(საზოგადოება.ჯი)თემურ შაშიაშვილი: ორ ათეულ წელზე მეტია, მართვის სადავეები ქუჩის პოლიტიკოსებს უჭირავთ

1445„ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსთა მიერ  დანგრეულ ქვეყანაში“, –  აცხადებს  „ქართული ერთობის დარბაზის“  ერთ-ერთი წევრი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე ადგილებზე  მართვის სადავეები  ქუჩის პოლიტიკოსებს უჭირავთ.

„უკვე ორ  ათეულ წელზე მეტია, საქართველოში რადიკალები ცვლიან ერთმანეთს   სახელისუფლებო თანამდებობებზე. ჩვენ დღეს ვიმკით ერთი კაცის ხათრით არჩეულ , თუ ერთი კაცის გემოვნებით შერჩეულ ხელისუფალთა საქმიანობის კატასტროფულ შედეგებს“, – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ მდგომარეობის რადიკალურად შეცვლის მიზნით,  გაბედული მოქმედებაა საჭირო.  ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს, რადგან დარბაზის დამფუძნებელთა  აზრით,  დაპირისპირება სუსტების გზაა, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია – მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.

აღნიშნული განცხადება „თეთრების“ ლიდერმა რეგიონებში „ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლებთან“ ერთად ვიზიტის დასრულების შემდგომ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას „ქართული ერთობის დარბაზმა“ თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში გამართა გაზეთ „ქართულის“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის პარალელურად შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მოეწყო.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=28422

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *