(ჯეონიუსი)სამწუხაროა, რომ უბადრუკ პოლიტიკოსთა და მათ მიერ დაშინებულ ხელისუფალთა გამო თავდახრილად ვჩანვართ იქ, სადაც სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ – “თეთრები”

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით პარტია თეთრების პოლიტიკური საბჭო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯეონიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
„პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო უერთდება ფაშიზმზე მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის გამარჯვების 70 წლისთავის დღესასწაულს. სიამაყით აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ქართველთა დიდი წვლილია. სამართლიანია და ნიშანდობლივი, რომ ამ დღეებში (ჩვენგან განსხვავებით) ყველგან და განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში ხაზგასმით იკვეთება სტალინის როლის თაობაზე, რომ მან შეძლო იმდროინდელ დიდი მოღვაწეებთან და უდიდეს სახელმწიფოთა ხელმძღვანელებთან: რუზველტთან, ჩერჩილთან, დე გოლთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება, რამაც შესაძლებელი გახადა მეორე ფრონტის გახსნა და ფაშიზმის დამარცხებაც.
საამაყოა, რომ ერთ-ერთი ვინც გამარჯვების დროშა აღმაღთა რაიხსტაგზე, იყო ქართველი მელიტონ ქანთარია.
ქედს ვიხრით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სიცოცხლის ფასადაც მოვიდა ეს გამარჯვება და მადლიერნი ვართ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ. ვთვლით, რომ მათდამი და იმ ოჯახებისადმი, რომელთა წევრები შეეწირნენ მეორე მსოფლიო ომს, ისეთივე პატივისცემითი დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორიც სხვა ქვეყნებშია.
სამწუხაროა, რომ უბადრუკ პოლიტიკოსთა და მათ მიერ დაშინებულ ხელისუფალთა გამო თავდახრილად ვჩანვართ იქ, სადაც სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ.
შთაბეჭდილება გვრჩება, სწორედ ამის გამო, პროგრესული კაცობრიობის ეს დიდი დღესასწაული ყველაზე ნაკლებად ჩვენთან აღინიშნება“, – ნათქვამია პარტია „თეთრების“ პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



