(newspress) გელათის კარიბჭესთან ირანელებმა მიწა იყიდეს და იქ სასტუმროს აშენებენ

პარტია ,,თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, გელათის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორია ირანელებმა იყიდეს და იქ სასტუმროს აშენებას აპირებენ.თემურ შაშიაშვილმა ეს, გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ საუბარში განაცხადა.
„დღევანდელი საქართველო არ არის არც გელათის, არც ბაგრატისა და არც საყდრისის ღირსი! ამიტომ, ქვეყანა ტერიტორიებთან ერთად, მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის მქონე უნიკალურ ძეგლებს კარგავს. გადავამოწმე და მართლაც გაუყიდიათ გელათის მონასტრის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ქართველი მეწარმეები ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან“,- აცხადებს შაშიაშვილი.
როგორც შაშიაშვილი მიიჩნევს, საქართველოში ყოველივე ეროვნულ ებრძვიან და ეს აჯანყებას გამოიწვევს.
,,არტურ ლაისტი და მარჯორი უორდროპი ცოცხლები რომ იყვნენ, რომლებსაც ილია ჭავჭავაძე ,,შორეულ თავისიანებს“ უწოდებდა, ჩვენს გვერდით დადგებოდნენ და ამ საშინელებას გააპროტესტებდნენ. მაგრამ, მაკკეინმა რა უნდა გააპროტესტოს, ან გვერდით როგორ უნდა დაგვიდგეს? ვატყობ, საქართველოში ისე უტევენ ყოველივე ეროვნულსა და ტრადიციულს, აჯანყება მოხდება“,-მიიჩნევს შაშიაშვილი.
მისივე შეფასებით, იმ ქვეყანას, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას არ გაუფრთხილდება, მომავალი არ ექნება.
,,ხომ ხედავთ, საყდრისს ისევ აფეთქებენ და გგონიათ, რომ გელათს ვინმე დაზოგავს?! ქვეყანას, რომელიც გელათსა და საყდრისს ვერ მოუვლის, მომავალი არ აქვს“,- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



