(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: ქვეყანა თამაშის წესებით კი არა, კანონებით უნდა იმართებოდეს

თემურ შაშიაშვილი: ქვეყანა თამაშის წესებით კი არა, კანონებით უნდა იმართებოდეს

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს. მისი თქმით, ვერც ცალკეული მინისტრების შეცვლა და ვერც მთავრობის  სრული გადადგომა ქვეყანაში სიტუაციას ვერ შეცვლის. რადგან ქვეყანას სისტემური ცვლილებები სჭირდება.

„ქვეყანა იმართება მაღალ ეშელონებში დადგენილი თამაშის წესებით და არა ცივილურ და დემოკრატიულ სახელმწიფოთა მსგავსად – კანონებით. ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა სააკაშვილის და მისი გუნდის ტრადიციებს აგრძელებს – აცხადებს თემურ შაშიაშვილი – ბატონი ივანიშვილის აზრით, ეკონომიკური მაჩვენებლებით და სხვა მიმართულებებითაც რეგიონშიც და შეიძლება, ევროპაშიც, პირველ ადგილზე ვართ.  მისთვის არც ვალუტის კურსის კატასტროფული ვარდნაა საგანგაშო!“.

შაშიაშვილის აზრით, ხელისუფალთა ასეთი თვითკმაყოფილების ფონზე მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია, რაც კარგ ნიადაგს უქმნის ზოგიერთი ჩვენი უცხოელი „მეგობრის“ მიერ მსუყედ დაფინანსებულ ქუჩის პოლიტიკოსებს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად.

„გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქვეყნის პოლიტიკური სივრცე დაპყრობილი აქვთ რადიკალებს და ბრძოლის მთავარ არენად ქუჩა და ქუჩის რევოლუციებია. მათ ქვეყნის შენება არ შეუძლიათ – მათ სკამი და ფული ამოძრავებთ და სწორედ ამ ორის გამო, მათ შეუძლიათ ერთგულებაც და გაწირვაც. უერთგულეს ზვიად გამსახურდიას, დასჭირდათ – უღვთოდ გაწირეს ეროვნული განწყობის კაცი.  უერთგულეს შევარდნაძეს, დასჭირდათ და გაწირეს მსოფლიო ავტორიტეტის პოლიტიკოსი. უერთგულეს მიხეილ სააკაშვილს, დასჭირდათ და გაწირეს ამერიკის ხელისუფალთა ფავორიტი. პრაქტიკულად გაწირულია ბიძინა ივანიშვილიც. სამთავრობო ცვლილებები კი მხოლოდ დროის გაყვანაა და აძლიერებს ქუჩის პოლიტიკოსებს“, – აცხადებს შაშიაშვილი.

თეთრების ლიდერს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მინიმუმ 90 პროცენტს ეს რადიკალიზმი არ მოსწონს, თუმცა ვერც ეწინააღმდეგება, რადგან რადიკალებს დიდი დაფინანსება და მხარდაჭერა აქვთ გარედან. მისი თქმით, მდგომარეობიდან გამოსავალი არა უბრალოდ ზოგიერთი მინისტრის, ან თუნდაც მინისტრთა კაბინეტის შეცვლა, არამედ სისტემურის ცვლილებებია.

“ხალხმა უნდა დაიბრუნოს რადიკალი ქუჩის პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო. ამას კი არც ფინანსები სჭირდება და არც დიდი დრო, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომელიც არც შევარდნაძეს აღმოაჩნდა, არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს. ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ გონიერებით სავსე და დარბაისელ სახელმწიფო მოღვაწეებს. ასეთი ხალხის დეფიციტი ნამდვილად არ არის საქართველოში“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=28546

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *