(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობას მოვითმენთ, ლაჩრები და ცოცხლად მკვდრები ვიქნებით!

„თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნულზე საკუთარ „facebook”-გვერდზე წერს.
შაშიაშვილი აცხადებს, რომ „თუ ჩვენ გმირი კაცის, იური ვაზაგაშვილის ამ ამაზრზენ, ქვეყნის ღირსების შემლახავ მკვლელობას მოვითმენთ, ლაჩრები და ცოცხლად მკვდრები ვიქნებით!” “დღეს გონებით მოქმედების დროა და არა ემოციით! ქვეყნისთვის ამ მეტად დრამატულ მომენტში – სახელმწიფო კაცების დროა და არა მყვირალა პოლიტიკოსების! რაც გუშინ მოხდა, ძველის გაგრძელებაა… გუშინ მებრძოლ და მოაზროვნე საქართველოს ესროლეს და ამით დიდი ნიშანი მოგვცეს!
თუ ჩვენ გმირი კაცის, იური ვაზაგაშვილის ამ ამაზრზენ, ქვეყნის ღირსების შემლახავ მკვლელობას მოვითმენთ, ლაჩრები და ცოცხლად მკვდრები ვიქნებით! მოქმედების დროა! მოქმედების, მაგრამ არა ემოციით, როგორც ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა, არამედ გონებით. ემოციით სკამებისათვის მებრძოლნი მოქმედებენ, გონებით – ქვეყანაზე მოფიქრალნი. ემოციით მოქმედება თავხედ პოლიტიკოსთა ასპარეზია… სამწუხაროდ, სწორედ მათ წაართვეს საქართველო ხალხს და მოაზროვნე ადამიანებს. საქართველოს მომავალი გონებასთან, მოაზროვნე ადამიანებთან არის დაკავშირებული და არა ხალხის ემოციით გაბელადებულებთან, ემოციური ფონის შემქმნელ მილიარდერ-მილიონერებთან, ან გარედან დაფინანსებულ მედროვეებთან! დიდი დაფიქრების, საქვეყნო კაცების დროა და არა მყვირალა პოლიტიკოსების! ასეთია ჩვენი პოზიცია ქვეყნისთვის უაღრესად დრამატულ მომენტში…” – წერს შაშიაშვილი.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: http://reportiori.ge/?menuid=4&id=51854



