(newspress)თემურ შაშიაშვილი: კვიტაშვილი და ზღულაძე უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დასავლეთის მოთხოვნით დაინიშნენ

პარტია „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში საკვანძო პოსტებზე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები, დასავლეთის მოთხოვნით ინიშნებიან.
შაშიაშვილმა ეს, გაზეთ ,,ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თქვენ გჯერათ, რომ უკრაინელებს ასე გაუჭირდათ? თქვენ გგონიათ, ეს ჩამოწერილი ჩინოვნიკები საქართველოდან მიჰყავთ? არა, მათ ეროვნება არ გააჩნიათ, ესენი არიან მომზადებულები საერთაშორისო ავანტიურისტული ჯგუფების მიერ და სადაც დასჭირდებათ, იქ წაიყვანენ. ვიღაცას ჰგონია, სააკაშვილი რაღაცას აძლიერებს და თვითონ ნიშნავს ან ზღულაძეს, ან კვიტაშვილს. როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ეს ხალხი აქ დაუნიშნეს და ახლა პოროშენკოს უნიშნავენ. ეს ადამიანები ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ. ესენი გახლდათ საერთაშორისო ავანტიურისტული ორგანიზაციები. ამ ავანტიურისტების მომზადებულია უკრაინის პრემიერი იაცენიუკიც“,- აცხადებს შაშიაშვილი.
შაშიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში საქართველოდან ვისაც ნიშნავეს, ეს უკრაინელების, მათ შორის, არც პრეზიდენტის გადაწყვეტილბა არ არის.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს არც უკრაინის პრემიერი მოსწონს და არც ის ქართველები, რომლებსაც მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ.
,,მაგრამ, პოროშენკო იგივე დღეში ჩააგდეს, რა დღეშიც ბიძინა ივანიშვილი იმყოფება. გახსოვთ, ვინ იყვნენ თავიდან სააკაშვილის მრჩევლები? ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს და დაუსვეს. ბალტიისპირეთში ვინც გამოსცადეს და გაწვრთნეს, აქ ჩამოიყვანეს მრჩევლად, ვინც აქ გამოსცადეს და გაწვრთნეს, ისინი უკრაინაში წაიყვანეს“,- აღნიშნავს შაშიაშვილი.



