(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: სიყვარული გადაგვარჩენს, სიძულვილი გვერდზე უნდა გადავდოთ

 

7თემურ შაშიაშვილი ახალ 2015 წელს ისურვებს, რომ ხალხმა და ხელისუფლებამ იცხოვრონ სიყვარულით. შაშიაშვილი საზოგადოებას ახალ წელს იმედით ულოცავს და საკუთარ თავზე გამარჯვებას უსურვებს.

„ახალი წელი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, ყველაფრის გათვალისწინებით მომავალზე ფიქრობ კაცი, საერთოდ საქართველოში წარსულის ანალიზზე უფრო ვართ ორიენტირებული, ვიდრე მომავალზე. ძალიან მინდა, ეს შეიცვალოს, ეს განწყობა შევცვალოთ საკუთარ თავშიც  და საკუთარ ოჯახშიც. მინდა, მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული და ახალი წელი  ამის კარგ საშუალებას იძლევა.

 ძალიან ძნელია, ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში კარგ ხასიათზე იყო და საახალწლო განწყობა გქონდეს. გულდასაწყვეტია, რომ ხელისუფლება ილუზიური განწყობით ცხოვრობს და არ იცის, რეალურად რა მდგომარეობაა ხალხში. ყველა დალხინებულ ადამიანს ვთხოვდი, ეფიქრა გაჭირვებულზე. მგონია, რომ ადამიანი იმედით უნდა შეხვდეს ახალ წელს.

 მინდა ვისურვო, ახალ წელს საზოგადოებამ ქართული ცნობიერების ადამიანი აირჩიოს ხელისუფლად, არ აირჩიოს ის, ვისაც არ იცნობს, აირჩიოს ის, ვისაც იცნობს, ვინც ყველა განვლილ უბედურებას გაუძლო, არ გახდა  კორუმპირებული ან ქართული განწყობის მტერი. ვისურვებდი,  საქართველოში არ აერჩიათ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არ აერჩიათ პოლიტიკოსი, რომელიც გუნდრუკს უკმევს უცხოეთს და არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობს თავისი ხალხი.

 საზოგადოებას 2015 წელს იმედით მივულოცავ, სიყვარული გადაგვარჩენს, სიძულვილი გვერდზე უნდა გადავდოთ. გავიხსენებ რეზო ამაშუკელს გამონათქვამს: „ისე გათენდა, მტერს რომ შევყროდი, ალალ ძმასავით გავუღიმებდი”. მინდა, რომ საქართველოში ასეთი დილა გათენდეს. 

მივმართავ ხელისუფლებას, იცხოვრეთ სიყვარულით, ხალხში დიდი სიყვარულია და ამ სიყვარულს შეგაგებებთ.  ღმერთო, ისეთი დილა გაათენე ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა ადამიანმა ერთმანეთში სიყვარული დაინახოს. ძალიან მინდა, რომ 2015 წელს ადამიანებმა საკუთარ თავზე გაიმარჯვონ. საკუთარ თავზე იმარჯვებს ის, ვინც არ ცხოვრობს სიძულვილით, ვინც ცხოვრობს სიყვარულით და ვინც სიყვარულით ემსახურება საკუთარ ხალხსა და ქვეყანას”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი „რეპორტიორთან” საუბარში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *