(ალია ) თემურ შაშიაშვილი: კვიტაშვილისა და ზღულაძის თანამდებობებზე დანიშვნა დასავლეთის მოთხოვნაა

11

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და ქართველი “მამულიშვილების” დაწინაურებამ პოროშენკოს სამთავრობო კარზე, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინაშიც.

რა ხდება კონკრეტულად უკრაინაში? უშვებს თუ არა ამ ქვეყნის ხელისუფლება საბედისწერო შეცდომას? რატომ უგდებენ საკვანძო საკითხებს საქართველოში პოლიტიკურ ნაგავზე გადაყრილ ე.წ. რეფორმატორებს?

 

ამ საკითხებზე “ალიას” “სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრება, რომელსაც ხშირი კონტაქტები აქვს როგორც კიევში მცხოვრებ ქართველებთან, ისე უკრაინის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან:

 

 

 

– ბატონო თემურ, დღეს ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს ერთი მძიმე კითხვა: ნუთუ ამხელა ქვეყანას ისე გაუჭირდა, რომ საქართველოში ჩაფლავებული ჩინოვნიკები მიიწვიოს საქართველოდან?

– თქვენ გჯერათ, რომ უკრაინელებს ასე გაუჭირდათ? ეს ქვეყანა სავსეა განათლებული ხალხით, მაგარი პროფესიონალებით, მაგრამ მათ არ აქვთ ნდობა. თქვენ გგონიათ, ეს ჩამოწერილი ჩინოვნიკები საქართველოდან მიჰყავთ? არა, მათ ეროვნება არ გააჩნიათ, ესენი არიან მომზადებულები საერთაშორისო ავანტიურისტული ჯგუფების მიერ და სადაც დასჭირდებათ, იქ წაიყვანენ. ვიღაცას ჰგონია, სააკაშვილი რაღაცას აძლიერებს და თვითონ ნიშნავს ან ზღულაძეს, ან კვიტაშვილს. როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ეს ხალხი აქ დაუნიშნეს და ახლა უნიშნავენ პოროშენკოს. მე ამ ადამიანებს ვიცნობ 1993-1994 წლებიდან, ყველა მუშაობდა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამ ორგანიზაციებს ამერიკულსაც ვერ ვუწოდებ, ეს გახლავთ საერთაშორისო ავანტიურისტული ორგანიზაციები. მსოფლიო ავანტიურა დააწვა თავზე საქართველოსა და უკრაინას, ცდილობენ, მარწუხებში მოაქციონ რუსეთი, ვერაფერს ვერ აკლებენ და გვანგრევენ ჩვენ. ამ ავანტიურისტების მომზადებულია უკრაინის პრემიერ-მინისტრი იაცენიუკი. ჩემი უკრაინელი მეგობრები მეუბნებიან, რომ პოროშენკოს არც ეს ადამიანი მოსწონს და არც ისინი, ვისაც დღეს თანამდებობებზე ნიშნავენ, მაგრამ ჩააგდეს იგივე დღეში, რა დღეშიც იმყოფება დღეს ბიძინა ივანიშვილი. თქვენ გგონიათ, რომ პრეზიდენტმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად იაცენიუკი?

– ეს გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, საერთაშორისო ავანტიურისტებს ადგილობრივი “მოწაფეები” აერჩიათ?

– არჩეული ჰყავთ… ესენი უკვე გამოსცადეს, ფრიადოსანი “მოწაფეები” არიან. ახლა ვისაც უკრაინაში გამოცდიან, იმათ შემდგომში გამოიყენებენ სხვაგან. თუ გახსოვთ, როცა თბილისში პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ, შეხვედრებზე სააკაშვილის გვერდით ყოველთვის იდგა ეკა ზღულაძე. როგორ გგონიათ, რატომ? იმიტომ, რომ ის მინისტრად დანიშნეს მისმა პატრონებმა და არა სააკაშვილმა. წეღან ბიძინა ივანიშვილი ვახსენე, ამ ადამიანმა დაინახა ყველაფერი და ამ ძალების წინაშე დაიჩოქა. თუ არ დაიჩოქებდა, მისი კაპიტალი ჩალად იქცეოდა. ახლა ირაკლი ღარიბაშვილი უწევს წინააღმდეგობას, მაგრამ რა გამოუვა, არ ვიცი.

– ბატონო თემურ, თქვენი უკრაინელი მეგობრები კიდევ რას ამბობენ?

– რას ამბობენ და მთელი მსოფლიოს ქართველი “კანონიერი ქურდები” დღეს უკრაინაში არიან, სამი თვის წინ დაიწყეს კიევში და სხვა ქალაქებში ჩასვლა. საერთოდ, ქურდები რევოლუციის დროს ყოველთვის არიან რევოლუციონერების მხარეს. 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის მეორე დღეს საქართველოში ჩამოვიდა ორი პიროვნება – ქურდი ტარიელ ონიანი და მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი. ჩემი გუბერნატორობის დროს ონიანი ქუთაისში ვერ ჩამოდიოდა, ჩემი ეშინოდა. რევოლუციის შემდეგ ჩამობრძანდა. ქუთაისი რომ გაევლო, მას ემზარ კვიციანი წამოჰყვა. კვიციანია ის პიროვნება, რომელმაც ტარიელ ონიანი და მიხეილ სააკაშვილი დაამეგობრა.

– ქართველი ქურდები უკრაინაში რას აკეთებენ?

– ისინი დღეს ხელისუფლების მხარეს დგანან და ყველაზე მეტად კლიჩკოს ირგვლივ ტრიალებენ. კატასტროფაა, რაც იქ ხდება. ჩვენ ბევრი რამ გავიარეთ და უკრაინას ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. თქვენ გახსოვთ, ვინ იყვნენ თავიდან მიხეილ სააკაშვილის მრჩევლები? ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს და დაუსვეს. ვინც გამოსცადეს და გაწვრთნეს ბალტიისპირეთში, აქ ჩამოიყვანეს მრჩევლებად, ვინც აქ გამოსცადეს და გაწვრთნეს, ისინი წაიყვანეს უკრაინაში.

– ხალხი ამდენს ვერ ხვდება?

– დღეს უკრაინაში ხალხი ისეთ მდგომარეობაშია, პური როგორ იშოვოს, აღარ იცის, რა პოლიტიკასა და რა თანამდებობაზეა ლაპარაკი? იაცენიუკი არის მეორე სააკაშვილი, დაუკვირდით მის მანერებს, საქციელს, ყველაფერი იგივეა, იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იუშჩენკოს არ გაუვლიათ ამერიკული კურსები, როცა ისინი თანამდებობებზე მოვიდნენ, იაცენიუკი და მისი მეგობრები ამერიკაში კურსებს გადიოდნენ და ახლა მთავარ ფიგურებად აქციეს.

– რას ამბობენ უკრაინული ინტელიგენციის წრეებში? ჩვენთან ბევრი ამბობს, რომ უნდა გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობა და ჩვენმა ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებას წარუდგინოს პრეტენზიები.

– რაც ხდება დღეს უკრაინაში, ვინც მიჰყავთ საქართველოდან, ეს არ არის უკრაინელების გადაწყვეტილება და სხვათა შორის, არც პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ნუ გავაიგივებთ უკრაინელ ხალხთან. მე ვიცი ძალიან ბევრი პიროვნების აზრი, მაგალითად, ერთ-ერთი იყო უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, მას ძალიან კარგად ვიცნობ, ნამდვილი პატრიოტია, მაგრამ ამ დღეებში გაათავისუფლეს. დღეს იქ უკვე აღარ მოსწონთ უკრაინული იდეოლოგიისა და ფიზიონომიის ადამიანები.

– შეიძლება, რომ უკრაინა გამოვიდეს კრიზისული მდგომარეობიდან და ამ ვითომ რეფორმატორების იდეებმა გაამართლოს?

– ეგ გამორიცხულია, ამ ხალხს ძალიან ცოტა დროს ვაძლევ. როგორც უკრაინელი მეგობრები მეუბნებიან, ამ ყველაფერს დიდხანს ვერ აიტანენ. ველაპარაკე უკრაინაში ექვს პიროვნებას, ავუხსენი, ვინ არიან ესენი და ისიც ვუთხარი, ქართველებთან ნუ გააიგივებთ-მეთქი. ისინი მეთანხმებიან. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ საქართველოშიც არ მიდის ჯანსაღი პროცესი, შეიძლება, რომ ყველა “ნაციონალი” თუ “არანაციონალი” დეპუტატი ქმნიდეს არასამთავრობო ორგანიზაციას? ჩიორა თაქთაქიშვილს განუცხადებია, “ნაციონალური მოძრაობიდან” მივდივარ და არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა შევქმნაო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, საიდან მოდის ამდენი ფული? თუ ქართული ცნობიერების ადამიანები არ გაერთიანდებიან, უახლოეს ხანში თავზე დაგვამხობენ ერთმანეთს. შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს, როდესაც მიშას გაუჭირდებოდა ხოლმე, თბილისში ეგრევე კლიჩკო მოფრინავდა, მას ხვდებოდა და შემდეგ ღიად აცხადებდა, მხარს ვუჭერ საქართველოს პრეზიდენტსო. თქვენ გგონიათ, მათი თანამშრომლობა ახლა დაიწყო? კლიჩკო და მისნაირებიც ყოფდნენ ცხვირს საქართველოს საშინაო საქმეებში და ახლაც თანამშრომლობენ. შეიძლება რაღაც მომენტში ჩვენთან უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე უკრაინაში, რადგან აქ უფრო მეტი ავანტიურისტი ჰყავთ მომზადებული. თუ ჩვენ ამ ავანტიურისტებს გავუძელით და უცხოეთიდან შემოსულმა ფულმა არ წაგვლეკა, ყოჩაღ საქართველოს, მაშინ მართლა მაგრები ვიქნებით

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

თემურ შაშიაშვილი: კვიტაშვილისა და ზღულაძის თანამდებობებზე დანიშვნა დასავლეთის მოთხოვნაა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *