფერი დამთავრდა. ახლა ამერიკელები ნელ-ნელა ჩააჩოჩებენ სააკაშვილს, როგორც მთავარ ოპოზიციონერს და მის ადგილას დასვამენ ალასანიას. ამიტომაა დღეს სააკაშვილი გაგიჟებული. ეს ხელისუფლება სწორად იქცევა, რომ არ უშვებს მას საქართველოში, თუ სააკაშვილი ჩამოვა, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ ცოცხალი აღარ იყოს და ყველაფერი დაბრალდება ამ ხელისუფლებას. დაუკვირდით, თუ ხელისუფლება სწორად იქცევა, გარე ძალები უფრო აგრესიულები ხდებიან, მათ უნდათ, რომ როგორმე სააკაშვილი შემოაგდონ და ვიღაცამ სიცოცხლეს გამოასალმოს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში ევროპულ მიმართულებას არავინ ცვლის, ზოგიერთს სულ სხვა გეგმები აქვს და ამიტომ მიდის ასეთი რიტორიკა. ამ ადამიანს ძალიან ბევრი სიბინძურე აკეთებინეს და ეს ყველაფერი უნდა ჩაიფარცხოს. ყურადღება არავინ მიაქცია, რა თქვა სოროსმა: რუსეთში რეჟიმის შეცვლა აფხაზეთსა და ოსეთში რეჟიმების შეცვლას გამოიწვევსო. ახლა აქვთ გეგმა, რომ დამატებით საქართველოდან შეუტიონ რუსეთს.

_ და მათ უნდა გამოიყენონ ალასანია?

_ ალასანიას ათამაშებენ გარედან. მე ვიცი, რას ფიქრობდა თავის ყოფილ პარტნიორებზე, ის არ უდა წასულიყო ივანიშვილთან, მაგრამ მიიღო დავალება. ამას წინათ გამოვიდა და იძახის, დავით კირვალიძეს ტრაქტორების საქმეზე ბოდიში არ მოუხადესო. კი, მაგრამ პირველი ვიცე-პრემიერი თვითონ იყო, ვიღას უნდა მოეხადა ბოდიში? როცა შენი აზრი არ გაგაჩნია, როცა ფიქრობ ერთს და აკეთებ მეორეს, მაშინ გადადიხარ სხვისკენ თითის გაშვერაზე. ასე არ გამოვა, ეს კიდევ ერთი ტრაგედიაა ჩვენთვის.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *