თემურ შაშიაშვილი: ჩემთვის რეზო ჩხეიძე სახელმწიფო კაცია!

ჩემთვის რეზო ჩხეიძე სახელმწიფო კაცია. ჩემი თაობა მის ფილმებზე გაიზარდა. ვამაყობ მასთან მეგობრობით. ბედნიერი ვიყავი, როცა მის მშობლიურ ქალაქში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, დიდი მეფის ძეგლთან, გადავცემდი ქუთაისის საპატიო მოქალაქის სიგელს. ბედნიერი ვიყავი, როცა მისი შემწეობით, გამარჯვების მოედანზე არსებული კინოთეატრის საფუძველზე ეკლესია ეკურთხა.
ბედნიერი ვიყავი, როცა 20 წელზე მეტი ხნის წინ, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კინოთეატრის შენობაში, საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია „რიონი“ განვათავსეთ.
ბედნიერი ვიყავი, როცა მისი და მწერალ რეზო ჭეიშვილის შემწეობით, გავხსენით ყოფილ საბჭოთა სივრცეში რეპრესირებულთა პირველი მემორიალი. ეს სწორედ იმ წელს მოხდა, როცა საქართველოში დავით აღმაშენებლის პირველი ძეგლი აღიმართა. მოხდა იმ ადგილზე, სადაც 1937 წელს, უამრავი ადამიანი დახვრიტეს. მათ შორის, ბატორი რეზოს მამა, ცნობილი მწერალი, დია ჩიანელი.
ბედნიერი ვარ დღეს, როცა ბატონმა რეზო ჩხეიძემ მიხმო „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლად. იმ დარბაზის, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მეგობრებს შესთავაზა „მოქმედების მანიფესტი“.
ვამაყობ, რომ ვარ იმ კონგრესის დელეგატი, რომელიც დავით აღმაშენებლის დღეს გაიხსნება გელათის სამონასტრო კომპლექსის აკადემიის ისტორიულ შენობაში, მუშობას გააგრძელებს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და 9 თებერვალს დაამტკიცებს დიდ ეროვნულ პროექტს „საქართველო დაჭრილი მზეა“.
დღეს, 8 დეკემბერს, როცა მას 88 წელი შეუსრულდა, უდიდესი სურვილი მაქვს, უსასრულოდ იყოს მისი დიდი შემოქმედება… უდიდესი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტმა ნახოს და გაიზიაროს „ქართული ერთობის დარბაზის“ განწყობა.
მართლაც ბედნიერებაა, რომ 88 წლის ღვაწლმოსილი ადამიანი ასეთ დიდ საქმეებს ჩაუდგა სათავეში, ასეთი ოპტიმიზმით ხედავს საქართველოს მომავალს. დიდხანს იცოცხლოს ადამიანმა, რომელმაც ასეთ ასაკში იკისრა ეროვნული განწყობის ტელევიზიის შექმნა, ამ ტელევიზიას „ქართული“ უწოდა და ხალხის საკუთრებად აქცია მისი დაბადების დღეს!!!
ქართული ერთობის დარბაზის ვებ გვერდი
ქართული ერთობის დარბაზის გვერდი ფეისბუქზე



