(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება ქურდული პრინციპით მოქმედებს

DSC_0244– ბატონო თემურ, ღარიბაშვილის მთავრობის წევრებს პარლამენტმა ნდობა უკვე მესამედ გამოუცხადა. იმსახურებს თუ არა მინისტრთა კაბინეტის ეს შემადგენლობა საზოგადოების ნდობას?

– ის ფაქტი, რომ მოკლე პერიოდში სამჯერ დასჭირდა ნდობის გამოცხადება, ეჭვქვეშ აყენებს ამ გუნდის შემადგენლობას. ვერც მთავრობის გადადგომა და ვერც ახალი პარლამენტის ვადამდელი არჩევნები სიტუაციას ვერ შეცვლის. ქვეყანას სჭირდება სისტემური ცვლილებები. რისი პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს – პირიქით, მან უფრო დახურული და ბლოკირებული გახადა ეს სისტემა, არ აღმოაჩნდა ნება არც ივანიშვილს. არ შეიძლება ერთი კაცის და მისი პოლიტიკური გემოვნებით შექმნილი გუნდი მართავდეს ქვეყანას. ეს არის დამანგრეველი სისტემა. მსოფლიომ არ იცის მაგალითი, რომ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შექმნილმა ხელისუფლებამ ხალხს რაიმე სასიკეთო მოუტანა.

– რა ტიპის მმართველობაა საქართველოში? ამბობთ, რომ სისტემური ცვლილებებზე ივანიშვილის გუნდი არ წავიდა.

– ქვეყანა იმართება ქუჩით, ქუჩის პოლიტიკოსებით და ქუჩის ხელისუფლებაში მოჰყავთ რადიკალები, ეს ვინმესთვის საეჭვოა, რომ ფიქციაა საქართველოს დამოუკიდებლობა და ადგილობრივი ხელისუფლებაც?! ნაცვლად იმისა, რომ შვეიცარიულ მოდელზე ვიფიქროთ, თურმე უნდა დავამახინჯოთ დავანგრიოთ ჩვენი სულიერება, სიმახინჯეებით ვიყოთ სავსე, ოღონდ ევროპასთან დავახლოვდეთ, რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი?! ყველაფერი ფიქციაა. ქუჩა, და რადიკალები ფინანსდებიან დასავლეთიდან . მითხარით ქართული ცნობიერების ერთი მედიასაშუალება, რომელია დაფინანსებული უცხოეთის მიერ. ქუჩაში რაც ხდება 99% ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული.

– კოალიციამ და მისმა ლიდერმა ივანიშვილმა თავიდანვე ცრუ მოლოდინი გააჩინეს, როცა სისტემურ ცვლილებებს გვპირდებოდნენ?

– საქართველოს სისტემური ცვლილებების გარეშე მომავალი არ აქვს, თუ სისტემური ცვლილებების პროგრამით არ მოდიხარ ხელისუფლება არ ხარ. მე მხარი დავუჭირე არა ივანიშვილს და ამ ხალხს, არამედ პროგრამას, რომელიც გამოქვეყნდა და ვეღარ ვპოულობ. იმ პირველ პროგრამას, რომელიც საიტებზე დაიდო. იქ იყო გაწერილი, როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო სასამართლო კონტროლის პალატა, პროკურატურა, საკონსტიტუციო სასამართლო და ა.შ. ეს ყველაფერი იყო სერიოზული. ეს იყო ქვეყნის გადარჩენის პროგრამა. ეს პროგრამა მოქმედებაში უნდა მოვიდეს.

– ამ პროგრამით აიღო ივანიშვილმა პასუხისმგებლობა გუნდთან ერთად და ის აუცილებლად უნდა შეასრულოს?

– რა თქმა უნდა. დააკვირდით, გადადგა მთავრობა თუ არა, მაშინვე აშშ-ს ელჩი მიდის ბიძინა ივანიშვილთან. ამ დროს გამოდის ღარიბაშვილი და ამბობს, არავითარი ცვლილებები არ მოხდება, ორი მინისტრი წავიდა და მხოლოდ ეს ორი ცვლილება იქნებაო. მერე მოდის მთავარი ცვლილება – თავდაცვის მინისტრი შეიცვალა. რა განცხადებებს აკეთებს სამხედრო მინისტრი ამ დღეებში კაბელების საქმეზე? ვის აქვს უფლება, რომ პროკურატურასა და სასამართლოზე მაღლა დადგეს და თქვას, რომ კაბელების გამო ხალხს არ უნდა ვიჭერდეთო. კაბელების გამო კი არა, იურისტ თინა ხიდაშელს მინდა ვუთხრა, რომ ასანთის ქურდობის გამო ზის ადამიანი ციხეში.

ქვეყანა იმართება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში შემუშავებული წესებით . ეს ქურდების კანონია, სააკაშვილიც ასე მართავდა ქვეყანას. ქურდული პრინციპით. რა არის კანონი კი არა, მთავარია თამაშის წესები. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, თამაშის წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის პრეზიდენტი. თამაშის წესებს კი არა, კანონს უნდა დაემორჩილოს.

ჩამოვიდა ლუკაშენკო საქართველოში. დაეჭვდნენ ესენი პოზიციას ხომ არ იცვლიანო, და ამიტომ მოითხოვეს მთავარი ფიგურის, თავდაცვის მინისტრის შეცვლა. ლუკაშენკოს ვიზიტის შედეგად გაიწირა ორი თვის წინ დანიშნული მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან.

– რატომ?

– იმიტომ, რომ კაბელების საქმე დასრულდეს. ძალიან დიდი ფული შემოდის საქართველოში, რომლის ნაწილი უკან მიდის, ხოლო დიდი ნაწილი თავდაცვის სფეროში რჩება. ამ ფულით ფინანსდება რევოლუციები და ა.შ. ისეთი რამე გამოაშკარავდება, ამ შემოსული ფულის მოძრაობას და ხარჯვას რომ გაყვნენ, მაგრამ ვერ გაყვებიან. ხიდაშელი დაინიშნა თუ არა, კაბელების საქმეზე დაიწყო საუბარი.

დააკვირდით, ამერიკის ელჩი მიდის ივანიშვილთან და არა მთავრობის თავმჯდომარესთან. იცვლება მთავარი ფიგურა, მაგრამ ნახეთ რა ხდება, პრეზიდენტი ვითომ ვეტოს ადებს ამერიკის ყველაზე დიდი ფული ჩადებილი აქვს. მარგველაშვილში, მისი ავტორიტეტის აწევა ამერიკისთვის პრინციპულია. თავდაცვის მინისტრიც მისი კანდიდატურაა და რა განცხადებაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკეთა, ისიც ამერიკელების ინტერესებით მოხდა. მაშინვე ვთქვი, ხალხში ამ ნაბიჯით მარგველაშვილის ავტორიტეტი აიწევს-მეთქი, ესეც არის, რასაც მარგველაშვილი ამბობს, ეს არის გარე ძალების აზრი და არა პრეზიდენტის. ის არის მონური ფსიქოლოგიის ადამიანი. ეს არის ცუდი. რაც მთავარია, ის არის ქედმოხრილი ამერიკული ძალების მიმართ

– კაბელების საქმეზე ხიდაშელის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ თავდაცვის სფეროში ფინანსური მოძრაობა და კონკრეტულად ეს საქმე საფუძვლიანად არ უნდა იქნეს გამოძიებული?

– მარტო კაბელების საქმეზე არაა საუბარი, საერთოდ, სამხედრო უწყება არ უნდა შემოწმდესო. ვიცით, რომ შემოსული ფულის 30% მიდის უკან ან გამოყენებულია სხვა მიზნებისთვის.

– ანუ ამერიკის ინტერესებში არ არის, ალასანია, როგორც თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი გარკვეულწილად დამნაშავედ გამოჩნდეს?

– არა, ალასანია ამ შემთხვევაში არაფერი არ არის. ალასანიას უბედურებაა, რომ ის გარედან მართვადია. მათთვის მთავარია რომ უწყებაში დიდი ფული შემოდის და ეს ფული სამხედრო უწყებას და ჯარისკაცებს სრულად არ ხმარდება. სრულად კი არა, ალბათ ნახევარიც. არავის აქვს სურვილი, რომ გარკვეული იქნას, იმ ფულის დანარჩენი ნაწილი ვის ჯიბეში მიდის და რას ხმარდება ქვეყანაში.

ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *