(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ავადმყოფურად მოაზროვნეები არიან

news_58717„თეთრების”  ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, „რეპორტიორის”  პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე,  საქართველოში  არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში პატიოსნების და განათლების დეფიციტია. მისი თქმით, პირველი საზომი პატიოსნებისა და განათლებულობის არის, არ წახვიდე იმ თანამდებობაზე, რომლისთვისაც  მზად არ ხარ. „დიდი ხანია, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ძალიან ცოტა ვინმე თუ იყო იმ თანამდებობისთვის მზად, რომელზეც დაინიშნა.  მორალის პრინციპების შემოტანა პოლიტიკაში  დღეს ძალიან გვჭირდება”,  -აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების” ლიდერის შეფასებით,  „ნაციონალურ მოძრაობასა”  და „ქართულ ოცნებას” ერთმანეთი არნახულად სჭირდებათ.  ისინი ერთმანეთს  აძლიერებენ. მისივე თქმით, ამ ორ პოლიტიკურ ძალას არ სურს, სხვა იყოს ასპარეზზე,  მათ  ერთმანეთის შენარჩუნება უნდათ,  რაც  საქართველოსთვის კარგი არაა.

„ვინც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას”,  რომელსაც 9 წლის განმავლობაში  გაუბედურების მეტი არაფერი გაუკეთებია, ავადმყოფურად მოაზროვნე ადამიანები არიან.  ელემენტარული პატიოსნება იმას  ნიშნავს, რომ მართალი იყო ხალხთან და სწორს ელაპარაკებოდე, მით უფრო, როცა ხელისუფლებაში ხარ.  არ შეიძლება, მუდმივად ატყუებდე ან  თავს იმართლებდე.  მიხეილ სააკაშვილმა  ბუტაფორიული სახელმწიფო შექმნა, რომელიც მუდამ თავს იმართლებდა, ასე იქცევა ახალი ხელისუფლებაც, ამაში კი ჰგვანან ერთმანეთს. სააკაშვილი თავისი საქმიანობით   არნახულად კმაყოფილი იყო, ასევეა  დღევანდელი მთავრობაც.  ჩვენ არც ბუტაფორიული სახელწიფო გვინდა და არც ილუზორიული.  დრო ადასტურებს, რომ გზა, რომლითაც მოვდივართ,  არაა ქართული, ეს შეუთავსებელ პოლიტიკურ  ძალთა ურთიერთდაპირისპირების პერიოდია 1990 წლიდან  დღემდე.  ისინი ერთმანეთს ებრძვიან, ერთი გადააგდებს მეორეს, გადამგდები მეორე დღიდანვე ემსგავსება გადაგდებულს და აგრძელებს მის გზას.  საუბედუროდ,  ყველა პარლამენტი მის წინაზე უარესია”, -აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების” ლიდერის განცხადებით,  დღეს პოლიტიკური პარტიების დრო არ არის. პარტიებმა მიიყვანეს ამ დონემდე ქვეყანა. პოლიტიკოსებმა და პარტიებმა ბოდიში უნდა მოუხადონ  ქართველ ხალხს შექმნილი მდგომარეობისთვის. მისივე განმარტებით,  ეს არის სკამისთვის ბრძოლის შედეგი და არა საქართველოსთვის. ეს ყველაფერი კი გაჩუმებული ინტელიგენციის შემწეობითაც მოხდა.  დღეს იმ პოლიტიკოსების დროა, რომლებიც სახელწიფოებრივად აზროვნებენ.

„საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო, რომ  ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან და  ფინანსდებიან,  ქართულ საქმეს არ აკეთებენ.   ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო უარესდება, რადგან  უცხოურმა ანტიქართულმა ძალებმა ქართული ბიზნესიც და ბიზნესმენებიც ხელში ჩაიგდეს.

საშიში  „ნაციონალური მოძრაობა” არ არის, საშიშია ის ხელისუფლება,  რომელიც აძლიერებს ამ ორგანიზაციას. საშიშია ის პროცესები, რომელიც რეალურად მიდის „ქართული ოცნების” შიგნით და ასევე საშიშია ხალხის განწყობა, რომელიც ფიქრობს,  გადარჩენა ბელადში და  მილიარდებშია. ხალხმა უნდა მიხედოს ხელისუფლებას და   მოიყვანოს  ისეთი მთავრობა, რომელიც არა საკუთარ ინტერესებზე, არამედ  ხალხზე და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე იფიქრებს”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=58717

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *