(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ამერიკელები ნელ-ნელა ჩააჩოჩებენ სააკაშვილს, როგორც მთავარ ოპოზიციონერს და მის ადგილას დასვამენ ალასანიას

„ირაკლი ალასანიას მიმართ კარგი განწყობა მქონდა. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ვმეგობრობდით. როცა ის სააკაშვილს ჩამოსცილდა, გვქონდა შეხვედრები და ჩამოგვიყალიბდა კარგი ურთიერთობა. მეგონა, მეგობრები ვიყავით და როგორც კი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ყველაფერი დამთავრდა. არათუ მას, მისი პარტიის წევრებსაც ერთხელაც არ დაურეკავთ ჩემთვის”, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი.
მისი თქმით, დღეს ალასანია ფიქრობს ერთს და აკეთებს მეორეს.
„ეს ადამიანი იმართება გარედან. ჩემი აზრით, მისი მხრიდან არასწორი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილისგან წამოსვლა კი არ იყო, არამედ, მასთან მისვლა. ალასანიას ათამაშებენ გარედან. მე ვიცი, რას ფიქრობდა თავის ყოფილ პარტნიორებზე, ის არ უნდა წასულიყო ივანიშვილთან, მაგრამ მიიღო დავალება”,- ამბობს შაშიაშვილი.
მისი აზრით, სავარაუდოდ, ამერიკელები ნელ-ნელა ჩააჩოჩებენ სააკაშვილს, როგორც მთავარ ოპოზიციონერს და მის ადგილას დასვამენ ალასანიას.
„ამიტომაა დღეს სააკაშვილი გაგიჟებული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში ევროპულ მიმართულებას არავინ ცვლის და ეს მხოლოდ საბაბია გარკვეული ძალებისათვის”, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.



