მოღალატე პოლიტიკოსთა ეპოქა უნდა დამთავრდეს

gerbi1დღეს საქართველოს მთავარი მტერი არა რომელიმე სხვა სახელმწიფო, არამედ თავისი ქვეყნის ინტერესების უგულებელმყოფელი და სხვის დაკრულზე მობუქნავე, ქვეყნის გარედან მართვადი პრეზიდენტი, ხელისუფლება და პოლიტიკური ძალაა – მნიშვნელობა არა აქვს ასეთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია თუ მის გარეთ…

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ და უამრავ სხვა საფრთხეს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა შლეგი ხელისუფლების გამო, და კარგად გვაქვს გააზრებული მათი დაძლევის გზები.

ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ დღეს გადარჩენა არა არჩევნებში, არამედ არჩევანის თავისუფლებაშია, იმაშია, რომ ხალხმა გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში ქუჩის პოლიტიკოსების დრო უნდა დამთავრდეს და პროფესიონალების დრო უნდა დადგეს, რომ ხალხი ემოციით კი არა, გონებით და სხვა ქვეყნის ჩარევისა და კარნახის გარეშე ირჩევდეს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, ქვეყნის მტერია ის, ვინც ამომრჩევლის ხმას ყიდულობს და ისიც, ვინც ხმას ყიდის, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ხმას ყიდულობს – ქვეყანას ყიდის და ამომრჩეველი, ვინც თავის ხმას ყიდის (არჩევნებზე არმისვლაც ხმის გაყიდვაა!) _ ყიდის თავისი შვილების მომავალს და ყიდულობს სიღარიბეს, მონობას, გაუსაძლის ცხოვრებას და ამდიდრებს და საკუთარ თავზე აბატონებს და ათარეშებს ხმის მყიდველს.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ დღეს, ყველაფერთან ერთად, ქვეყანა არის ერთი უმძიმესი საშიშროების წინაშე: მეტისმეტად ბევრი ქვეყნის გარეთ და არანაკლები _ ქვეყნის შიგნითაც დაინტერესებულია, რომ თუ მოხდება ხელისუფლების ცვლა, იგი მოხდეს ჩანაცვლებით, ანუ შეიცვალოს კონკრეტული პიროვნება, მაგრამ სისტემა დარჩეს. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ქართული ეროვნული ცნობიერების, ეროვნული მეობის, – ე.ი. საქართველოს დასასრული!

საქართველოში უნდა დამთავრდეს მოღალატე პოლიტიკოსთა ეპოქა: ბევრი, ვინც გამსახურდიას შემოჰყვა პოლიტიკაში, გამსახურდიას ღალატით დარჩა შევარდნაძესთან, შევარდნაძით დამკვიდრდა. იგივე ადამიანები შევარდნაძის ღალატით დარჩნენ სააკაშვილთან, სააკაშვილით მოსულებმა და დამკვიდრებულებმა სააკაშვილით და მისივე ღალატით მოიპოვეს სამი რამ: პოლიტიკური დივიდენდები, გავლენა და ფული. და სწორედ მათზე დაყრდნობით აპირებენ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში დარჩენას. დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ ეს მოღალატეები კარგად ცხოვრობენ, ხალხსაც კარგად ეფარისევლებიან, ხალხის გაღარიბებით კი სულ უფრო მდიდრდებიან. ამას ჰქვია ”პოლიტიკური პროსტიტუცია”. დღეს სწორედ ასეთი ეპოქა დგას, დროა, იგი დამთავრდეს, ამ უმსგავსოებას წერტილი უნდა დაესვას და იგი ხალხმა უნდა დასვას ქართული ცნობიერების, მაღალი ზნეობისა და მორალის მქონე პოლიტიკოსების სასარგებლოდ.

 

29 ოქტომბერი 2011

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *