(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: რამდენჯერაც იზრდება ბიუჯეტი, იმდენჯერ უარესდება მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ყოფა

S“ისეთი ფორმით, როგორითაც ხელისუფლებამ „ჩააბარა ანგარიში“ – არა უბრალოდ ხალხის მოტყუებაა, არამედ, ქვეყანაში სახელისუფლებო ბანდიტიზმის, ელიტური კორუფციის დამკვიდრების „ნაცების“ გზის გაგრძელება. ანგარიშს აბარებენ არა ხალხს, არამედ, სახელისუფლებო ვერტიკალის წარმომადგენლებს და მათ ახლობლებს. იმ ხალხისაგან კი, რომელთა სახელითაც უნდა სამართლდებოდნენ, ტაშს ითხოვენ“,- ასე აფასებს საინიციატივო ჯგუფის, „ჩააბარეთ ანგარიში ხალხს!“ ერთ-ერთი წევრი, „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელისუფლების მიერ რეგიონებში ანგარიშის ჩაბარების პროცესს.

„ქვეყანაში ან სახელისუფლებო ბანდიტიზმია, ან ფულმა დაკარგა ძალა, … მგონი – ორთავე ერთად! დახარჯულია 2 მილიარდამდე ლარი, თითქმის იმდენი, რამდენიც მთელი საქართველოს წლის ბიუჯეტი იყო 2001-2003 წლებში. ყველაფერი ეს მხოლოდ ერთ რეგიონში და მხოლოდ კომუნალური და კეთილმოწყობის ხაზით. აშკარად სჩანს, რომ 100 ლარით კეთდება ერთი ლარის საქმე. ეს ქართული ფულის გაუფასურების გზაა.

“ჩააბარეთ ანგარიში ხალხს“ ჯგუფის წევრები მოვითხოვთ, ეს ანგარიშები შედგეს არა დახურულ სახელისუფლებო სივრცეში, არამედ მთელი საქართველოსათვის წინასწარ ცნობილი განრიგით და მოსახლეობის თავისუფალი დასწრებით. ჩვენც დავესწრებით ამ შეხვედრებს, უფრო მეტიც, ყოველ რეგიონში წარმოვადგენთ თანამოხსენებას, და ხალხიც დაინახავს, მართლაც საქმე კეთდება, თუ საქმე გვაქვს სახელისუფლებო ბანდიტიზმთან“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, დამაფიქრებელია, რომ რამდენჯერაც იზრდება ბიუჯეტი, იმდენჯერ მცირდება მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი, რამდენჯერაც იზრდება ბიუჯეტი, იმდენჯერ უარესდება მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ყოფა.

„ჩვენ ვთვლით, თუ პრემიერ-მინისტრი რეალურად ებრძვის კორუფციას, თუ მიიღებს ამ წინადადებას, დარწმუნდება, თუ რა კორუფციაა სახელისუფლებო ვერტიკალში და რა სერიოზული რეზერვები გააჩნია ქვეყანას მდგომარეობის სწრაფი და რადიკალური შეცვლისათვის,“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ჯგუფის წევრები ამ საკითხებთან დაკავშირებით, მომდევნო კვირაში სპეციალურ შეხვედრას გამართავენ ჟურნალისტებთან, სადაც გამოაცხადებს მოქმედების პროგრამას.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *