(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: ვისურვებდი, ხელისუფლების მხრიდან მეტი პატივისცემა იყოს აჭარის ძირძველი მოსახლეობისადმი

თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს აჭარაში მონაწილობა მიიღო ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
„თეთრების” ლიდერი, „ქართული ერთობის დარბაზის” წევრები და აჭარის ინტელიგენციის წარმომადგენლები ერთად ეწვივნენ სელიმ ხიმშიაშვილის მშობლიურ სოფელს ნიგაზეულს, დაათვალიერეს ეროვნული გმირის სახლ-მუზეუმი, შეხვდნენ მის ნათესავებს, სოფლის მცხოვრებლებს და ადგილობრივ ტაძარში დაესწრენ მისი ხსოვნისადმი საგანგებოდ გადახდილ პარაკლისს. მაჰმადიანი ქართველებისადმი პატივისცემის ნიშნად, სტუმრები ასევე ეწვიენ სოფლის მეჩეთს. შეხვდნენ სოფლის სკოლის მოსწავლეებს, შუახევის სოფელ ხიჭაურში აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს.
„ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მუხლი მოვიდრიკე ეროვნული გმირის საფლავის წინაშე. ჩემთვის ღრმად დამაფიქრებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის არ არის ცნობილი ამ პიროვნების დიდი ქართული მოღვაწეობის შესახებ. ისტორიულად ცნობილია, რომ სელიმ ხიმშიაშვილი თავად ჩაბარდა ოსმალოებს, რათა თანასოფლელები ეხსნა აწიოკებისგან. ის შეიძლება ისტორიაში სელიმ თავდადებულის სახელითაც შევიდეს. სიკვდილით დასჯამდე მის მიერ წარმოთქმული სიტყვები :”მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი სამუდამოდ ოსმალოს არშერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ”. მხოლოდ დიდი რწმენისა და ძალის კაცს, დიდ პატრიოტს შეეძლო, ეს ეთქვა. ჩვენმა შთამომავლობამ უნდა იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, რომელთა სიცოცხლის ფასად მოაღწია დღემდე საქართველომ”,- განაცხადა „თეთრების” ლიდერმა.
თემურ შაშიაშვილის თქმით, მან ეროვნული გმირის საფლავზე, რამდენიმე სკოლის დირექტორისგან შეიტყო, რომ არც ერთ სასწავლო სახელმძღვანელოში სელიმ ხიმშიაშვილის გვარიც კი არ არის ნახსენები… „უფრო მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთი ხელისუფალი მის საფლავზე არ არის ნამყოფი. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ყოფილი პრეზიდენტი ხშირად სტუმრობდა ახლომახლო სოფლებში სასტუმრო-რესტორნებს, მაგრამ ერთხელაც არ მისულა ეროვნული გმირის საფლავზე პატივის მისაგებად. ადამიანურად განვიცდი, რომ საინფორმაციო სივრცეში გაცილებით მეტს საუბრობენ მათზე, ვინც ქვეყანას თავს ჭრის და დაივიწყეს პიროვნება, რომელმაც საქართველოსთვის თავი გაწირა”,- აღნიშნა შაშიაშვილმა.
„თეთრების” ლიდერი მიესალმება „ქართული ერთობის დარბაზის” კონგრესის ბათუმის სესიის გადაწყვეტილებას, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ნეშტი გადასვენებულ იქნას მთაწმინდაზე. ასევე აჭარის ძირძველი მოსახლეობის მოთხოვნას, ბათუმში დაიდგას ოსმალეთის იმპერიისაგან აჭარის გათავისუფლების და დედა-სამშობლოში დაბრუნებისათვის მებრძოლი გმირის მემორიალი. მისი თქმით, მარტო ერთ დღეში ხელისუფლებისადმი ამ მოთხოვნით პეტიციას 3 000 ზე მეტმა აჭარელმა მოაწერა ხელი.
„გასაკვირია, რომ საქმე პეტიციამდე მივიდა და არაერთი საქართველოში ამას ხსნის იმ საბაბით, თურქეთს არ ვაწყენინოთო, მაშინ როცა თვით თურქეთში ყოველწლიურად აღინიშნება ოსმალეთის იმპერიისაგან თურქეთის გათავისუფლების დღე. დარწმუნებული ვარ, 3000 მეტი ხელმოწერა, რომელიც სულ ერთი დღის განმავლობაში გაკეთდა ბათუმში, გახდება საფუძველი იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაძლიოს შიში და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აჭარის ძირძველ მოსახლეობაშია. საერთოდ ვისურვებდი, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი პატივისცემა იყოს აჭარის ძირძველი მოსახლეობისადმი და ნაკლები აღფრთოვანება აჭარაში საცხოვრებლად უცხოელ ჩამოსახლებულთა მიმართ”, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.
დღესვე, „ქართული ერთობის დარბაზის” წევრებმა ხიმშიაშვილების გვარის წარმომადგენლებს, სკოლის დირექტორს შაქრო ხიმშიაშვილს და მუზეუმის დირექტორს ელგუჯა ხიმშიაშვილს პატივდების სიგელები გადასცეს.
წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=67434



