უპატრონო ქვეყანა

 

zuraბატონ იურის პირადად ვიცნობდი, გამორჩეული პიროვნება იყო, კეთილშობილებით სავსე, ღირსეული ქართველი. მისი დაღუპვა ჩემთვის დიდი ტრაგედიაა, კიდევ უფრო აუტანელია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანს საკუთარი შვილის საფლავზე ტერაქტი მოუწყვეს.

ქვეყანას, სადაც მშობელს შვილის საფლავზე მისვლა უნდა ეშინოდეს, მოსალოდნელი ტერაქტის საშიშორების გამო. ნორმალურ ქვეყანას ვერ ვუწოდებთ, ეს ყველაფერი უფრო ჯოჯოხეთს ჰგავს!

2012 წელს, როცა ყველა ერთად ვზეიმობდით  ნაციონალების ტერორისტული რეჟიმის დამარცხებას და „ქართულ ოცნებას“ ვუკავშირებდით თავისუფალ საქართველოზე ჩვენი ოცნებების აღსრულებას, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სამი წლის შემდეგ, ჩვენ უპატრონო ქვეყანაში ვიცხოვრებდით, ყოველი ჩვენგანი სათითაოდ და ყველა ერთად სრულიად დაუცველები.

წინა ხელისუფლებამ ხალხი  ტერორში აცხოვრა, მოსახლეობას გენოციდი მოუწყო, ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ, ხალხს საკუთრებას ართმევდნენ, სულის ამოხდით ემუქრებოდნენ… სამწუხაროდ დღესაც ხალხი დაუცველია, ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის აღდგენის, დამნაშავეთა დასჯისა და ხალხისთვის წართმეული საკუთრების დაბრუნების ლოზუნგით მოვიდა, საკუთარ პირობას არ, თუ ვერ ასრულებს… ნაციონალებთან კოჰაბიტირებულმა, პარლამენტში გაუთავებელი ჩხუბით  თუ შეხლა-შემოხლით დაკავებულმა ვერა და ვერ მოიცალა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისათვის.

უკვე დავიწყებას მიეცა ლოზუნგად ქცეული ფრაზა – პირველ წელი ცოტა უკეთესი იქნება, მეორე და მესამე წელს კი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებაო.

ამის მიზეზს იმაში ვხედავ, რომ უკვე მერამდენე წელია, ქვეყნის გარედან ვიღაცეების კარნახით ვცხოვრობთ, მუდმივად ვირჩევთ გარედან მართულ ხელისუფლებას… რომ ვერა და ვერ გვეღირსა ქვეყნისა და ხალხის ერთგული, გულშემატკივარი, პატიოსანი ხელისუფლების არჩევა…  ჩვენ 21 საუკუნეშიც კი ვერ აგვიხდენია  ილიასეული ოცნება „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“…

გუშინდელმა შემზარავმა ფაქტმა საქართველოს ყველა პატრიოტი,  ყველა პატიოსანი ქართველი უნდა გააერთიანოს, გუშინ იურა ვაზაგაშვილთან ერთად სამართლიანობისათვის მებრძოლი საქართველო ააფეთქეს!

 

პარტია „თეთრების“ გენერალური მდივანი

ზურაბ ხასია

21.01.2015წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *