(ვერსია) თემურ შაშიაშვილი: მე  დღეს იმ ადამიანებთან ვდგავარ, ვინც სხვა გზას ირჩევს.

 

11 რამდენიმე დღის წინ, თბილისში  ქართველთა კონგრესი ჩატარდა, მანამდე კი, 8 თებერვალს, ღონისძიება ქუთაისში, გაიმართა. 27 მარტს კონგრესი ბათუმს ეწვევა კონგრესს მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა დიდი გუნდი ამზადებს და, როგორც ვერსიას კონგრესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა , თემურ შაშიაშვილმა განუცხადა, 5 ოქტომბრამდე ქვეყნის გადარჩენის პროგრამაზე მუშაობა დასრულდება… მოკლედ, `თეთრების~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი `ვერსიასთან~ 3-თვიან დუმილს არღვევს და ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკოტრდა, ნაციონალურ მოძრაობას კი სათავეში გიორგი მარგველაშვილი ან ირაკლი ალასანია ჩაუდგებიან.

_ დღეს ქვეყანაში გაცილებით დიდი დეპრესიაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2012 წლის 1 ოქტომბერი გეოგრაფიული სიმაღლე აღმოჩნდა, რომელიც  “ოცნებამ” ერთხელ აიღო და მაშინვე ქვემოთ დაეშვა. დღეს საქართველო ბანკირის ფსიქოლოგიით იმართება. ეს კარგი მხოლოდ ბანკშია და არათუ ქვეყანაში, ოჯახშიც მიუღებელია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ეჭვიანი კაცია და ყველა, ვინც არ ეთანხმება, მტრად მიაჩნია. მონური ფსიქოლოგიის ადამიანები მასავით არავის ჰყვარებია, თან ყველა ძირითად თანამდებობაზე მის ბანკგავლილი პირი დანიშნა.  ყველა პარტია წინააღმდეგობის, ურთიერთდაპირისპირების გზით მიდის, რასაც ვემიჯნები და მრცხვენია, რომ პოლიტიკოსი ვარ!

_ სახალხო კრება ისევე, როგორც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული სხვა აქტიური ორგანიზაციები, ლიკვიდირებულნი არიან. დღევანდელი ვითარება სწორედ ამ პასიურობის ბრალი ხომ არ არის?

_ ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ სახალხო კრებამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. ჩვენ ბოლომდე უნდა გვებრძოლა. ნონა გაფრინდაშვილი იმდენად იმედგაცრუებული და ხელებჩამოშვებულია, არაფრის თქმა არ სურს. ყველამ იცის, როგორ უჭერდა მხარს ქალბატონო ნონა ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დადუმდა _ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმეს თქმა არ სურს.

_ რატომ?

_ ფაქტია, სახალხო კრების პრინციპი _ ბრძოლა ბოლომდე, დავიწყებულია.

_ როცა ამბობთ, ყველა პარტია ერთ გზას ადგასო, ბურჯანაძის ძალასაც გულისხმობთ?

_ ძირითადად, ჩვენ სახალხო კრება გვაერთიანებდა. ურთიერთობაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. ბურჯანაძეს, შეიძლება, ბევრ საკითხზე სწორი პოზიცია აქვს, მაგრამ მისი მოქმედების ტაქტიკას არ ვეთანხმები.

_ მისი პარტიის წევრები ხელისუფლების სხვადასხვა შტოში გადანაწილდნენ _ ლუკა კურტანიძე და გოგი ქავთარაძე პარლამენტში სხედან, წინასაარჩევნოდ ქდმ შეიერთა, ამას რა ჰქვია?

_ ნაკლებად მაწუხებს… გულნატკენი ვარ, როგორც მოიქცა და როგორც მიჰყავს ახლა ვითარება ნინო ბურჯანაძეს. პრაგმატული ინტერესების გამო, თუნდაც ქდმ-სთან შეერთება არასწორი იყო. ზოგადად, რამდენიმე თვის წინ, დიდი ომი გადავიტანე, როცა თქვენთან ინტერვიუში გამოვთქვი მოსაზრება, პარლამენტში ამდენი სპორტსმენი და ხელოვანი არ უნდა იყოს-მეთქი, თუმცა ეს რომ ასეა, დღეს სადავო აღარ არის. 4-5 თვეა ბურჯანაძეს არ შევხვედრილვარ და სურვილი არ მაქვს, კავშირი რომელიმე პარტიასთან მქონდეს. არც ერთი პარტიის არ მწამს, რომელიც აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე სიხარულით გარბის და იმას არ ეკითხება, ერთხელ მაინც რატომ არაა ნამყოფი მეცნიერებათა აკადემიაში, რატომ არ ხვდება მეცნიერებს. ელჩი, რომელიც თავს პატივს სცემს, ჩადის ქვეყანაში, კითხულობს ლიტერატურას, ეცნობა ისტორიას, მიდის მუზეუმში, ხვდება მეცნიერებს. საქართველოში მეცნიერებს უთხრეს, აი, თქვენ ფული, წადით, სახლში დასხედით, მათხოვრები ხართო. მერაბ ბერძენიშვილს რომ დაუძახეს, რამდენიმე წლის წინ, როცა ყველას ფულს ურიგებდნენ და უთხრეს, ფული აიღეო, იკითხა, რისთვის მაძლევთო?! ჩემი ნამუშევრები თუ მოგწონთ, დადგით და ამაში გადამიხადეთ ფულიო. ამიტომ ვცემ მას პატივს და ამიტომ აირჩია ბერძენიშვილი თავმჯდომარედ კონგრესმა. `ქართული ოცნება~ ნაცმოძრაობის გაგრძელება გახდა. მე კი დღეს იმ ადამიანებთან ვდგავარ, ვინც სხვა გზას ირჩევს.

_ სხვა გზა რომელია _ ოპოზიციაში გადასული ირაკლი ალასანია, რომელიც `ოცნების~ კოალიციიდან თქვენთვის ყველაზე მისაღები იყო?

_ იყო! ადრე ვამბობდი, თუ ბურჯანაძე არ გინდათ პრეზიდენტად, ალასანია მაინც აირჩიეთ-მეთქი, თუმცა ადამიანი ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში გადადგმული ნაბიჯებით ფასდება. ალასანიამ, როგორც პიროვნებამ, ყველა კრიტიკულ ვითარებაში წააგო. ვაი, იმას, ვისაც ალასანია მეორე ძალად მიაჩნია ქვეყანაში _ ეს მხოლოდ დასავლეთს აწყობს, რომელიც მიხვდა, რომ ივანიშვილის ავტორიტეტი კოსმოსური სიჩქარით იკლებს. როცა იგივე სააკაშვილს დაემართა, მაშინ ასპარეზზე ნინო ბურჯანაძე შემოვიდა, რომელსაც ამერიკელებიცა და დასავლეთიც ელაპარაკებოდა.

_ და პუტინი ხვდებოდა, `პაკლონნაია გარაზე~.

_ არ შეიძლება, ადამიანებს ასე ავადმყოფურად გადავეკიდოთ. პუტინთან შეხვედრაზე ყველა პოლიტიკოსი ოცნებობს! მას კი არ უნდა დაარტყა, ვინც ამას ღიად აკეთებს, არამედ მას, ვინც რუს და ამერიკელ პოლიტიკოსებს ჩუმად ხვდება! არც ინტერპარტიულ ჯგუფთან ვთანამშრომლობ, რადგან ჩემი შეთავაზება არ მიიღეს. აღარც მეძახიან, რადგან ჩემი აზრი იციან. შევთავაზე, თუ ტელევიზიები და ხმაურის ატეხა არ გსურთ, მაშინ საარჩევნო კოდექსი პარტიების ლიდერებმა კი არა, ამ საქმის პროფესიონალებმა უნდა შეცვალონ-მეთქი. ჩემი წინადადება არ მიიღეს, სამაგიეროდ, პრეზიდენტთან გაიქცნენ შესახვედრად, არადა, აგინებენ. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილმა პარტია რომ შექმნას, მასთან მივლენ.

_ ეს საიდანღა მოიტანეთ?

_ იქიდან, რომ დღეს პრეზიდენტი რა მდგომარეობაშიცაა, მისი სურვილი კი არა, ქვეყნის გარედან დაკვეთაა.

_ 21 მარტი და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც დაკვეთაა?

_ რა თქმა უნდა. `ოცნებას~ ხომ სულ ვაკრიტიკებ, მაგრამ მხოლოდ ერთი დღე, 21 მარტს, მის მხარეს ერთი მოცემულობის გამო დავდგები: 21 მარტს აშშ-ს სურს, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი შეამოწმოს. ამ პარტიას, ალბათ, სააკაშვილს მოაცილებენ, სხვა ოდიოზურ ფიგურებსაც უკრაინაში გაიყვანენ, წინ სხვებს წამოსწევენ და ამ პარტიას სათავეში ირაკლი ალასანია ან გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგება. მერე, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტია შეუერთონ და ახალ სიმბიოზს მივიღებთ. სააკაშვილს შავ საქმეს გააკეთებინებენ _ ვითარება რომ დაიძაბოს, და ა.შ. აშშ ხედავს, ნაციონალების გაგრძელება, `ოცნება~, ავტორიტეტს კარგავს, თან, შესაძლოა, ის არც ისეთი ამერიკული აღმოჩნდეს, როგორც ეგონათ და ამიტომ პროცესს ხელოვნურად მართავენ. მათთვის მთავარია, საქართველოში ამერიკული განწყობის პარტიამ გაიმარჯვოს.

_ თქვენი აზრით, 21 მარტს მაინც რა მოხდება _ `ამერიკული ჩანაფიქრი~ მაინცდამაინც 21-ში განხორციელდება?

_ 21 მარტს მოვლენები იმის მიხედვით განვითარდება, რამდენი ადამიანიც გამოვა გარეთ. აშშ აანალიზებს, რა უყოს ნაციონალურ მოძრაობას _ დაიტოვოს საკუთარ დასაყრდენად, ვინმე შეუერთს თუ მთლიანად სხვა ძალით ჩაანაცვლოს. მართალი იყო მარგველაშვილი, როცა თქვა, პლასტილინი ვარო, უბრალოდ, ივანიშვილს ეგონა, მისი პლასტილინი იყო და აშშ-სი აღმოჩნდა. ის, ვინც 21 მარტს ქუჩაში გავა, მხოლოდ ნაციონალების მხარდამჭერი იქნება, რადგან ალასანია და რესპუბლიკელები ამ პროცესს ჩამოაცილეს და ნეიტრალური შეფასებები გააკეთებინეს.

_ ბატონო თემურ, ახლა არ მითხრათ, რომ ივანიშვილსაც აშშ მართავს?

_ ბიძინა ივანიშვილი არაფრის აზრზე არაა – მარტო ბანკის მართვა იცის, ისიც სხვების დახმარებით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი უცხოური კაპიტალი თუ აქტივები დღეს მისი საკუთრება აღარ არის.

_ აბა, ვისია? 

_ ბიძინა ივანიშვილი დღეს ყველაზე რთულ ვითარებაშია. მან დაკარგა ავტორიტეტი და კარგავს ფულსაც. უფულო ივანიშვილი კი არავის სჭირდება  – ის ყველაფერს დაკარგავს.

_ ამას რის საფუძველზე ამბობთ ან რით ამტკიცებთ?

_ მისი ქმედებების საფუძველზე… კონკრეტულად, ბანკს ბევრი ისეთი პიროვნება ჩამოაშორა, ვისაც შესაძლოა, შექმნილი მდგომარეობის შესახებ ამბავი გამოეტანა და ხმამაღლა ეთქვა. დღეს მის ბანკში მხოლოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირები დარჩნენ. გამოშვებულთაგან ერთ წესიერ კაცს მეც ვიცნობ, სხვას ვერაფერს გეტყვით. იგი ბანკიდან იმის გამოა გამოშვებული, რომ არაფერი თქვას და ისიც ვიცი, რასაც ახლა ვამბობ, ამის გამო ბევრი დამიპირისპირდება. სინამდვილეში, ამ განცხადებით პანიკას მე კი არა, ის თესავს, ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი გადაგვარჩენსო.

_ აბა, ვინ გადაგვარჩენს, კონგრესი? საერთოდ, რას წარმოადგენს ეს კონგრესი და ამ შეკრებების მიზანი რა არის?

_ კონგრესი ამბობს, რომ პარტიების პროგრამებმა დაგვაქციეს. ახლა ქვეყნის მდგომარეობისა და მისი პოტენციალის ანალიზი კეთდება და პარალელურად, პროგრამაზეც ვმუშაობთ. ოქტომბერში, როცა ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი შედგება, ჩვენს სათქმელს ყველა პარტიას ვეტყვით. ვინც ჩვენს მიერ შემუშავებულ პროგრამას შეასრულებს, 2 წლის მერე, ნდობის რეფერენდუმს ჩავატარებთ. ვინც ამ პროგრამას ვერ ან არ შეასრულებს, ასეთი ძალა ქვეყანას არ სჭირდება. კონგრესი 10-15 კაცს დაასახელებს, ძირითადად, ექსპერტებს და ხელისუფლებასთან ერთად მოქმედებებს დაიწყებს, რათა ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს. თუ ამას არ მოინდომებენ, შესაძლოა, საქმე ისე წავიდეს, კონგრესის ღონისძიებებმა სტადიონებიც გაავსოს. ჩვენ ქვეყნის წინსვლა გვინდა და არა ვადამდელი არჩევნები. პირიქით, ვეცდებით, ხელისუფლებას ამ ვადის მიყვანა ბოლომდე ვაიძულოთ, რადგან დღეს რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ `ოცნებას~ და იმ ძალებს აწყობს, ვინც ხელისუფლებასთან რაღაცაზეა გარიგებული. ვფიქრობთ, არჩევნები თავის დროზე უნდა ჩატარდეს..

ესაუბრა

ნინო კომახიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *